ძალიან მტკივნეულია ქართველი ერისთვის ის, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ ამ ქვეყნის მართვაში ტერორისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის, კერძო საკუთრებისა და ძირითადი ღირებულებების დარღვევის კუთხით, დღეს ვიხილოთ უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლებად, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა საქართველოს მთავრობის სახელით, შემდეგ პრემიერმა დეტალური ახსნა-განმარტება გააკეთა, თუ რატომ გაკეთდა ეს განცხადებები როგორც ევროკავშირის, ასევე უკრაინის მიმართ. წელიწად-ნახევარზე მეტია ომი მიმდინარეობს უკრაინაში და საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება უკრაინელი ხალხის, უკრაინული სახელმწიფოსი. ამ ფონზე ჩვენს ელჩს, რომელსაც დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია კიევი, ქვეყანა დაატოვებინეს, გაკეთდა უკრაინის მხრიდან არაერთი განცხადება, რაც მტკივნეულია ჩვენთვის, როგორც ერისთვის. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა და ახლაც ვცდილობთ შევინარჩუნოთ დიპლომატიური ტონი და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე ომში. ასევე, ძალიან მტკივნეულია ქართველი ერისთვის ის, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ ამ [საქართველოს] ქვეყნის მართვაში ტერორისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის, კერძო საკუთრებისა და ძირითადი ღირებულებების დარღვევის კუთხით, დღეს ვიხილოთ უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლებად მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებში. ეს პირველ რიგში არის მტკივნეული ერისთვის და საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება, რეაგირება არ მოგვეხდინა იმის ფონზე, რომ საქართველო დღემდე აგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მიმართ. უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდამჭერი ყველა რეზოლუციის მხარდამჭერები ვართ, რომელთა ჯამური რაოდენობა 600-ზე მეტია. მხარდაჭერა იქნება მუდმივი და უწყვეტი. არაფერი უფრო მეტად შეიძლება არ აზიანებდეს ამ ქვეყნის [საქართველოს] რწმენას ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, როგორც ის, რასაც ვხედავთ [ადეიშვილის ვიზიტები]“, - აღნიშნა ბითაძემ.
საქართველოს მთავრობამ გამოხატა შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა.