საეჭვო სიჩუმე არის ოპოზიციის მხარეს. ამ საკითხს ან არიდებენ თავს, ან სურთ, რაღაცნაირად გააუბრალოონ ის. ისინი ემალებიან საზოგადოებას. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. შემდეგ ისინი გავლენ წინასაარჩევნოდ სოფლებსა და ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო მიიღებენ პასუხს, ვინაიდან ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„სინამდვილეში, საქმე სახუმაროდ სულაც არაა. ვერავინ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა იმის თქმა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერს უწევს ამაზე საუბარი. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ეს გადმოედინება ხოლმე საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქედანვე ცხადი იყოს, როგორია ქართული საზოგადოების პოზიცია. ჩვენ აბსოლუტურად ღია დისკუსია შევთავაზეთ ყველას, იქნება ეს ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები. ვხედავთ, რომ ისინი ემალებიან საზოგადოებას. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. შემდეგ ისინი გავლენ წინასაარჩევნოდ სოფლებსა და ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო მიიღებენ პასუხს, ვინაიდან ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას.
რაც შეეხება NGO-სექტორს, გასაკვირი ბევრი არაფერია. ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯარო ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი, სწორედ იმ არგუმენტაციით, რომ უნდა იყოს დაშვებული მათ შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესაძლებლობა. დღეს NGO-სექტორი ჩუმად არის. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დგას. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ და პრემიერების დონეზე უწევთ განცხადებების გაკეთება. დრო არის, ღია არის სივრცე მსჯელობისთვის, როგორ ჩამოყალიბდეს ის, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები იმ მხრივ, რომ ის დაცული იყოს მანკიერი პროპაგანდისგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.