შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მრავალმხრივ იპყრობს ყურადღებას. ის არა მხოლოდ პოეზიის, არამედ მეცნიერების საკუთრებაცაა. ტექსტში მოცემულია ქვეყანათმცოდნეობითი, საბუნებისმეტყველო, კოსმოლოგიური მასალა. ამჯერად საუბარი გვექნება ამ ნაწარმოების გეოგრაფიულ და სამხედრო ასპექტებზე. ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ კობა ხარაძეს.
კობა ხარაძე: შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნიდან“ ნათლად ჩანს, რომ პოეტი კარგად იცნობდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ დროის მსოფლიოს ყველა ცნობილ ქვეყანას. იგი თავისი პოემის დაწერის დროს უეჭველად იყენებდა სხვადასხვა ქვეყნის რუკას, რაც კარტოგრაფიის კარგ ცოდნას მოითხოვდა. რუკების საშუალებით მანძილების გაზომვა, ჰავის პირობების, გეოგრაფიული ტერმინებისა და ობიექტების კარგი ცოდნა, პოეტის გეოგრაფიულ აზროვნებაზე მიგვითითებს.
„ვეფხისტყაოსნის“ მოქმედება გაშლილია რეალური ქვეყნების, ქალაქებისა და ხალხების ფონზე და მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას – დედამიწის სამ ვრცელ კონტინენტსა და ინდოეთის ოკეანეს.
დღევანდელი რუკის მიხედვით სად მდებარეობდა ის ქვეყნები და ქალაქები, რომლებიც პოემაშია მოხსენიებული?
– პოეტს თავის ნაწარმოებში გეოგრაფიულ სახელწოდებათა ორგვარი ჯგუფი აქვს მოცემული: ერთი, რომლებსაც ახლაც ის სახელები ჰქვია და მათი ადგილმდებარეობის დადგენა ეჭვს არ იწვევს – ინდოეთი, არაბეთი და ასე შემდეგ. მართალია, დღეს უკვე ეს სახელი აღარ ჰქვია, მაგრამ მაშინდელ მსოფლიოში ცნობილი იყო ხატაეთი, რომელიც ჩინეთის სამხრეთ ნაწილში იყო განთავსებული, მაგრამ გვაქვს მეორე ჯგუფის სახელწოდებანი, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, მაგალითად, დღეს აღარ არსებობს სახელწოდებები: მულღაზანზარი, გულანშარო, მაგრამ პროფესორმა ლევან მარუაშვილმა მოძებნა ძველი რუკები და ამ სახელწოდებების მქონე ქალაქების ადგილმდებარეობა დაადგინა.
და სად იყო განლაგებული მულღაზანზარი და გულანშარო?
– მულღაზანზარი აფრიკაში, კერძოდ სომალის ნახევარკუნძულზე იყო განლაგებული, აქვე იყო ტარიელის ქვაბოვანი.
პოემაში გვხვდება აფრიკის ტოპონიმი – მაღრიბი, რომელიც ეგვიპტის დასავლეთითაა აღნიშნული ძველ რუკებზე. მულღაზანზარი იხსენიება ფირდოუსის „შაჰ-ნამეშიც“, კერძოდ, „როსტომიანში“. ამასთან, მულღაზანზარი შეესაბამება ზენჯის იმპერიის დედაქალაქ კილვაკივინჯეს.
ძველ რუკებზე აფრიკის ეს ნაწილი, მართალია, ოკეანითაა გამოყოფილი, მაგრამ ინდოეთისა და აზიის სანაპიროებთან საკმაოდ ახლოსაა ნაჩვენები. თვითონ არაბეთი შუა საუკუნეებიდან აფრიკის ჩრდილო ნაწილსაც მოიცავდა. პოემაში მითითებულია ბუნებრივი პირობების ისეთი თავისებურებანი, რომლებიც აფრიკისთვის მკვეთრადაა დამახასიათებელი. ასევე, მრავალჯერაა მოხსენიებული სიტყვა „ზანგი“, რაც აშკარად მიგვითითებს შავი რასის აფრიკულ წარმოშობას და, ამდენად, რუსთაველი აფრიკის მონა ზანგებს უნდა გულისხმობდეს.
პოემაში მრავალჯერ გვხვდება „დიდი ზღვა“, ანუ ოკეანე, რაც იმდროინდელი რუკების მიხედვით მხოლოდ ინდოეთის ოკეანეა. გულანშარო ლოკალიზებული უნდა იყოს მადაგასკარის ჩრდილოეთ ნაწილის სანაპიროზე, ქაჯეთის ციხეც – იმავე კუნძულის ცენტრალურ, ამაღლებულ ნაწილში.
ქაჯეთის ციხე კუნძულ მადაგასკარზე მდებარეობდა?
– დიახ, პროფესორმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია სხვადასხვა ლიტერატურა, რუკები, გემების მოძრაობა, ქარების მიმართულებები და დაადგინა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა – ესაა კუნძულ მადაგასკარის ცენტრალური ნაწილი, სადაც ახლაცაა ციხე.
თუმცა, ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ავტორთა სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვით ატლანტის ოკეანეში რომ გადიხარ, ჰიბრალტართან არის კლდეები და ზოგს ის მიაჩნდა ქაჯეთის ციხედ. მაგრამ პოემაში ნახსენებია მუსონები, ხმელთაშუა ზღვაში კი მუსონები არ არის. ასევე, ქაჯეთის ციხე ვახუშტი ბაგრატიონს აღნიშნული აქვს ქობულეთთან ახლოს, ციხისძირთან, იქ აწერია კიდეც – „ქაჯეთის ციხე“... მეც შემიდარებია საქართველოში არსებული ბევრი ციხე ქაჯეთის ციხისთვის, მაგალითად, ადიგენის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხე, რომელსაც „ოქროს ციხე“ ჰქვია; ასევე, მიუდგომელი და აუღებელი ბირთვისის ციხე, აქ სულ კლდეებია გარშემო და ისიც შეიძლება, მიიჩნიო ქაჯეთის ციხედ, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებში წერია, თუ რამდენი დღე იარეს გმირებმა, რამდენ ხანს დაყვეს წყალში, რამდენ ხანს – ხმელეთზე, რათა ქაჯეთის ციხემდე მისულიყვნენ. პოემის გეოგრაფიული მარშრუტი სინამდვილეზეა აგებული და განსაკუთრებული სიზუსტითაა მოცემული. პოემის გმირთა მოქმედება რეალურ გეოგრაფიულ სივრცეზეა გაშლილი.
გამოდის, პოემას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მისი ავტორია ქართველი?
– მართალია, შოთა რუსთაველის პოემის გმირების სამოქმედო ასპარეზი ფართო გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, მაგრამ მისი თემა, სიუჟეტი და ფაბულა საქართველოს სინამდვილიდანაა აღებული.
ბატონო კობა, გეოგრაფიული ასპექტების გარდა, კიდევ რა გაქვთ „ვეფხისტყაოსნიდან“ გამოკვლეული?
– „ვეფხისტყაოსანში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო-გეოგრაფიულ მხარეს. ავტორი კარგად იცნობს ქვეყნის გეოგრაფიულ პირობებს, რაც ზუსტად არის ასახული ნაწარმოებში; ასევე, გარემო პირობებს, რაც ყოველთვის თან ახლავს ბრძოლას და დიდ გავლენას ახდენს სტრატეგიისა და ტაქტიკის სწორად წარმართვაზე. პოეტი, გეოგრაფიულ ერუდიციასთან ერთად, კარგად ფლობდა სამხედრო ხელოვნებას.
პოემაში ორი ომია აღწერილი და ორივე შემთხვევაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი არა მხოლოდ უშუალოდ ბრძოლების ადგილების გეოგრაფიულ გარემოს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ მისასვლელ, სახმელეთო თუ საზღვაო გზებს. პოემაში ზედმიწევნით ზუსტადაა გამოანგარიშებული სახმელეთო თუ საზღვაო გზების სამოძრაო დრო და დაბრკოლებათა გადალახვის საშუალებები. ასევე, ზუსტად არის განსაზღვრული საზღვაო მოძრაობის დროს გაბატონებული ქარების მოქმედება, მუსონებისა და წყლის დინებათა მიმართულებები.
პირველი დიდი ომი იყო ტარიელის ბრძოლა ხატაელების წინააღმდეგ. ხატაელთა მეფე, რამაზი, ღალატით ცდილობდა ინდოელების დამარცხებას, მაგრამ ტარიელის გონივრულობის გამო ეს ვერ მოახერხა. როცა ხატაელთა მეფემ ტარიელის ურიცხვი ჯარის მოახლოება შეიტყო, მას ხატაელთა ხანი გაუგზავნა, ვითომდა პატიების სათხოვნელად, მაგრამ ტარიელმა თადარიგი დაიჭირა. მართალია, „ვეფხისტყაოსნის“ გმირი სამასი რჩეული მეომრით გაემართა ხატაეთში, მაგრამ დარჩენილ მთავარ ძალას, ანუ რეზერვს, უბრძანა, ახლოს ყოფილიყვნენ და ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ მას და თუ საჭირო გახდებოდა, რეზერვი დროზე მიეშველებოდა მებრძოლებს. როცა ინდოელები და ხატაელები მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ღალატი გამომჟღავნდა. ტარიელმა შეუტია რამაზის ჯარს, მას რეზერვიც მიეშველა და ფეხდაფეხ მისდია გაქცეულ მტერს. აქ მთავარია ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია – მას გამარჯვება მოუტანა გარემოს ზედმიწევნით შესწავლამ, ოპერაციის მომზადებამ, ჯარის ჭკვიანურად განაწილებამ, რეზერვის გონივრულად და დროზე გამოყენებამ.
მეორე შემთხვევაში ქაჯთა ქალაქში დატყვევებული ნესტან-დარეჯანის დასახსნელად სამ გმირთა ბრძოლა მიმდინარეობდა. მის გამოსახსნელად საჭირო იყო ამ ქალაქის აღება. პირდაპირ შეტაკება და აღება ვერ მოხერხდებოდა, რადგან ქაჯთა ციხეს უამრავი მცველი იცავდა და, ამასთან, უცნაური ტექნიკური საშუალებებიც ჰქონდათ. თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ფრიდონს, ტარიელსა და ავთანდილს ას-ასი მებრძოლი უნდა წაეყვანათ და ციხე-სიმაგრის სამ კარს ღამით უნდა მისდგომოდნენ. დანარჩენი მებრძოლები შორიახლოდან უთვალთვალებდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეუერთდებოდნენ. პოემის გმირები გამთენიისას, როცა ციხის გუშაგების სიფხიზლე მოდუნებული იყო, მიადგნენ ციხის კარს და თავი მგზავრებად მოაჩვენეს. ციხის დარაჯები მოტყუვდნენ, კარი გაუღეს და ჩვენი გმირები ელვისებურად შეიჭრნენ ციხის შიგნით. ცხენებზე მათრახის ცემითა და მოულოდნელი შეჭრით მათ თავზარი დასცეს მცველებს, გამოიწვიეს არევ-დარევა, პანიკა და გამარჯვება წილად სამ გმირს ხვდა. როგორც ვხედავთ, მოქმედების გეგმა სრულად იყო შეთანხმებული გარემოსთან, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამოკვლეული. მათ ქაჯთა ციხის შესახებ ცნობები შეკრიბეს ფატმანის მიერ გაგზავნილი მზვერავისგან. საბრძოლო ტაქტიკა – მალულად და სწრაფად ევლოთ ჯერ დღისით და მერე – ღამით, ასევე მოულოდნელი მისვლა, შენიღბვა ჯარისა დიდი მნიშვნელობის იყო. წარმატება განაპირობა იმანაც, რომ ბრძოლის მოქმედების გეგმა გარემოსთან იქნა შეთანხმებული.
ამდენად, ყოველ ბრძოლას წინ უძღვის დაზვერვა, ანუ საჭირო ცნობების შეგროვება მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების, ციხესიმაგრეებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, სწრაფი და სრული მობილიზაცია, მოულოდნელი თავდასხმა, შეტევის მომენტის სწორად შერჩევა, რეზერვის ყოლა და ასე შემდეგ.
ხატაეთის ომი და ქაჯეთის ციხის აღების ბრძოლა რეალურად იყო თუ პოეტის ფანტაზიის ნაყოფია?
– მართალია, პოემაში ხსენებული ბრძოლები რეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ ის პოეტის ფანტაზიის ნაყოფიც არ არის, მას რეალური საფუძველი აქვს. ის ემყარებოდა იმ ბრძოლებსა და სხვა მეთოდებს, სტრატეგიასა და ტაქტიკას, რომლებსაც იმ დროს იყენებდნენ. პრინციპები, რომლებზეც აგებულია „ვეფხისტყაოსნის“ სამხედრო მოქმედება, ეთანხმება იმას, რაც საფუძვლად ედო დავით აღმაშენებლისა და მის მიმდევართა თამარ მეფის დროის გამოჩენილი სარდლების მოქმედებას. ბრძოლის ახალი ტაქტიკით მათ შეძლეს, არათუ დაეცვათ და გამკლავებოდნენ მოსაზღვრე მრავალრიცხოვან ჯარებს, არამედ შორ მანძილზე გაელაშქრათ და სწორედ მაშინ წარმოიშვა საქართველო ორ ზღვას შორის – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, სამხრეთით კი ტრაპიზონსა და არდებილამდე აღწევდა.