ძალიან ვწუხვარ, რომ ეთერებში კიდევ გვიწევს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, მაგრამ, ძვირფასო თანამოქალაქეებო, მერწმუნეთ - თუ თქვენი ძლიერი მხარდაჭერა არ იქნება ამ საპარლამენტო არჩევნებში, ის ძალები, რომლებიც სააკაშვილს ლობირებდნენ და მხარს უჭერდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ წაიყვანეს და თანამდებობებზე დანიშნეს, მერე კი უღირსი, დამამცირებელი ფორმით, ტვირთის სახით შემოიყვანეს და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, არსად წასულან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ თქვენი მხარდაჭერა მშვიდობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ჩვენი ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის მიმართ ისევ არ იქნება, ეს ძალები გააქტიურდებიან და კიდევ შეეცდებიან თავისი სცენარის გამეორებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხის გააქტიურება ემსახურება ერთადერთს, რაც პირდაპირ ეთერში თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა - მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რომ ჩაერთოს წინარევოლუციურ სამზადისშიო. ამაზე მეტი აღიარება და პასუხი რა გჭირდებათ?“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში მმართველ გუნდზე ზეწოლა უნდა დასრულდეს, რადგან ამას არავითარი შედეგი არ ექნება.