პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა, თუ ამბობს, ბარემ თქვას 50, 60, 70, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.
„პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა. თუ ამბობს, ბარემ თქვას 50, 60, 70 პროცენტი. 40 პროცენტი რატომ უნდა თქვას? ოთხი ნომრის ირგვლივ გაერთიანება აღსანიშნავი ამბავია, სინამდვილეში, ისინი ყველანი 5 ნომერს წარმოადგენენ, ოღონდ სხვადასხვა პარტიაში გადაბარგებულ-გადმობარგებულები. შესაკრებთა გადანაცვლებით აქ ჯამი ნამდვილად არ იცვლება. ეს ის შემთხვევაა, როცა ხუთიანი არის მძიმე დაღი ყველა მათგანისათვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდებიან და არჩევნებზე 10 პროცენტს აიღებენ, ეს ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს.