მამუკა მდინარაძე: დღეს გამომჟღავნდა, რომ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეთ, რომელ რეზოლუციას დაუჭირეთ იცით თქვენ მხარი - სადაც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული

მამუკა მდინარაძე: დღეს გამომჟღავნდა, რომ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეთ, რომელ რეზოლუციას დაუჭირეთ იცით თქვენ მხარი - სადაც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული

მოღალატეობრიობა, თაღლითობა, ყველა თქვენი ნიშა როგორ არის? კაცებს და ქალებს აუპატიურებდით და ამით ავითარებდით ბიზნესს, თქვენ სხვაზე როგორ ლაპარაკობთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

„ყველა მონაცემით დასტურდება პროგრესი, მაგრამ არ დასტურდება, რომ ყველა ბედნიერია, ყველა ემიგრანტი კარგად არის და ა.შ. თქვენ რაზე ლაპარაკობთ, რა პლაკატებს აფრიალებთ, რას ატყუებთ ამ ხალხს? დღეს გამომჟღავნდა, რომ საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას ევროპარლამენტში მხარი არ დაუჭირეთ. ბოლო მომენტში უთხრეს უარი და ჩააგდეს რეზოლუცია. და რომელ რეზოლუციას დაუჭირეთ იცით თქვენ მხარი? რეზოლუციას, სადაც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული და სადაც სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება. ეს ღალატი ჩაიდინეთ. მოღალატეობრიობა, თაღლითობა, ყველა თქვენი ნიშა როგორ არის? კაცებს და ქალებს აუპატიურებდით და ამით ავითარებდით ბიზნესს, თქვენ სხვაზე როგორ ლაპარაკობთ?!“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.