ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ამბიონიდან ქადაგების ამსახველი ჩანაწერი მოვისმინე, სადაც მისი მაღალუსამღვდელოესობა ხაზს უსვამს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის "დამსახურებებს" ეკლესიის მიმართ და განსაკუთრებით გამოყოფს მატერიალურ მხარეს(არც ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა ავიწყდება), ბოლოს კი აღნიშნავს - ჩვენ, ქართველები ღვთისმოსავი ხალხი ვართო, სააკაშვილს პატიმრობაში გატარებული დრო და ჟამი ვაკმაროთო და გავათავისუფლოთო, თუნდაც უცხოეთში წავიდეს, მაგრამ მთავარია, თავისუფლება ვაღირსოთო, ის ამას იმსახურებსო.
მოკლედ ამ "ქადაგების" წანამძღვრების თაობაზე...სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, სხვა "სიკეთეების" პარალელურად, გამოირჩეოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ღია შეტევით, "დაუმორჩილებელი" მამაოების შევიწროებით, ანტიეკლესიური რიტორიკით და აქედან გამომდინარე აგრესიული ნაბიჯებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველ ხანებში სააკაშვილის რეჟიმი ეკლესიას არც მატერიალურად წყალობდა და მეტიც - ამ მხრივ გარკვეულ შევიწროებასაც ახორციელებდა...მოკლედ, სატანა რქებსა და ბრჭყალებს ღიად აჩენდა.
მოგვიანებით მავანმა გონიერმა ადამიანმა სააკაშვილს მეთოდების შეცვლა ურჩია და საქმეში "გველის სიბრძნის" ჩართვა შესთავაზა. დაიწყო "კონტროლიდან გასული" მეუფეების და მამაოების შემორიგება-გადაბირების მზაკვრული პროცესი, რაც ძირითადად ამ უკანასკნელების მატერიალური კუთხით ცთუნებასა და პარალელურად კომპრომატების მოძიება-დასაწყობებაში გამოიხატებოდა. ხოლო ვინც გაჯიუტდებოდა, მას რეჟიმის მსახური მედიასაშუალებების მხრიდან რუსეთის აგენტის და ყოფილი თუ მოქმედი კრიმინალის იარლიყი გარანტირებული ჰქონდა. ბევრმა ვერ გაუძლო.
შედეგად, რეჟიმისადმი ლოიალური მღვდელმსახურების საკმაოდ მოზრდილი კლანი ჩამოყალიბდა, რომელმაც ამ მიმართულებით "მოღვაწეობა" ქართველი ხალხის მიერ ნაცრეჟიმის მშვიდობიანი დამარცხების შედეგადაც გააგრძელა.
მეუფე იობის ქადაგების კონტექსტში, ზემოთმოყვანილი გარემოებების ფარგლებში, უფრო კონკრეტულად, ოღონდ მაინც ზედაპირულად და გვარ-სახელებისა და მტკიცებულებების გარეშე მოგახსენებთ...გორსა და ქარელში ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა, ღიად არავინ ლაპარაკობს:
უფლის მიერ სილამაზითა და მდიდარი ბუნებრივი რესურსებით უხვად დაჯილდოებულ ტანასა და ყინწვისის თვალწარმტაც ხეობებში ერთმანეთის პარალელურად, შეხმატკბილებულად თანაარსებობენ, ერთის მხრივ, საეკლესიო პირთა(მათ უკან ვინ დგას, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს), ხოლო მეორეს მხრივ, ყოფილ ნაცბობოლათა ბიზნესობიექტები.
მდიდარი სავარგულები და ნოყიერი საძოვრები(თავის ცხვარ-ძროხიანად), ხე-ტყის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები, საკურორტო ბიზნესი, ვენახები, ღვინის წარმოება და ექსპორტი...მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხილული თუ კულისებში გადამალული(ჯერჯერობით) ნაცბობოლები შემოვლითი გზებით ეკლესიისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
კითხვა გაგიჩნდებიდათ, ადგილობრივი მოსახლეობა რასა იქმსო...რასა იქმს და ნაცთა მმართველობის დროს ზოგიერთმა მათგანმა მათთვის მიწებისა და საძოვრების "ახევის" გაპროტესტება სცადა, სამართლებრივი გზების ძიებაც დაიწყეს, მაგრამ ყოველივე აღნიშნულის მიმართ ნაცთა მეთოდების სიხისტეს თუ გავითვალისწინებთ, ადვილად მიხვდებით, ამ ხალხის მიმართ რა მეთოდები იქნებოდა გამოყენებული და საკუთარ ბედს შეგუებაც რის ფასად დაუჯდებოდათ, ამის მიხვედრაც არ უნდა იყოს რთული.
ვინც გაძლო, ადგილის დედას არ მოწყდა და მამა-პაპათა მიწაზე დარჩენა გადაწყვიტა, იძულებულია, ვითარებას შეეგუოს და უკეთეს შემთხვევაში, დაქირავებული მუშის როლით დაკმაყოფილდეს, საკუთარი ცხვარ-ძროხისთვის საძოვრით სარგებლობაზე კი ნებართვა(რა თქმა უნდა, საფასურის გადახდის შემდეგ) იობის ქვეშევრდომებისგან უნდა აიღოს.
ზემოთაც დავწერე და ეპილოგის მაგიერაც გავიმეორებ - აღნიშნულის თაობაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. მიზეზი, რა თქმა უნდა, რიდი და შიშია...ოღონდ, ეს ნამდვილად არ არის უფლისა ჩვენისა იესოს(დიდება უფალს!) მიმართ გამოხატული რიდი და შიში“.