რა უნდა ახსოვდეთ ცოლის შერთვამდე ქართველ პოლიტიკოსებს

რა უნდა ახსოვდეთ ცოლის შერთვამდე ქართველ პოლიტიკოსებს

2009 წელი ერთი თვალშისაცემი ნოვაციით გავაცილეთ: ერთდროულად ორ სატელევიზიო არხზე („რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“) მეფისტოლა ხალხი გასართობი შოუს გმირების ამპლუაში გამოჩნდა: შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი გაახარა, დედაქალაქის მერმა (ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ) – „იმედისა“.

ამ მოვლენის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მექანიზმი მარტივია: იქ, სადაც გეცინება, აგრესია გიმცირდება ან საერთოდაც გიქრება.

იმის გარკვევას კი, თუ რა შორს მიმავალი მიზანი შეიძლება, ჰქონდეს პატიოსან გვამთა ადამიანურ როლში წარმოჩენას, ლევან ბერძენიშვილთან ერთად გავარკვევთ.

შემთხვევითია ამ ჩვენი ორი ჩინოვნიკის გაბრწყინება გასართობ შოუებში?

- ასეთი რამ არ შეიძლება, შემთხვევითი იყოს, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, მიღებული მმართველი პარტიის უმაღლეს დონეზე. მე არ მჯერა, რომ, თუნდაც, ვანო მერაბიშვილი გამოჩნდეს ტელეეკრანზე ისე, რომ ეს არ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა. სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც უყურებს ტელევიზორს, რომელიც წყვეტს, რომელ გადაცემაში რომელი წამყვანი იყოს ან არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, ეს არის ახალი ფიარგადაწყვეტილება. მახსოვს, კომუნისტებს ჰქონდათ გადაცემა: „სოციალიზმი ადამიანური სახით“ და, თქვენ იცით, ეს რითაც დამთავრდა. ასეთი რამ, საერთოდ, მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც რეჟიმი ბოლოსკენ მიდის. მართალი გითხრათ, მე, მაინცდამაინც, ადამიანურად არ მომეჩვენა არც ვანო მერაბიშვილი და, განსაკუთრებით, არც მისი ქვეშევრდომები, მაგრამ, არის ხალხი, რომლებზეც ეს გადაცემებია გათვლილი და ისინი ასეთ გადაცემებს დედის რძესავით შეირგებენ. თუმცა, ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი: შეიძლება, ვანოც „გაფუჭდეს“ გალიბერალდეს და ხალხის სიყვარული მოუნდეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. როგორც გითხარით, არის ხალხი, ვისზეც ეს იმოქმედებს, მაგრამ, არის ხალხი, ვისაც ეს გაცილებით მეტად გააღიზიანებს და, არიან ისეთებიც, რომლებიც დაინახავენ, რომ ჩვენი ხელისუფალი სუსტი ადამიანი ყოფილა. ჩემი აზრით, ყველაზე შესამჩნევი იყო ის მონური დამოკიდებულება, რომელიც როლში შესული მერაბიშვილისადმიც კი ჰქონდათ ცალკეულ მინისტრებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით გოგა ხაჩიძე, ის ვერაფრით შევიდა როლში, ვერაფრით უთხრა თანასწორი სიტყვა ვანოს და შესამჩნევი იყო ეს მისი პირმოთნეობა. ჩემი აზრით, ეს დიდ სიკეთეს არ მოიტანს, თუმცა, თქვენ სწორად შენიშნეთ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა.

რუსთავი 2-ზეიყო ვანო მერაბიშვილი, „იმედზე“ – გიგი უგულავა. ამ გადანაწილებას როგორ ხსნით?

- ჩემი აზრით, რეიტინგულ გადაცემა „შუა ქალაქს“, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიადგეს, იმიტომ რომ, ასეთ იუმორისტულ რამეებს ვუყურებთ, როგორც განყენებულს და, თუკი ეს პოლიტიკური გახდება, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩარლი ჩაპლინი არც ერთი არ არის და აღარ არის საინტერესო. მესმის, რომ მაღალრეიტინგულ გადაცემაში გამოჩენა კარგია გიგი უგულავასთვის, მაგრამ, არის თუ არა ეს კარგი გადაცემისთვის?! როდესაც ვიღაცის მხარეს იჭერ, ესე იგი, დანარჩენებს ეუბნები, ნუ მიყურებ, მიყურონ გიგი უგულავას მომხრეებმაო. ჩვენ არ გვჭირდება გასართობ გადაცემებში გიგი უგულავა, რადგან, გვინდა, რომ იმ გადაცემებს გული გადავაყოლოთ და, იქაც თუ უგულავა და სააკაშვილი დაგვხვდა, ეს, მართალი გითხრათ, ცოტა შემაშფოთებელია, მაგრამ, ისიცაა, რომ ტელევიზია ვერ გაუწევს ამას წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა, პროდიუსერი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ, აბა, პროდიუსერს რა შეუძლია?! ტელევიზიის ხელმძღვანელობაზე ვერაფერს გეტყვით, „იმედს“ ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომ ასეთი უმნიშვნელო ფიგურა საქართველოში მეორე არ არის, ამიტომ, გიგი უგულავას როცა უნდა, მაშინ გამოჩნდება, რადგან ამ ტელევიზიაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს. ვანო მერაბიშვილს ყველა ტელევიზიაზე აქვს გავლენა, მაგრამ ესეც არ ეყოთ და ახალი შექმნეს.

 „რეგიონულზეამბობთ?

- არა „რეალ თი ვიზე“, რომელზეც უკვე დისერტაცია დაიწერება, თუ რა შეიძლება მოიტანონ ტექნოლოგიებმა. მოჯაჰედინებს ტექნოლოგიებმა საშუალება მისცეს, ასის ფარგლებში ვერ ამრავლებდნენ და „სტინგერს“ მართავდნენ, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მისცეს საშუალება „რეალ თი ვის“ მესვეურებს, რომ ჰქონდეთ ტელევიზია და ეს, უბრალოდ, არის საოცრება. არანაირი კავშირი იმ ხალხს ტელევიზიასთან არ აქვს, მაგრამ გადაცემებიც კი აქვთ.

მეტიც, რამდენჯერმე საერთო მაუწყებლები დაესესხნენრეალ თი ვისმიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ კადრებს?

- ყველა ცდილობს: ქალაქის მერს აქვს ტელევიზია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ტელევიზია, მიხეილ სააკაშვილს აქვს ტელევიზიები, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილს. აღარ მინდა, უფრო შორს წავიდე, იმიტომ რომ, მგონი, ყველას აქვს ტელევიზია, „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა.

თქვენს პარტიას აქვსმაესტროსადაკავკასიაზემიწვევის პრობლემა თუ რას გულისხმობთ?

- ჩვენ არასდროს გვქონია ამ ტელევიზიებში მიწვევის პრობლემა. „კავკასიას“ რაც შეეხება: არასდროს მეპარებოდა მასში ეჭვი მიკერძოების თვალსაზრისით. თუმცა, ფაქტია, რომ ის ოპოზიციის მხარესაა და სააკაშვილის მხარეს არ არის, მაგრამ ოპოზიციის შიგნით ვერ ვხედავ იქ განსაკუთრებულ მიკერძოებას. პირიქით, აბრალებენ, რომ „რესპუბლიკელებისადმი“ აქვს მიკერძოება, რაც, ჩემი აზრით, არ არის მართალი. რაც შეეხება „მაესტროს“: შეიძლება, ახლო მომავალში იქ რაღაც განხორციელდეს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ გვქონია, თუმცა ცალკეული პრეტენზიები იყო სხვა პარტიებისგანაც. საერთოდ, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ტელევიზიების „დათრევის“ პრობლემა დგას: არის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უნდათ პოლიტიკური გავლენის მოპოვება ამა თუ იმ ტელევიზიაზე. ჩვენ ასეთი არც საშუალება გვაქვს, არც იდეა და ეს არც მიგვაჩნია მართებულ აზრად.

გასაგებია, რომ სხვადასხვა მოტივი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და დედაქალაქის მერის შოუებში გამოჩენას, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ეს ორი ფიგურაა ყველაზე ძლიერია სახელისუფლო კარზე?

- გიგი უგულავა რომ ერთადერთი კანდიდატია მერობისა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს მისთვის გამარჯვებაა, რადგან, იყო დრო, როდესაც ის არ განიხილებოდა, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი კანდიდატი. მას, მე ვიტყოდი, იმაზე მეტი რეიტინგი აქვს თბილისში, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“.

და, ეს არ არის საშიში მიხეილ სააკაშვილისთვის?

- ალბათ, სააკაშვილი ფიქრობს იმაზე, როდის და რა მომენტში შეიძლება, გახდეს საშიში გიგი უგულავა და, ამასთან დაკავშირებით, გავრცელდა მონაცემები, რომ, თურმე, ქართველ ხალხს მეტი საფიქრალი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ მესამეჯერ იხილოს სააკაშვილი პრეზიდენტად. მე კი ვამბობ: რატომ მესამედ? საერთოდ ნუ იქნება შეზღუდვა! თუ დემოკრატიაზე უარს ამბობ, რატომ უნდა თქვა უარი ნაწილობრივ?! თქვი ბოლომდე! ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასახმარებელ ქვეყნებს შორის საქართველო, ეგვიპტესთან და ისრაელთან ერთად, გამოირჩევა მთელ მსოფლიოში. ამაზე საქართველოში ნაკლებად ლაპარაკობს ხელისუფლება, იმიტომ რომ, მაინცდამაინც მომგებიანი თემა არ არის, მაგრამ დახმარება იმასაც ნიშნავს, რომ უკანსვლა არ უნდა იყოს, სამჯერ და ხუთჯერ არჩევა კი უკანსვლაა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილს, შეიძლება, დაეზაროს პუტინის ვარიანტების გათამაშება: გიგი უგულავა – პრეზიდენტი და თვითონ – პრემიერი; მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ საზოგადოებაში სააკაშვილის მესამედ არჩევა არ გავა, ისევე, როგორც ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის შვილს ვერ გადასცემს ხელისუფლებას. ის, რაც მოხდა სხვაგან, ალბათ, ვერ მოხდება საქართველოში. ედუარდ შევარდნაძეს აზრადაც არ მოსვლია, რომ პაატა შევარდნაძე გაემზადებინა მომავალ პრეზიდენტად. ის ეძებდა და ვერ პოულობდა საპრეზიდენტო კანდიდატს. საქართველო არც კუბაა და არც აზერბაიჯანი, ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უკეთესია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი წესები არ გავა: დემოკრატიის მეტი რეზერვი გვაქვს, თუმცა, აუმოქმედებელი. ამიტომ, მგონია, ეს მონაცემები იმისთვისაა, რომ გიგის არ გაუჩნდეს მეტი პრეტენზია. რაკი „აი რაი“ და „ენ დი აი“ მკვდრები არ არიან, ჩვენც გვეტყვიან, რა კვლევა ჩაატარეს, თუმცა წინასწარ გეუბნებით, რომ ეს ციფრები ტყუილია. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთაგან 60 პროცენტს მიაჩნდეს, რომ იგი მესამეჯერაც უნდა იყოს პრეზიდენტი და მეშვიდეჯერაც და, მე თუ მკითხავთ, დანარჩენი 40 პროცენტი დასაჭერია, იმიტომ რომ, თუ გინდა სააკაშვილი, არ უნდა გინდოდეს დემოკრატია.

რამ შეუწყო ხელი იმას, რომ გიგი უგულავა გამხდარიყონაცმოძრაობიდანმერობის ერთადერთი კანდიდატი?

- ჩემი აზრით, გიგი უგულავა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არ ჩამოყალიბდა, მაგრამ გიგი უგულავა, როგორც არჩევითი კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე, ჩამოყალიბდა, ანუ მას აქვს შესაბამისი ჰაბიტუსი და შეიძლება, იყოს მერი. ჰაბიტუსს დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში პოპულარული პირები ვერასდროს გახდებიან თბილისის მერები, თუ არ აქვთ შესაბამისი ჰაბიტუსი, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება ვერავინ, თუ არ აკმაყოფილებს რაღაც სტანდარტს გარეგნობის თვალსაზრისით.

ასეთი მიდგომა კიდევ რომელი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი?

- ეს არის საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და კიდევ რამდენიმე ქვეყნის თავისებურება და ეს არ არის დამოკიდებული დემოკრატიის ხარისხზე. საქართველოს შემთხვევაში ეს არის კომპლექსი. ამიტომ ჩვენ, მაგალითად, ლეხ კაჩინსკის, ანუ ტანმორჩილს, ჯერჯერობით ვერ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტად, ისევე, როგორც ასლან აბაშიძეს ვერ ავირჩევდით, ძალიანაც რომ შეგვყვარებოდა.

ანუ, რადგან ქვეყანა მცირე ზომის გვაქვს, პრეზიდენტი მაღალი უნდა გვყავდეს?

- სიმაღლით ჩვენი პრეზიდენტებიდან ყველაზე მაღალი სააკაშვილია, შემდეგ – გამსახურდია, შემდეგ – შევარდნაძე. მაგრამ სიმაღლე ერთი ელემენტია, არის სხვა ელემენტებიც. შეხედეთ სამივეს და მიხვდებით: სამივე აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, არც ერთი არ იყო...

კოჭლი და ბრუციანი?

-  ...ალენ დელონი და პრეტ პიტი, ანუ ჰოლივუდური სილამაზით არც ერთი არ ბრწყინავდა, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა შესამჩნევი ნაკლი, თუმცა, რომ შეგძულდება, არც ერთი აღარ მოგეწონება, მაგრამ სამივე აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს სტანდარტი კიდევ უფრო მაღალია და მათ პრეზიდენტებს თუ გავიხსენებთ, ეს მართლაც „ჰოლივუდური“ სილამაზეა და ზოგიერთი პირდაპირ „ჰოლივუდიდანაც“ იყო. ანუ ქალაქ თბილისის მერის შემთხვევაშიც აქვს გარეგნობას დიდი მნიშვნელობა. ხანდახან, როდესაც აუხსნელი რჩება რეიტინგი, ყველაფერთან ერთად უნდა შეხედოთ გარეგნობას. ქალებისთვის მნიშვნელობა აქვს სექსუალობას, მის პირველად ნიშნებს და მეორად ნიშნებს: ულვაში იქნება ეს თუ ხალი, გამოხედვა თუ ასე შემდეგ.

ირაკლი ალასანია ხალით ხომ არ შეარჩიეთ მერობის კანდიდატად?

- ალასანიას ნამდვილად მისაღები გარეგნობა აქვს, ის მოსწონთ და, არ არის დასამალი, რომ ამ თვალსაზრისითაც მოსწონთ, მაგრამ ის სულ სხვა ფენომენია, ის სრული ანტიპოდია სააკაშვილის: სააკაშვილი არის სწრაფი, ალასანია არის დინჯი; სააკაშვილი არის გიჟმაჟი, ალასანია – ჭკუადადგმული, სააკაშვილს ენა წინ გაურბის, ალასანია ძალიან ენამოვლილია და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ერთადერთი ელემენტი, სადაც თანასწორობაა, არის ის, რომ ისინი, ორივენი, კარგად ფლობენ უცხო ენებს.

მე ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ქალი ამომრჩევლების რიცხვს, რომლებიც სექსუალობის ნიშნით ხელმძღვანელობენ არჩევნებისას, მაგრამ, რაკი ქალებზე ვთქვით, კაც ამომრჩევლებსაც მამაკაცი კანდიდატების სექსუალობა ხიბლავთ თუ სხვა რამ?

- ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხმას მივცემდი კაჩინსკისაც, თუ ივარგებდა ჩემი ქვეყნისთვის და სხვასაც. მე, მაგალითად, მყავდა მეგობარი, რომელსაც იაპონელი მეგობარი ეწვია. იაპონელები ტანმორჩილები არიან, ჩემი მეგობარიც ტანმორჩილია. ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ, როგორც კი იაპონელი მეგობარი ეტყოდა, სურათები გადავიღოთო, ჩემი მეგობარი მოუყვანდა ყველაზე მაღალ ქართველს და ეუბნებოდა, ამასთან გადაიღე სურათიო, რომ იაპონიაში არ ეფიქრათ, ქართველებიც დაბლები არიანო. პირადად მე ამაზე არ ვინაღვლებდი, რამდენი სტუმარიც არ უნდა ჩამომივიდეს, არ გავიქცევი და არ მოვუყვან გამხდარს, რომ არ იფიქრონ, ქართველები მსუქნები არიანო. მაგრამ ხალხი ფიქრობს, პრეზიდენტი სადღაც გამოდის სიტყვით და, შესახედავად თუ არ ივარგა, ცუდიაო. ისედაც არ ვარგანან ჩვენი პრეზიდენტები და ასე მაინც ვარგოდნენო.

მე ის ვიკითხე, მამაკაც ამომრჩეველს რა ხიბლავს მერად და პრეზიდენტად ასარჩევ კანდიდატ მამაკაცში-მეთქი?

- გიგი უგულავას იმპოზანტურობას ყურადღებას აქცევენ, მათ შორის მამაკაცებიც. მე ამაზე მეცინება, მაგრამ ასეა. ერთი სიტყვით, არის სტანდარტი და ამ სტანდარტში უგულავა ჩაჯდა, თუმცა ის არ არის პოლიტიკოსი და, თურმე, ქალაქ თბილისის მერი უნდა გახდეს კაცი, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ითვლება, რომ ეს კარგია. ეს კარგია სააკაშვილისთვის, რადგან ის, ვინც არ არის პოლიტიკური ფიგურა, ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე ამის ცოტა არ მჯერა, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დედაქალაქი არის ყველაფერი. ანუ საქართველო არ არის გერმანია, სადაც დედაქალაქი არ არის ყველაფერი, თუმცა საფრანგეთში პარიზი ყველაფერია. რუსეთს ორი ქალაქი აქვს, საქართველოს – ერთი, საფრანგეთს – ერთი და გერმანიას – ოცი. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ქალაქის მერი პოლიტიკური ფიგურაა. ასე რომ, უნდა თუ არ უნდა, თუ გიგი უგულავა გახდა დედაქალაქის მერი, ის უნდა გახდეს პოლიტიკური ფიგურა. მონადირეებისა და მომღერლების დრო, ჩემი აზრით, პოლიტიკაში არც არასდროს იყო, მაგრამ ეს დრო საქართველოში უკვე დამთავრდა. პოლიტიკა არის პოლიტიკური პარტიების სამოღვაწეო ასპარეზი!

ვიცი, კორექტულად მიპასუხებთ, ამიტომაც გკითხავთ. მართალია, არავის პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები ამ ბოლო დროს, რატომღაც, მოდელებს მიეძალნენ. რით ხსნით ამას? ეს აკეთილშობილებს ახალქართველი ჩინოვნიკის იმიჯს?

- ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, გაიხსენეთ საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე. ეს არის მსოფლიო მოვლენა, რადგან პოლიტიკა არის გარკვეულად საჯარო ქმედება და მასში არის შოუს ელემენტები და, ბარემ ყველა ელემენტი იყოს, ბარემ პოლიტიკოსები იყვნენ ლამაზები და მოიყვანონ ლამაზი ცოლები. მე არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო.

არც მე, უბრალოდ, მაინტერესებს ამ ტენდენციის მიზეზი.

- სილამაზის წინააღმდეგ რატომ უნდა ამოვიღო ხმა?! მაგრამ, როდესაც უკვე გყავს ცოლი და, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თურმე, ეს ცოლი უნდა გაუშვა და ახალი მოიყვანო, ამის მომხრე არ ვარ. თუ პოლიტიკაზე ფიქრობ, სანამ ცოლს მოიყვან, მანამდეც უნდა გახსოვდეს, რომ ეს ქალი, შეიძლება, პირველი ლედი გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყოლია პირველი ქალბატონები: ულამაზესი ქალებიც, არც ისე ლამაზი ქალებიც და, ზოგიერთ შემთხვევაში, არც ისე ჭკვიანი ქალებიც. ვინც უნდათ, ის მოიყვანონ, მაგრამ, რად უნდა ლაპარაკი, მეუღლეებს რომ მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში მეუღლის ფენომენი გადამწყვეტი ხდება: მეუღლემ, შეიძლება, პრობლემებიც შექმნას, ან, პირიქით, დაეხმაროს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ეხმარება სამეგრელოში მისი მეუღლე, რომელმაც დაიწყო მეგრულის შესწავლა. ვიღაც არ წამოეგება ამ მარტივ სატყუარაზე, მაგრამ არიან სხვანაირებიც. არის ხალხი, ვისაც გარეგნულად მოსწონს პრეზიდენტის მეუღლე და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ჩვენს პირველ ლედიებს გავიხსენებთ, უნდა გითხრათ, რომ საქართველოს, ამ თვალსაზრისით, დიდი რეზერვი აქვს და ამიტომ ცოტა უკეთესი გვინდა. პრეზიდენტებით ხომ უკმაყოფილოები დავრჩით, მაგრამ მათი მეუღლეებით – მით უმეტეს, ოღონდ ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ტენდენციას: ეს გამოიკვეთა და, როგორ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს?! თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ კომიტეტში, რაც მე მახსოვს, ახალი ცოლის მოყვანა კი არა, ძველის დატოვებაც არ ყოფილა. რატომღაც ერთგულება მაღალ კრიტერიუმად ითვლება, მაგრამ ეს პიროვნული საკითხია.

რაკი ამ ნოტაზე გადავედით, ბათუმი ძალიან კლასიკურად შეახვედრეს ახალ წელს, თბილისი კი სექსუალურ ელემენტებს მიაძალეს. ასე გვაკლია და გვეტყობა?

- ძირითადად ბათუმს ვუყურებდი და თბილისში სექსი გამომეპარა. თუმცა ბათუმში შემაშფოთა ერთმა გარემოებამ: ღამით, სიცივეში ოპერის მომღერლები დეკოლტეთი იყვნენ. ჩვენთან კი არა, სამმა ტენორმა რომ იმღერა მარსის მოედანზე, ყველა უკმაყოფილო დარჩა, რადგან გაშლილ ადგილას არაფერი ისმის, ოპერა, ალბათ, მაინც დახურული სივრცის ადგილია. რად უნდა ლაპარაკი, გრანდიოზული და დიდი თანხები დაიხარჯა, მაგრამ ეს სანახაობა კარგია, როდესაც პურიც არის. რომაელებმა თქვეს – პური და სანახაობაო; ქართველებმა კი თქვეს – პური არა, სანახაობაო. ჩვენ გვინდა დასაქმება, რადგან ჩვენ არ შეგვპირებიან სანახაობას. სხვათა შორის, ასლან აბაშიძესაც უნდოდა კარერასის ჩამოყვანა, ოღონდ, მაშინ კარერასი კარერასობდა. ჩვენ არ გაგვიმართლა იმ ამბავში, რომ განსაკუთრებით ესპანელი მომღერლები გვერგო მაშინ, როდესაც მათ, ფაქტობრივად, შეწყვიტეს სიმღერა. თუმცა ჩვენ ამისი მადლიერიც ვართ: ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ჩამოვიდა და გააციეს კიდეც. მე ეს ზეიმი ვერ აღვიქვი ისეთად, რომ ძალიან უნდა გაგვხარებოდა, მით უმეტეს, რომ კარგად ვერ გავიგე, რატომ მოგვილოცა საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი ხუთი წუთით ადრე, რატომ გველაპარაკა მტრობაზე, რატომ არ დაგვლოცა და რატომ არ მოგვილოცა არავინ, როდესაც ახალი წელი დადგა?! მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ეს წელი კარგი წელი იქნება. ისეთ ჯურღმულში გამოვიარეთ, რომ 2010 წელი კარგი წელი უნდა იყოს.