ამირან სალუქვაძე: თუ საქმე იქამდე მივა, რომ საფრანგეთის ჯარი უშუალოდ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში, ყველაზე დიდი საშიშროება იქნება ის, თუ როგორ უპასუხებს ამას რუსეთი

ამირან სალუქვაძე: თუ საქმე იქამდე მივა, რომ საფრანგეთის ჯარი უშუალოდ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში, ყველაზე დიდი საშიშროება იქნება ის, თუ როგორ უპასუხებს ამას რუსეთი

ამირან სალუქვაძის თქმით, საუბრები ნატოს ჯარების ომში ჩართვაზე კარგის მაჩვენებელი არ არის. ამ თემაზე სამხედრო ექსპერტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიდის „პროქსი-დაპირისპირება“.

„ვფიქრობ, რომც გაგზავნონ ჯარები მაინც უარყოფის რეჟიმში გააგრძელებენ. ახალი არაფერი ხდება. თუ გადავხედავთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ომებს, „პროქსი დაპირისპირება“ იყო ყველა ომი, რასაც კი ვიხსენებ - ვიეტნამი, კორეა, ახლო აღმოსავლეთი. სადაც კი ასეთი ლოკალური ომები ყოფილა, ერთ მხარეს იყო საბჭოთა კავშირი, მეორე მხარეს იყო ნატო, ან რაღაც კოალიცია, ან ამერიკის შეერთებული შტატები. ომობდნენ სხვა ტერიტორიაზე. აქ არის „პროქსი დაპირისპირება“ უკრაინის ტერიტორიაზე“ , - ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, უკრაინას, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს იმის უფლება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შეიყვანოს ჯარები. ერთ-ერთ ვარიანტად ექსპერტი საფრანგეთის ჯარის შეყვანას განიხილავს, რომელიც შესაძლოა ბელარუსთან საზღვარზე განთავსდეს, რაც აღმოსავლეთის ფრონტისთვის ათასობით ჯარისკაცს გამოათავისუფლებს. მისივე თქმით, ეს სერიოზულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება ფერხდება.

„თუ მივიდა იქამდე, რომ საფრანგეთის ჯარი უშუალოდ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში, მაშინ სერიოზული კონტინგენტის გაგზავნა მოუწევს საფრანგეთს. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება იქნება ის თუ როგორ უპასუხებს ამას რუსეთი. უპასუხებს თუ არა საფრანგეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე შეტევით? - მიიჩნევს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, საფრანგეთის ჯარის განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთი უტევს რუსეთს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. მაგრამ თუ რუსეთი მიიტანს დარტყმებს ობიექტებზე საფრანგეთში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება.

„რუსეთი ვერ შეძლებს მთელი ნატოს წინააღმდეგ ომს. არაბირთვულ ომში რუსეთი წაგებულია. და აქ უკვე გაჩნდება ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება“, - ამბობს სალუქვაძე.