სახელგანთქმული ქართველი ლოტბარი და კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძე წარმოშობით ბაღდათიდან იყო. მამამისი, ივანე კახიძე, მეღვინე გახლდათ და ბევრი მეგობარი ჰყავდა, როგორც თავის მშობლიურ ქალაქში, ასევე - ქუთაისშიც. საქართველოს ამ უაღრესად კოლორიტულ ქალაქში ადამიანები ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდნენ და პიროვნების დაფასება და პატივისცემაც ქუთაისური წესისა და რიგის მიხედვით ხდებოდა.
ერთხელაც უკვე სახელმოხვეჭილი ჯანსუღ კახიძე ბაღდათში ნათესავის "ტირილში" ჩავიდა. ძველი თაობის ხალხს უთუოდ ემახსოვრება, როგორი მარიფათი და ნაცნობობა სჭირდებოდა მაშინდელი 300-400-კაციანი ქელეხისთვის სამყოფი თევზეულის შოვნას. როგორც ცნობილ კაცს, ნათესავებმა ეს მისია ბატონ ჯანსუღს მიანდვეს და ქუთაისში გაგზავნეს ამ დავალების შესასრულებლად.
ჯანსუღი მივიდა საჭირო ადგილზე და დახვდა იქ, როგორც თავად იხსენებდა: "საოცრად მოწყენილი და სივრცეში მომზირალი გამგე." დაიწყო კომპოზიტორმა თავისი რეგალიების ჩამოთვლა, მაგრამ მასპინძელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა - ის გულგრილი სახით განაგრძობდა ყურებას სადღაც შორს. ესეც არ ჩერდება და აგრძელებს დამსახურებათა ჩამოთვლას. უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მასპინძელს სახე გაუნათდა და ეკითხება:
- შენ ვანიკოს ბიჭი არა ხარ?
- დიახ.
- მერე, რას ბოდიალობ, შე კაცო, ნინა, გაატანე ამას "ასატრინა"! - გასცა ბრძანება შუბლგახსნილმა გამგემ.