(იბეჭდება შემოკლებით)
მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო... თუმცა, რატომ წარსულში? აწმყოში - მიშა სააკაშვილი, „დიდი რევოლუციონერი“, რომელიც ვერ იტანს უკანონო მშენებლობებს, პრინციპულად ებრძვის მათ და მთავრობის სხდომებზე თითის შვერით, ხმამაღალი განცხადებებით ითხოვს კორუფციით ნაშენი სახლების ნგრევას და თანხის საწყალი ხალხისთვის დარიგებას.
მაგრამ ვაი, რომ ახალი და კარგი სახლი თვით მიშამაც შეიძინა?
მტრები, ბატონო მიშა, მტრები!!! სად გაცლიან ფუფუნებაში ყოფნას!
ამიტომაც, შეუმჩნეველი არავის დარჩენია პრესტიჟულ ბარნოვის ქუჩაზე, რუსთაველის მეტროს უკან, მიშა სააკაშვილის გადმოსახლება და „ბოროტი“ ხმაც მაშინვე გავარდა, რა უკანონო მშენებლობებს დასდევს, თვითონ რომ მიშენებულში შესახლდა, ის როგორააო.
ორი თვის მანძილზე ამაოდ ვითხოვდით, ადამიანურად გადაგვეწყვიტა ეს საკითხი, თავად ეჩვენებინა ახლადნაყიდი სახლი ჩვენთვის და „სხვა მეთოდებით“ მუშაობა აღარ დაგვჭირდებოდა. მაგრამ ამაო ლოდინის შემდეგ, გაგონილს ნანახი სჯობიაო და - სააკაშვილებს სახლში მივადექით. ჩვენი პირველი ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა, სააკაშვილის ლედიმ დაუპატიჟებელი სტუმრობა დაგვიწუნა და შეხვედრა მომავლისთვის გადაგვიდო, რომელიც მოგვიანებით მეტად საინტერესოდ დასრულდა.
ძალიან გვაინტერესებდა, რას მალავდა ასე საგულდაგულოდ ბატონი მიხეილი და იძულებულნი გავხდით, მისი ახალი სახლის კანონიერების გადამოწმება შესაბამის სტრუქტურებში დაგვეწყო.
გავესაუბრეთ ბესო ჭიჭინაძეს, „არქმშენინსპექციის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს:
ბატონო ბესო, ბარნოვის ... ნომერ სახლზე მიშენება ნებადართულია თუ არა?
- მაგაზე ჩვენი სამსახური ვერ გაგცემთ პასუხს.
ვინ გაგვცემს პასუხს? ეს ინფორმაცია, წესით, თქვენთან უნდა ინახებოდეს.
- ამ მიშენების თაობაზე „არქმშენინსპექციაში“ არავითარი დოკუმენტი არ დევს.
გამოდის, მიშენება უკანონოა?
- ეს მიშენება კანონიერი რომ იყოს, ინფორმაცია ჩვენთან რასაკვირველია, უნდა ინახებოდეს, მაგრამ შემოწმებაზე გავაგზავნი ჩვენს ჯგუფს და ხვალ შემეხმიანეთ.
ჯგუფის გაგზავნით ბევრი ვერაფერი გაირკვა, გარდა იმისა, რომ „არქმშენინსპექციას“ მესამე თვალი აღმოაჩნდა და ბესო ჭიჭინაძემ „ალიასთან“ საბოლოო პოზიცია დააფიქსირა:
- ეს სახლი ძველი აშენებულია, მიშენებაც ძველია. ჩვენთან ეს ინფორმაციები მხოლოდ 1998 წლიდან ინახება. მანამდე რა იყო კანონიერად და რა არა, ეს ჩვენ არ გვეხება.
თუ დოკუმენტები არ არსებობს, რა იცით, რომ მიშენება 1998 წლამდე გაკეთდა?
- ეტყობა...
საიდან ეტყობა?
- საიდან - ვერ გეტყვით, მაგრამ ეტყობა.
მოდით, „ეტყობაზე“ რომ არ ვიმსჯელოთ, ტექბიუროსაც შევეხმიანოთ. სამწუხაროდ, მთაწმინდის რაიონის ტექბიუროს მესამე თვალი ნამდვილად არ აღმოაჩნდა, ისინი თავიანთ არქივს ენდობიან და ჩვენც ამ უტყუარი დოკუმენტების ნდობა გვირჩიეს. ორი თვალის იმედად ჩავიხედეთ ნუსხაში და ამ მისამართზე მიხეილ სააკაშვილის გვარი ვერ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, ვიპოვეთ ვინმე დავით ბერძენიშვილი, ვისგანაც სააკაშვილმა სახლი იყიდა. სართული, რომელზეც სააკაშვილი ცხოვრობს, კანონიერად არის თუ არა მიშენებული, ამაზე არც ტექბიურომ იცის.
ლევან მიქელაძე, მთაწმინდის რაიონის განყოფილების უფროსი:
- ეს სახლი ორმოც წლამდეა აშენებული, ჩვენი მხრიდან სადაო ის კი არ არის, მიშენება ნებადართულია თუ არა... აი, ნახეთ, არსად არ არის დაფიქსირებული მიშა სააკაშვილი, მიწერია - დათო ბერძენიშვილი. არადა, მეუბნებით, სააკაშვილმა იყიდა ეს სახლიო. ახლა ბერძენიშვილი რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას, საცხოვრებელი სახლის ცნობა დავკარგე და მომეციო, უნდა ავდგე და მივცე. იმიტომ, რომ ჩემთან ამ მისამართზე ჯერ კიდევ ის წერია. ეს მიწის მართვის დეპარტამენტის ბრალია. ადგა და ყველა უფლება წაგვართვა, ჩვენთან დარჩა ნახაზები და ძველი გვარები.
მოკლედ ის სართული, რომელზეც მიშა სააკაშვილი ცხოვრობს, უკანონო მშენებლობაში შედის თუ არა, ამაზე ინფორმაცია არც ერთ კომპეტენტურ სამსახურს არ აქვს.
ცნობისთვის: სააკაშვილი სანამ ბარნოვზე გადასახლდებოდა, ახალშენის ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მას ერთი ამბავიც შეემთხვა.
ერთ-ერთ სამშენებლო ფირმას, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს მრავალსართულიან სახლს აშენებდა, სააკაშვილმა ბინაში რემონტი სრულიად უფასოდ გააკეთებინა.
საქმე ის იყო, რომ მეზობლად მშენებარე სახლის წყალობით, მიშას და მისი კარის მეზობელის ბინაში მზე და ჰაერი ძალიან შეზღუდულად აღწევდა. სააკაშვილის ამბავი ყველას მოეხსენება,მეზობელიც დამოძღვრა და ამ სამშენებლო ფირმის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ერთდროულად შეიტანეს. სასამართლომ მხარეებს მოლაპარაკების უფლება მისცა. ილაპარაკეს მიშამ, მეზობელმა, სამშენებლო ფირმამ და გადაწყდა, რომ ფირმა მზის და ჰაერის შეზღუდვის კომპენსირებისთვის მათ ბინების რემონტს გაუკეთებდა. თუმცა ეს იგივე ფირმაა (და პერიოდიც იგივეა), რომელმაც სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას ციხის ყბადაღებული მშენებლობის ტენდერი მოიგო. სააკაშვილის დასაცავად ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტენდერზე, ამ ფირმის გარდა, სხვა განაცხადი არც შესულა. კონტროლის პალატა კი ამ ციხის მშენებლობას მაქინაციებთან კავშირში მოიხსენიებდა. მეზობლებს მიშასი ნამდვილად გაუმართლათ, მაგრამ ვაი, ვაი, რომ რემონტი დაძველდა, მიშას კი მზის სხივები ძალიან მოენატრა. ჰოდა, ეს უმზეო და უჰაერო სახლი ვიღაცას მიჰყიდა.
მიშა სააკაშვილის ახალი სახლი ბარნოვის ქუჩაზე მისი მეუღლის, სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელზეა გაფორმებული. 2002 წლის 6 ნოემბერს სანდრა რულოვსსა და დავით ბერძენიშვილს შორის (ეს მისი თანაპარტიელი ბერძენიშვილი არ გეგონოთ) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც ჩაიწერა: „საცხოვრებელი ფართი 80 კვ. მ. გადაეცა ახალ მფლობელს.“ ელექტროენერგიის აკუმულატორი, უწყვეტი კვების სისტემა (უპს), გათბობის სისტემა დიზელის ავზებით, 100-ლიტრიანი ტევადობის თერმექსის ტიპის წყლის გამათბობელი, სამზარეულოში დამონტაჟებული ავეჯი, ელექტროღუმელი - ეს ყველაფერი, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, 45 000 დოლარად შეფასდა. ალბათ, გაფორმდა, თორემ უძრავი ქონების სპეციალისტები ასეთ სახლს გაცილებით დიდ თანხად აფასებენ. როდესაც მშრალ ხიდზე მაკლერებს ბინის მდებარეობა და პრივილეგიები ავუხსენით, გვიპასუხეს რომ ასეთ სახლს სადღაც 45 ათასის ფარგლებში ნამდვილად ვერ გვაყიდინებდნენ.
ვიღაცას „უტაქტო“ შეკითხვა გაუჩნდება, საიდან ჰქონდა ამდენი ფულიო? ბატონი მიშაც უპასუხებს, ახალშენის ქუჩაზე სახლი 59 500 დოლარად გავყიდეო - 2002 წლის 13 სექტემბერს ვინმე მამუკა ჯიჯივაძეს მიჰყიდა. ახალშენზე სახლის ფართობი 62 კვ. მ. იყო.
შედარებისთვის: სააკაშვილმა ახალშენის ქუჩაზე სახლი გაცილებით ძვირად გაყიდა, ვიდრე ბარნოვის ქუჩაზე იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული სახლის ფართობი გაცილებით ნაკლებია და არც ის საყოფაცხოვრებო ნივთები ახლდა თან, რომელიც ბარნოვზე ნაყიდ სახლს ამშვენებდა. რომელი ადგილი უფრო პრესტიჟულია? სპეციალისტების აზრით, ბარნოვის ქუჩაზე სახლი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ახალშენის ქუჩაზე. მაშინ როგორ მოხდა, რომ სააკაშვილმა ძველი სახლი გაცილებით ძვირად გაყიდა და ახალი სახლი პირიქით, გაცილებით ნაკლებ ფასში შეიძინა? შემთხვევით, ყველაფერი ასე საგადასახადოში და დეკლარაციაში მარტივად გამოსაძრომად და პროლეტარად გამოსაჩენად ხომ არ გაფორმდა?
ეს შეკითხვა საჯარო რეესტრში ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამდებობის პირსაც დავუსვით, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ დაგვეფიქსირებინა, იმიტომ რომ დანამდვილებით ვერ გვპასუხობს, თუმცა, ვარაუდს გამოთქვამს.
- არ გამოვრიცხავ, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ნაკლები თანხა დააფიქსირეს, ვიდრე გადაიხადეს.
რაც რაში დასჭირდათ?
- საგადასახადოს პროცენტები დაუმალეს და კიდევ - მიშა სააკაშვილი თანამდებობის პირია, ძალიან დიდი ამბიციები აქვს, კუდს არ დაიტოვებს. ხომ შეიძლებოდა, ვიღაცას შეკითხვა გასჩენოდა, საიდან აქვს ამდენი ფული, სხვებს ჯიბეში რომ უთვლის ფულსო.
ამ ყველაფრის გარკვევა თავად სააკაშვილთან ვცადეთ. მიშამ ეს საქმე თავის მეუღლეს, სანდრას გადააბარა, სანდრამ თავის მხრივ - მიშას. ცოლ-ქმარი კატა-თაგვობანას თამაშის აზარტში შევიდა, ოღონდ დაავიწყდათ, ვის ეთამაშებოდნენ. მოკლედ, როგორღაც მიხვდნენ, რომ მათ ტყუილს ვადა გაუვიდა და ბოლოს გამოგვიტყდნენ, რომ სახლს შიგნიდან არ გადაგვაღებინებდნენ.
სადარბაზოსთან მიშა სააკაშვილის დაცვა დაგვხვდა, რომელმაც გზა „გაგვიკვლია“ და სახლში შეგვიყვანა. დაცვის აგრესიის შემჩნევას არც მახვილი თვალი სჭირდებოდა და არც დიდი ალღო.
რატომ არ შეიძლება სახლის შიგნიდან გადაღება?
- არ შეიძლება და იმიტომ! - სანდრას ნაცვლად პასუხობს დაცვის უფროსი.
თქვენ ვინ ხართ, სხვის მაგივრად პასუხებს რომ იძლევით?
- ოჯახის ახლობელი... (ცოტა დაიბნა)
მაგრამ არა ოჯახის წევრი!
- სანდრა არ არის წინააღმდეგი, სახლი რომ გადაიღოთ, მე ვარ წინააღმდეგი.
და თქვენ ვინ ხართ?
- მიშა სააკაშვილის დაცვის უფროსი, გოგი თავთუხაშვილი.
აქ სანდრამ მშვიდობის მანდილი ჩააგდო და გვთხოვა, მის ოჯახში ასეთი საუბარი არ გაგვეგრძელებინა.
- მე მკითხეთ, რაც გაინტერესებთ.
ახალშენის ქუჩაზე ბინა რამდენად გაყიდეთ და ბარნოვის ქუჩაზე რამდენად იყიდეთ?
- ახალშენის ქუჩაზე 60 000 დოლარად გავყიდეთ და ეს 45 000 დოლარად ვიყიდეთ.
ზუსტ ციფრს მისახელებთ თუ დაახლოებით?
- არა, ზუსტს გისახელებთ.
იქნებ გეშლებათ?
- არა, არ მეშლება.
და რომელი უფრო დიდია?
- ის, მაგრამ ბარნოვზე მინდოდა გადმოსვლა.
სააკაშვილის სახლს ცალკე ეზო არ აქვს. პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო, ბიბლიოთეკა და ორი საძინებელია განლაგებული. აბაზანა ორთავ სართულზეა, მეორე სართულს შიდა კიბე აერთიანებს. ამ სართულზე მისაღები ოთახია, რასაც ქალბატონი სანდრა სვანურ კუთხეს უწოდებს, აქვეა განლაგებული სანდრას მშობლების საძინებელი და მისი სამუშაო კაბინეტი. სააკაშვილებს სარდაფიც აქვთ. სახლის რემონტი, როგორც გვითხრეს, სააკაშვილებს გაუკეთებიათ. მოკლედ, ეს ყველაფერი თავის გათბობიან-დენიან-ცხელი წყლიანად და თურმე - 45 ათას დოლარად. სხვათა შორის, ჩვენც არც იმ ზღაპრის გვჯერა, რომ ორსართულიანი, 7 ოთახიანი ბინა მხოლოდ 80 კვადრატული მეტრია. შეგახსენებთ, რომ სტანდარტული სამოთახიანი მაქსიმუმ 70 - 120 კვ. მ-ია.
ბოლოს სააკაშვილის დაცვამ ნება დაგვრთო, სახლი მხოლოდ გარედან გადაგვეღო. გაგვეცინა, რადგან ამ ნებართვის გარეშე სახლი გარედან ზუსტად ორჯერ სხვადასხვა დღეებში ისე გადავიღეთ, რომ დაცვის „ბრწყინვალებამ“ ვერც კი შენიშნა.