საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია.
კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ალტონჯი (იელის უნივერსიტეტი, ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიურო (NBER) და ლუიჯი გუიზო (ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, CEPR).
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს შესაძლებლობას ქართველი მკვლევრებისთვის, მათ მიერ მომზადებული საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში და შეიძინონ ახალი საქმიანი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყოს საქართველოსა და რეგიონის შესახებ ეკონომიკური კვლევისა და ანალიზისადმი ინტერესის გაღრმავებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებიც ნამუშევრებს შეაფასებენ არიან: ნინო აბაშიძე (Wyoming), ალა ავოიანი (Indiana), სალომე ბასლანძე (FRB Atlanta, CEPR), გიორგი ჩაბაკაური (LSE), ლაშა ჭოჭუა (Bielefeld), ალექსანდერ ფრუგი (UPF, BSE), გივი მელქაძე (Georgia State), ნიკოლოზ ფხაკაძე (ISET), სანდრო შელეგია (UPF, BSE, CEPR), ალისონ სტაშკო (Emory), ია ვარდიშვილი (Auburn), ოლიკო ვარდიშვილი (UC Irvine).