დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ტერიტორია 5 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ძაღლების გასასეირნებელი სივრცის მოწყობა. ჩატარდება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, ასევე გაკეთდება შადრევანი. სამუშაოების ღირებულება 1 644 444 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.