ირაკლი ზარქუა: ადეიშვილისნაირები ევროპაში ოფიციალურ შეხვედრებში როცა მონაწილეობენ, გაგვიჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა

ირაკლი ზარქუა: ადეიშვილისნაირები ევროპაში ოფიციალურ შეხვედრებში როცა მონაწილეობენ, გაგვიჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა

ადეიშვილისნაირები ევროპაში თავისუფლად როცა მოძრაობენ, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ, გაგვიჭირდება, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მომავალში მსგავს ღონისძიებას, სადაც საქართველოში ძებნილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს.

„მყისიერი, სამართლიანი რეაგირება გვქონდა უკრაინის დელეგაციის ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, ბრიუსელში და სადაც საქართველოს მიერ ძებნილი, არაერთ დანაშაულში მხილებული ადეიშვილი მონაწილეობდა. ეს მიდგომები არ ამკობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე და ცალსახად დასაგმობი იყო. მომავალში მსგავს ღონისძიებას, სადაც საქართველოში ძებნილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, არ უნდა მიეცეს გასაქანი და არ უნდა იყოს მხარდაჭერილი. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს პარტნიორს და ვუთხრათ, რომ ადეიშვილისნაირები თავისუფლად როცა მოძრაობენ ევროპაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ, ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად ვერ ავუხსნით, გაგვიჭირდება, ავუხსნათ, რომ ევროკავშირი არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ჩამკეტი ამ არასწორი პოლიტიკის და ყველამ პატივი ვცეთ საქართველოს კანონმდებლობას, მართლმსაჯულებას, ქართველი ხალხის ნებას. არაერთხელ მიგვიმართავს უკრაინული მხარისთვის, სადაც თავს აფარებენ ეს კრიმინალები, გადმოეცათ ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან და, რიგ შემთხვევებში, დადასტურებულია, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ქვეყნის, ქართველი ხალხის წინაშე. არის მიმდინარე თემებიც, რომლებიც განხილვას ექვემდებარება და სასამართლოები ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.