თავდაცვის სამინისტროს კომპეტენტური წყაროს ცნობით, გენერალ ივაშოვის მისია საქართველოში უშედეგოდ დასრულდა. რაკი ივაშოვი ძირითადად „ინფორმაციის შესაგროვებლად“ ჩამოვიდა თბილისში, ისიც კი არ არის ჯერჯერობით ცნობილი, რა ინფორმაციას წაიღებს იგი მოსკოვში, ანუ საერთოდ შედგება თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, მარშალ სერგეევის ვიზიტი საქართველოში.
იგორ სერგეევს საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებლად მიაჩნდა მხოლოდ იმ პირობით, თუ ივაშოვი და ნადიბაიძე წინასწარ შეთანხმებას მიაღწევდნენ სამხედრო ქონების გაყოფის თაობაზე გამართულ დისკუსიაში.
როგორც აღმოჩნდა, რუსული მხარე საერთოდ არ არის მზად ამ საკითხში რაიმე კომპრომისისათვის. საქართველო მოითხოვს 44 სამხედრო ობიექტის გადმოცემას. მათ შორის პოლიგონების, ყაზარმების, იარაღის საწყობების, სარემონტო საამქროების და ა.შ. ამჯერად საკუთრივ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა იმთავითვე ცხადია, რომ შესაძლო შეთანხმების საერთო კონტექსტში ეს საკითხიც იგულისხმება.
გენერალმა ივაშოვმა (რასაკვირველია, ელცინისა და სერგეევის დავალებით) საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა, რომლის არსი შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოიხატოს: ან საერთოდ მოითხოვეთ რუსეთის არმიის გაყვანა საქართველოდან, ან არადა, ჩვენ გვჭირდება თითქმის ყველაფერი, რაც ამჟამად გაგვაჩნია.
თანაც გენერალი ივაშოვი თავიდანვე გამორიცხავდა ჩვენი ქვეყნისათვის იმ ობიექტების გადმოცემას, რომელიც რუსულ არმიას სჭირდება. პირველივე შეხვედრისას მან განაცხადა, რომ საუბარი შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა გამოყენება რუსეთისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, ხოლო აუცილებლობის ხარისხს საკუთარი შეხედულებისამებრ თვით რუსეთი განსაზღვრავს.
ქართველ სამხედროებს საკითხის ამგვარად განხილვა არამართებულად მიაჩნიათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს - ივაშოვის პოზიცია შეუვალი იყო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ პირობებში უშედეგოდ დასრულდება მოლაპარაკება საქართველოსათვის ბრძოლისუნარიანი სამხედრო გემების გადმოცემის თაობაზე. ის ჯართი, რომელიც შემოგვთავაზეს, სრულიად უსარგებლოა და ჯართადაც ძნელად თუ გამოდგება, ვინაიდან „სასაქონლო სახე“ არ გააჩნია.
ვალენტინ ივაშოვმა მოინახულა ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში დისლოცირებული რუსული ნაწილები. ჯავახეთიდან დაბრუნების შემდეგ მან საყურადღებო განცხადება გააკეთა: ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ არასაკმარისადაა დაცული საჰაერო საზღვარიო (რასაკვირველია, თურქეთთან საზღვარი იგულისხმება). მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ქარაგმასთან უნდა გვქონდეს საქმე: ივაშოვს ალბათ იმის თქმა სურდა, რომ, თუ საქართველო მოითხოვს რუსეთის არმიის გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან, ეს არც ისე იოლი გასახორციელებელი იქნება, რადგან სომხური მოსახლეობა ამას აქტიურად შეეწინააღმდეგება; ახალქალაქში დისლოცირებული რუსული დივიზია კი თითქმის მთლიანად ადგილობრივი სომხური მოსახლეობითაა დაკომპლექტებული. ამავე დროს, ეს დივიზია ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთის სახმელეთო ჯარებში და სწორედ მან განაპირობა სომხური არმიის „განსაცვიფრებელი“ გამარჯვება ყარაბაღის ფრონტზე.
ერთადერთი, რასაც საქართველომ ჯარების გაყვანის მოთხოვნით შეიძლება მიაღწიოს, იქნება კავკასიაში დისლოცირებული რუსული ჯარების შტაბის გადატანა თბილისიდან - ერევანში და ვაზიანიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანა, რაც რუსეთისთვის არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ ნაწილობრივ შეასუსტებს მის პოზიციებს ამიერკავკასიაში.
სხვა საქმეა, თუკი საქართველო შეძლებს რუსული არმიის უპირობო გაყვანას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან და რუსი მესაზღვრეების მოშორებას საქართველო-თურქეთის საზღვრიდან. ზეწოლის სხვა ბერკეტი ილუზიაა.
მცირე შანსს გვიტოვებს ის გარემოება, რომ 1998 წელს ვადა გასდის „კოლექტიური უშიშროების შეთანხმებას დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის“, რასაც რუსეთი განიხილავდა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩანასახად პოსტსაბჭოურ სივრცეში.
პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო ადამიამ აკი განაცხადა კიდეც: „მე ძალიან გამიჭირდება კოლეგების დარწმუნება ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების აუცილებლობაში“.
მაშასადამე, ოფიციალური თბილისი უკვე ახლებურად ცდილობს ზეწოლას რუსეთზე, რათა აიძულოს იგი დათმოს შეიარაღების თუნდაც ნაწილი. აქედან კი, ბუნებრივია, შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ძალისმიერი მეთოდით ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უარყოფის უგუნურება ხელისუფლებამაც ირწმუნა.