კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, ანუ, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, ანუ, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.

„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ყველას უფლება არის დაცული.

„მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად სარწმუნოებისა, სქესის, ორიენტაციისა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება.