ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე: გუშინდელი აჟიოტაჟი აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი იყო. ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოში, უამრავი ქვეყანა მიმართავს მსგავს სამოტივაციო მექანიზმებს

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე: გუშინდელი აჟიოტაჟი აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი იყო. ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოში, უამრავი ქვეყანა მიმართავს მსგავს სამოტივაციო მექანიზმებს

აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც, რატომ იყო საჭირო ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა და მსგავსი ანტიკამპანიის აგორება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევაში გადასცემს ფონდი „ქართუ“ 30 მილიონ ლარს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები წარმატებით იასპარეზებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე და მოახერხებს ქვეჯგუფიდან გასვლას, ფონდი „ქართუ“, ერთჯერადად, გადაუხდის საქართველოს ნაკრებს 30 მილიონ ლარს, როგორც ჯილდოს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შემდგომშიც, ანუ, ჯგუფიდან გასვლის შემდეგაც მოხერხდა გამარჯვების მოპოვება და ჩვენი ფეხბურთელები მიაღწევენ ამ წარმატებასაც, ყოველ გამარჯვებაში ფონდი „ქართუ“ კიდევ დამატებით გადაიხდის 30 მილიონ ლარს.

გუშინდელი აჟიოტაჟი აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი იყო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოში, უამრავი ქვეყანა მიმართავს მსგავსი მოტივაციის მექანიზმებს. ამას თვითონ სახელმწიფოებიც კი აკეთებენ, არამცთუ კერძო ორგანიზაციები, როგორც ფონდი „ქართუა“. თვითონ სახელმწიფოც კი ზრუნავს ხშირ შემთხვევაში ამაზე და მსგავს მოტივაციას უჩენს თავის სპორტსმენებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც, რატომ იყო საჭირო ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა და მსგავსი ანტიკამპანიის აგორება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.