არჩილ თალაკვაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას

არჩილ თალაკვაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას

ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მადლიერი ვართ მათი, ვინც ამ წლების განმავლობაში პატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივი ინტერესების სამართლიანი გათვალისწინებით გვერდით გვედგა - ჩვენც გვერდით ვედექით, როგორც ერთგული და თანასწორი მეგობრები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

„ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; ჩვენს მიერ მოგებული ისტორიული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოსა და ჰააგაში - ეს მხოლოდ ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული იმ პროგრესის, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ჩვენ ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ხალხის ისტორიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არა საჯარო სამსახურის და საჯარო მოხელეების დიდი შრომა და მონდომება - ამიტომ, მინდა დღეს ყველაზე მეტად, სწორედ თქვენ გითხრათ მადლობა - არავის აქვს უფლება რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგაბრალოთ! ამას არ მივიღებთ და ამას არც დავუშვებთ!

უკვე ყველასათვის ცხადია, რომ დემოკრატიული სისტემები, არჩევნები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის სამიზნე. ბოლო კვლევებით, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი სპეციალური დირექტივით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშავონ კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ - შექმნან გამჭვირვალობის რეესტრები. ამ სფეროში კანონმდებლობა უკვე აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ავსტრალიას. კანონზე მუშაობს კანადაც. გარე ჩარევის საფრთხეები ერთიორად მაღალია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკაში და მნიშვნელოვანი ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ქვეყანასაც ესაჭირეოება დაცვის ისეთივე მექანიზმები, როგორიც სხვა განვითარებულ დემოკრატიებს. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში, ვინ მონაწილეობს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც თითოეულს და მთელ საზოგადოებას ეხება. ვინ არიან ეს აქტორები და ვისგან ფინანსდებიან ისინი.

დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან, უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა და წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, დღემდე ვერ წარმოუდგენია მეგობრებო ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს თამოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ!

მინდა მივმართო ახალ თაობას ახლა: ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია, ოღონდ თქვენს ხარჯზე!

მაგრამ, ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მადლიერი ვართ მათი, ვინც ამ წლების განმავლობაში პატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივი ინტერესების სამართლიანი გათვალისწინებით გვერდით გვედგა - ჩვენც გვერდით ვედექით, როგორც ერთგული და თანასწორი მეგობრები. “ქართული ოცნება” თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი. დავიცავთ მშვიდობას, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ეკონომიკას და ბოლომდე მივიყვანთ რეფორმებს, რომელიც დავიწყეთ. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.