გუშინ საქართველოს კვლავ ეწვია ლეგენდარული ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას იხუმრა კიდეც - ბოლო დროს საქართველოში უფრო ხშირად ვარ, ვიდრე ამერიკაშიო.
ჯორჯ სოროსი ზოგიერთებისთვის „ფინანსური სპეკულანტია“, სხვებისთვის კი გენიოსი. თუმცა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მით უმეტეს, რომ დასავლეთში „სპეკულაცია“ ნეგატიურად არასდროს აღიქმებოდა - სხვა საქმეა კორუფცია და სახელმწიფო სახსრების ძარცვა-გლეჯა.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯორჯ სოროსის რაღაცნაირ „ჰობიდ“ იქცა. ამაში ცუდი და შეურაცხმყოფელი არაფერია, ვინაიდან მილიარდერი კი არ ერთობა, გარკვეული პროცესების მოდელირებას ახდენს (რაკი პრეცედენტის შესაქმნელად სჭირდება) და გვარიან ფულსაც იხდის.
თუმცა, გარდა ანტიკორუფციული თემატიკისა, სოროსმა და შევარდნაძემ გუშინ დახურულ კარს მიღმა სხვა პრობლემებიც განიხილეს. საუბრის ამ ნაწილის შინაარსი არავინ იცის, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, კორუფციაზე არანაკლებ მნიშვნელოვან თემებს შეეხნენ. ეს თუნდაც იქედან ჩანს, რომ შეხვედრის პირველი ნაწილი ყველასათვის დაიხურა, თანაც სწორედ სოროსის თხოვნით. შემდეგ კი, როდესაც კორუფციაზე დაიწყეს ლაპარაკი, პრეზიდენტის სათათბირო დარბაზში შეუშვეს სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლები და ჟურნალისტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, აფიქსირებენ პრეზიდენტის შეხვედრებს.
იმავე წყაროთა ცნობით, მანამდე შევარდნაძემ და სოროსმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინისა და ჩეჩნეთის პრობლემებზე. სოროსი ვაშინგტონში „აღმოსავლეთის“ არანაკლებ - პატივსაცემ სპეციალისტად მიიჩნევა, ვიდრე ზბიგნევ ბჟეზინსკი, მით უმეტეს, რომ იგი წარმოშობით უნგრელია და 1956 წლის უნგრეთის აჯანყებას გაასწრო დასავლეთში, თორემ დღეს, მაქსიმუმ, კაფეს მეპატრონე თუ იქნებოდა ბუდაპეშტში.
სოროსის ვიზიტი და განსაკუთრებით მისი განცხადებები საქართველოს მხარდასაჭერად დასავლეთის კიდევ ერთი ნათელი და მკაფიო „სიგანლია“ (პარიზის კლუბის გადაწყვეტილებასთან ერთად). სოროსის სიტყვა დასავლეთში მილიარდები ღირს. თუ იგი იტყვის, რომ საქართველოში ებრძვიან (საქმით და არა სიტყვით) კორუფციას და ინვესტორები შეიძლება ენდონ ამ ქვეყანას - საქართველოში რამდენიმე ფართომაშსტაბიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, ხოლო „ფაინენშლ ტაიმსი“ და „უოლსტრიტ-ჯორნალი“ სოროსის შეფასებებს აცუილებლად გამოაქვეყნებენ.
სოროსის თქმით, იგი მზად არის სათანადოდ დააფინანსოს იმ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც „ანტიკორუფციული პროგრამის“ განსახორციელებლად შეიქმნება.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ საბჭოს გამოძიების ფუნქცია არ ექნება, მაგრამ მას მაინც შეეძლება მნიშვნელოვანი საკითხების აღძვრა-ინიცირება.
სოროსი უზრუნველყოფს საბჭოს ტექნიკურად და ფინანსურად. შეიძლება პირველ ხანებში სახელფასო ფონდიც მან შექმნას, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტს ძალიან უჭირს. გარდა ამისა, სოროსი მზად არის, მოიზიდოს სხვა დონორებიც - მას ასეთი შესაძლებლობები აქვს.
საკმარისია ითქვას, რომ წინა ვიზიტისას (6 თვის წინათ, როდესაც მხოლოდ იწყებოდა მუშაობა ძირითად პროგრამაზე) ჯორჯ სოროსს მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსანი ჩამოჰყვა, რომელიც თვალებში შესციცინებდა, თუმცა, მხოლოდ ანტიკორუფციული პროგრამით საქმე არ შემოიფარგლება.
სოროსი არც მალავს, რომ საქართველოში სხვა ინტერესებიც უჩნდება, მათ შორის, ფინანსური. ჯერ კიდევ 6 თვის წინათ, ნიუ-იორკში შევარდნაძესთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ „ფინანსებში პატარა სიდიდეები არ არსებობს“.
მან პირდაპირ ჰკითხა პრეზიდენტს „რა გჭირდებათ და რით შეიძლება დაგეხმაროთ“. აშკარად გულისხმობდა უფრო მეტს, ვიდრე „სოროსის ფონდის“ დახმარებაა. პასუხიც ნიშანდობლივია: მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ანუ შესაბამისი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის გამოყოფა, რომელიც წვრილ მეწარმეებს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისა და ეკონომიკის უმთავრეს კირითხუროებს, ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
ჯორჯ სოროსს აინტერესებდა, აგრეთვე „ნავთობსადენის“ პრობლემატიკა. მან დაადასტურა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით „დიდი ნავთობსადენის მშენებლობა“, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკვე გადაწყვეტილია, რასაც საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.