„ლელოს“ წევრის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები ივანიშვილის რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძეს ბილეთი აქვს აღებული, რათა ივანიშვილი მოსკოვში გაუშვას.
„რუსული სტილის მმართველობა გაემგზავრება რუსეთში. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი. აქ არაა იმაზე საუბარი, რომ ხაზარაძეს ბილეთი აქვს აღებული, რომ ივანიშვილი მოსკოვში გაუშვას. საუბარია იმაზე, რომ აღებულია ქვეყანაში რუსული სტილის მმართველობის დასრულების ბილეთი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მამუკა ხაზარაძის რამდენიმეკვირიანი მუქარა პოლიტიკურ სპექტრში არასერიოზულიდ ფასდება. იმაზე, რომ მუქარა მხოლოდ აგრესიული წინასაარჩენო კამპანიის ნაწილია, თანხმდებიან როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციის ნაწილშიც. მამუკა ხაზარაძის ყოველკვირეული პოსტების განმარტება უჭირთ მისივე თანაგუნდელებსაც.