საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია.
გადაცემა, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს საინტერესო რესპონდენტების, აქტუალური პერსონების გაცნობას, უკვე YouTube პლატფორმის საშუალებით გააგრძელებს. გადაცემის ფორმატი გულისხმობს მაყურებლისთვის იმ კითხვებზე პასუხის მიღებას, რომლებიც ჯერ არ დასმულა ან ისმის, მაგრამ პასუხები არ გაცემულა. გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა. სიახლეა ის, რომ გადაცემაში იქნება ახალი რუბრიკა - „არ გაჩერდე“, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებს წარმოაჩენს, რომლებიც არასდროს ჩერდებიან.
გადაცემის მიზანი ცნობილ ადამიანებთან ერთად ნაკლებად ცნობილი, საინტერესო პერსონების აღმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა.
„ჩვენ წამითაც არ დაგვიშვია, რომ "სიმსუბუქე" გაჩერდებოდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდით, რა იქნებოდა ოპტიმალური პლატფორმა პროექტისთვის და, საბოლოოდ, Youtube-ი შევარჩიეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოფილა საინტერესო და საყვარელი. ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც თავს დანებების საშუალებას ვერ მივცემდით. ასე რომ, წინ "სიმსუბუქის" ბევრი საინტერესო ეპიზოდია", - ამბობს დათო გორგილაძე, პროექტის ავტორი.
„საქართველოს ბანკის მთავარი სლოგანია „არ გაჩერდე“ და ამის ძალიან კარგი მაგალითია დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა, რომელიც სწორედ ისეთ ადამიანებს აცნობს საზოგადოებას, რომლებიც არ გაჩერების, მუდმივი პროგრესისა და განვითარების ძალიან კარგი მაგალითები არიან. ჩვენი, როგორც ბანკის მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. დათო სწორედ ასეთ ადამიანებს წარმოაჩენს და ამით სხვასაც აძლევს სტიმულს, არ გაჩერდნენ, განვითარდნენ. გარდა ამისა, თავად გადაცემის ფორმატი ძალიან განსხვავებულია იმით, რომ არ აქვს სტუდია. თითოეული ინტერვიუს ადგილი განისაზღვრება რესპონდენტის ხასიათისა და საქმიანობის მიხედვით, რასაც გადაცემაში ე.წ. „რეალითის“ ელემენტები შემოაქვს, წამყვანსა და სტუმარს იმპროვიზაციის შესაძლებლობას აძლევს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის გადაცემას. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორობას და მოხარული ვართ რომ საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვუჭერთ მხარს“,- აცხადებენ ბანკში.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.