თენგიზ შარმანაშვილი: არასამთავრობოები და ოპოზიცია აქტიურად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა

თენგიზ შარმანაშვილი: არასამთავრობოები და ოპოზიცია აქტიურად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია აქტიურად უჭერდნენ მხარს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მოთხოვნა, სახელმწიფოს დაეშვა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის პროცესი.

„არასამთავრობო ორგანიზაციები არც კი მალავდნენ, რის გაკეთებას აპირებდნენ. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს, რომ ქორწინებაზე ჩანაწერი არ ყოფილიყო კონსტიტუციაში. თუ მაინც და მაინც ეს ჩანაწერი იქნებოდა, იქვე ყოფილიყო ჩანაწერი, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად დაშვებული ყოფილიყო სამოქალაქო პარტნიორობა. ამას ამართლებდნენ რაღაც აბსურდული თემით, რომ თითქოს საქართველოს კანონმდებლობა ისედაც არ უშვებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და რა საჭიროა ამის კონსტიტუციაში დამატება და დამტკიცება. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული იყო იმიტომ, რომ ჩვეულებრივი კანონის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა. მერე ამას მოჰყვებოდა შემდეგი ნაბიჯი, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის შემდეგ დაგვეშვა მათ მიერ შვილად აყვანის პროცესი და ა.შ. ოპოზიციის ნაწილიც უჭერდა ამას მხარს, განსაკუთრებით „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.