თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია

თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, - ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის მიზანი საქართველოს დასჯა იყო.

„ისევე, როგორც დასჯა იყო მიზანი თავის დროზე, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს. მაშინ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღემდე რომანტიკულად უსამართლო გადაწყვეტილებას ვეძახით. მაგრამ რეალურად ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება რაღაცის გამო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ დავისაჯოთ იმ ქცევებისთვის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის შეუფერებელი. არადა, შეუფერებელი ვერ იქნება ის, რომ შენ გინდოდეს, არ დაკარგო მეობა, არ წაშალო საკუთარ თავში ეროვნული მეხსიერება და არ მოარღვიო ის ტრიადა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ერი. ეს გახლავთ - მამული, ენა, სარწმუნოება. არ წაშალო ბევრი რამე, რის გარეშეც უბრალოდ, ქართველი ვეღარ იქნები”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციის ავტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

„რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. ისინი იყენებენ უფლებამოსილებებს და იღებენ რეზოლუციებს თუ რეკომენდაციებს, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები მათი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია,” - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ჩანს, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი ქართველი ერის დასჯას.

„რეზოლუცია რეზოლუციად რჩება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი იმ ევროპარლამენტში, რომელიც ცნობილია თანხების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღებით და თანხების სანაცვლოდ გარკვეული პოზიციების დაჭერით, მორიგჯერ დასაჯოს ქართველი ერი, რაც რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ჩვენთვის სტატუსის წართმევა”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.