რატომ არ იკადრა გიორგი მარგველაშვილმა, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს აეროპორტში დახვედროდა? იმიტომ, რომ მან "ატმასკა" აუღო კოლეგებს. გაიხსენეთ, როცა ის თურქეთში ჩავიდა თავისი ამალით, ერთი ქალი (სოფო ჯაჯანაშვილი) თმებით ითრიეს ლიფტის წინ. აი, ამიტომ გაბრაზდა ჩვენი პრეზიდენტი და ამიტომაც გაგზავნა აეროპორტში აბდულა გიულის დასახვედრად თავისი ადმინისტრაციის უფროსი.
და მაინც, რისთვის ეწვივნენ თბილისს ასე დემონსტრაციულად თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რატომ "მოტეხეს" ქართული სამიტიდან სომხეთი? სოსო ცინცაძის თქმით, ეს იყო დემარში ვლადიმერ პუტინის საყურადღებოდ:
"გარდა ამისა, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან დაკავშირებულია ენერგეტიკით - ეს არის "შაჰდენიზი", ეს არის "სამხრეთის ნაკადი" და სხვა კომუნიკაციები, სატრანზიტო პოტენციალი და ასე შემდეგ. ეს შეხვედრები ინსპირირებული იყო პუტინის პოლიტიკის გამო. როგორც ვხედავთ, რუსეთი ეძებს ახალ ალტერნატივებს, აქ თურქეთისა და აზერბაიჯანის ადგილი სად იქნება? საქართველოც ამ ორი ქვეყნის პაკეტში განიხილება. დაუკვირდით, ამ შემთხვევაში ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანა საერთოდ იზოლირებულია, ეს არის სომხეთი. აშკარაა, აქ უკვე სომხეთი აღარავის სჭირდება, ეს ქვეყანა ვეღარ ჯდება ამ ახალ სიტუაციაში. წინა თვეში უნდა მოეწერათ სომხებს ხელი საბაჟო კავშირში შესვლის თაობაზე, მაგრამ გადადეს - არა, ჩვენ ჯერ პირობებზე გვაქვს მოლაპარაკებაო. მართალია, ხელმოწერა გადაიდო, მაგრამ ამ ქვეყნის მიმართ ნდობა აღარ არსებობს. არ შეიძლება, ერთი სახელმწიფო იყოს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეც და რუსეთისაც".