ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მის კომპეტენციაში არ შედის.
თუმცა მოსამართლემ რუსეთი კონფლიქტის მხარედ მოიხსენია, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, დადებითი ფაქტია.
2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერვენცია მოახდინა.
რუსული მხარე კი ამტკიცებდა, რომ საქმის განხილვა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა. ჰააგაში ქართულ დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი ხელმძღვანელობდა.