ფარმაცევტულ ბაზარზეც და სამედიცინო სექტორშიც არის მსხვილი ბიზნესინტერესები და ზურაბ აზარაშვილმა მართლა შეძლო პოზიტიური რეფორმების გატარება, მიუხედავად მსხვილი, გავლენიანი ბიზნესინტერესებისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინიშნება დავარქვათ აზარაშვილის სიტყვებს, რომ „მიუხედავად მსხვილი ბიზნესინტერესებისა, მე შევძელი ესა და ესო“, - ეს მინიშნებაა? ეს სიმართლეა. დიახ, ამ სფეროში არის მსხვილი ბიზნესინტერესები. ფარმაცევტულ ბაზარზეც არის, სამედიცინო სექტორშიც არის და ამ კაცმა მართლა შეძლო პოზიტიური რეფორმების გატარება, მიუხედავად მსხვილი, გავლენიანი ბიზნესინტერესებისა. მსხვილი ინდუსტრიაა და იქ არის უმსხვილესი ბიზნესგავლენები. მეც გიდასტურებთ ამას. თქვენი აზრით, ახლა კობახიძეს ვუპირისპირდები? მინიშნებას ვაკეთებ კორუფციაზე? ორივე ტყუილია. ზურაბ აზარაშვილს მართლა ეკუთვნის მადლობა. ამ ადამიანმა მართლა იბრძოლა. იქ ყოველთვის არიან რაღაც ინტერესები და ამას იმით კი ვებრძვით, რომ აბაზანებსა და საწოლში ვუვარდებით ხალხს, სწორი მენეჯმენტით შეიძლება თურმე ამის გასწორება. აზარაშვილის ქმედებებმაც და განცხადებამაც ეს დაადასტურა. სწორი მენეჯმენტით შეიძლება ამ რისკებთან ბრძოლა. მან თავადაც აღიარა, რომ ძალიან ცოტა დროს და ენერგიას უთმობდა კომუნიკაციას, თუმცა ერთ რამეში შემიძლია მეგობრულად შევეკამათო - კომუნიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ პიარულ ნაწილს, ეს გულისხმობს სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციასაც, რისი სერიოზული ნაკლებობა და დეფიციტი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში. ამას დამიდასტურებს ექიმების ძალიან დიდი წრე და ამ დეფიციტმა სერიოზული ხარვეზები შექმნა“, - აღნიშნა მდინარაძემ.