სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარებაზე და მისი მიწოდების სირთულეებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვითარება საბრძოლო უზრუნველყოფის მხრივ უარესდება.
„ამას ემატება ამერიკის კონგრესში „გაჭედილი“ 60-მილიარდიანი დახმარება, რომელიც არასაკმარისია. წინა წლებში გაცილებით მეტი ფინანსური დახმარება მიეწოდებოდა უკრაინას. წელს თანხა შემცირებულია, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ფასებია კატასტროფულად გაზრდილი. ომის დაწყებიდან ჭურვებზე ფასები 5-ჯერ, 6-ჯერ არის გაზრდილი. ბაზრის კანონია - მოთხოვნა იზრდება, იზრდება ფასები. ამასთან ერთად გაზრდილია წარმოების ხარჯები. 2 წლის წინ ერთი 155-მილიმეტრიანი ჭურვი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ღირდა 700-დან 1000 ევრომდე. დღეს ფასი მერყეობის 5 000 ევროდან 8 ათას ევრომდე. ახლა წარმოიდგინეთ, ეს 60 მილიარდი და თანხები, რომლებსაც ევროპა გამოყოფს, ამ ფასების პირობებში რამდენად შემცირებულია მატერიალური კუთხით“, - განმარტავს სალუქვაძე.