მამუკა მდინარაძე: რატომ მოუწია ხაბეიშვილს ჩამოფასებულ, ე.წ. ყვითელ სექციაში სირბილი? როზნერის დავალება რომ შეესრულებინა

მამუკა მდინარაძე: რატომ მოუწია ხაბეიშვილს ჩამოფასებულ, ე.წ. ყვითელ სექციაში სირბილი? როზნერის დავალება რომ შეესრულებინა

რატომ მოუწია ხაბეიშვილს, რომ „კლოუნობდა“ იქ როზნერის დავალებით, ჩამოფასებულ, ე.წ. ყვითელ სექციაში, ყვითელი პარკებით სირბილი? შემთხვევითი იყო? გადავიდა, რაღაც ვერ ნახა უფრო იაფი, ნახა კარაქი, ნახა შაქარი, როგორც ჩანს, ნახა ჩვეულებრივი ფასები, რაც არ იყო უფრო იაფი და მერე მოუწია „ყვითელ სექციაში“ სირბილი, როზნერის დავალება რომ შეესრულებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„კონკრეტულ ქალაქში კონკრეტული დასახელება შეიძლება რაღაცაზე უფრო ძვირი იყოს. ინფლაცია რომ იყო პრობლემა და როგორც იქნა დავასტაბილურეთ, ეს არ იყო მარტივი ამბავი. IMF-ი, მსოფლიო ბანკი და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი როცა ამბობენ, რომ სიღარიბე განახევრდა - ამას ვენდობი, ერთად რომ ლაპარაკობენ, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა - ამას ვენდობი. ფასი ყველა ქვეყანაში იზრდება, გააჩნია როგორ დაასტაბილურებ. თუ არ ვცდები, წინა წლებში მხოლოდ იაპონიასა და ჩინეთს ჰქონდათ რაღაც მომენტში დეფლაცია, ყველა ქვეყანაში იყო ინფლაცია. ახლა ამ ლგბტ პროპაგანდის კვალდაკვალ და პარალელურად დაძრეს ეს თემა - როცა ინფლაცია 2 პროცენტია, მაშინ რომ ახსენდებათ, და არ გაახსენდათ მაშინ, როცა იყო 15 პროცენტი, ეს ხომ მიუთითებს იმაზე, რომ არ აინტერესებთ არც კვლევა, არც ფასები და არც შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობა. მათ აინტერესებთ პიარი და ხალხის ტვინის არევა. ყველას ოჯახები გვყავს, ყველას ოჯახის წევრები სადღაც რაღაცას ყიდულობენ. ჩემი ოჯახის წევრიც მოსულა და უთქვამს, რომ ეს რაღაც პროდუქტი ძალიან არის გაძვირებული. ეს ცუდია, კარგი კი არაა, მაგრამ ამას როდის და რანაირად წარმოუჩენენ საზოგადოებას, ამაში არის სპეკულაცია“, - აღნიშნა მდინარაძემ.