მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: თქვენს დროს იყო ელიტარული კორუფცია, 20-30 კაცი იდებდა ფულს ჯიბეში, ახლა ნაწილდება ხალხზე, რაც კი შესაძლებელია - თქვენ როგორ ლაპარაკობთ ფასებზე, თუ მართლა თაღლითები არ ხართ

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: თქვენს დროს იყო ელიტარული კორუფცია, 20-30 კაცი იდებდა ფულს ჯიბეში, ახლა ნაწილდება ხალხზე, რაც კი შესაძლებელია - თქვენ როგორ ლაპარაკობთ ფასებზე, თუ მართლა თაღლითები არ ხართ

თქვენ დროს იყო ელიტარული კორუფცია, 20-30 კაცი იდებდა ფულს ჯიბეში, ახლა ნაწილდება ხალხზე რაც კი შესაძლებელია, - ასე მიმართა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მდინარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა.

„ჩვენ გვყავს არა 800 000 არამედ, მილიონნახევარზე მეტი ემიგრანტი, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ნაწილი წელებზე ფეხს იდგამს და არჩენენ ოჯახებს. ჩემი დეიდაშვილი და ერთი უახლოეს მეგობარი, ემიგრაციაში არიან. მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, რადგან მილიონებს აშოვნინებდნენ და მერე იქიდან პარტიას დააფინანსებინებდნენ. „ნაცების“ დროს ჩემს პოზიციაზე მყოფი ადამიანის არც დეიდაშვილი მოხვდებოდა ემიგრაციაში და არც მეგობარი, სადღაც დაასაქმებდნენ, რაღაც ბიზნესს ჩააბარებდნენ, ვიღაცას წაართმევდნენ. ერთიც და მეორეც ვინც ახლა პირველი გამახსენდა, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები, ემიგრაციაში არიან. თაღლითობაა, რიცხვის - 800 000-ის მოტანა, ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. აიღეს რიცხვი გასვლის, არ აიღეს რიცხვი შემოსვლის. „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყანა დატოვა 221200 ადამიანით მეტმა, ვიდრე უკან დაბრუნდა, ხოლო „ნაცმოძრაობა“ რაც ხელისუფლებაში აღარ არის 2420 ადამიანით მეტია შემოსული, ვიდრე გასული. კარგი იქნებოდა, დადებითი სალდო მეტი რომ ყოფილიყო. ამიტომ თაღლითობთ და იტყუებით, ვიღაცა ეკა და მაყვალა მართლა იქნება და მართლა უჭირთ ვიღაცებს, დარწმუნებული ვარ. თქვენ უკიდურეს სიღარიბეში ამყოფეთ [ხალხი]. 34% იყო სიღარიბე რომ მოხვედით და 34% იყო 2011 წელსაც. ბოდიში ამ სიტყვის თქმა რომ მიწევს და ვიღაცები რომ გაძღნენ, ხალხსაც რაღაც მივუგდოთო და 4%-ით ჩამოიწია სიღარიბემ 2012-ში. 30% იყო სიღარიბე და ახლა არის 15%, რა თქმა უნდა ამ 15%-შიც ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ესეც აღმოვფხვრათ. თქვენ ფეხზე დაიკიდეთ სიღარიბე და გაჭირვება და ჩვენ დადებითი დინამიკა გვაქვს, სადაც განახევრდა სიღარიბე. თქვენს დროს, როდესაც ერთი ეკონომიკური კრიზისი იყო და 5-დღიანი ომი ქვეყანაში სადაც პუტინთან ერთად დანაშაული ჩაიდინეთ, იმ ფონზე როდესაც 2005-2007 წელი მსოფლიო ეკონომიკური ბუმი იყო, მაინც იყო საშუალ წლიური ინფლაცია 6.6, ხოლო ჩვენ დროს, როდესაც ორი ეკონომიკური კრიზისი იყო, ორი ომია რეგიონში, კოვიდპანდემია იყო თითქმის სამწლიანი, მაინც შევძელით, რომ 4.6%-ზე გავჩერებულიყავით. ამ პირობებშიც კი 2%-ით ნაკლები ინფლაცია გვქონდა და თქვენ როგორ ლაპარაკობთ ფასებზე, თუ თაღლითები არ ხართ. 4000 დოლარამდე ვერ აიყვანეთ მშპ ერთ სულ მოსახლეზე. დღევანდელი მოცემულობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ არის 8210 დოლარი. გაორმაგდა? - კი ბატონო. ნებისმიერი კოეფიციენტი რასაც თქვენ ახსენებთ, არის გაორმაგებული, ან გასამმაგებული პოზიტიურ ჭრილში და განაწილების პრინციპს რომელი კოეფიციენტიც ითვლის, იქაც გვაქვს ორჯერ გაუმჯობესებული სიტუაცია. თქვენ დროს იყო ელიტარული კორუფცია, იდებდა 20-30 კაცი ფულს ჯიბეში, ახლა ნაწილდება ხალხზე რაც კი შესაძლებელია.