დატანჯულმა და აწიოკებულმა სამშობლომ დაჰკარგა უდიდესი მფარველი და გმირი, ქაქუცა. ხანგრძლივი და გმირული ბრძოლის შემდეგ, უცხოეთში გადმოხვეწილს, მას არ ეღირსა მიჰბარებოდა სამშობლოს მიწას.
მის ძვირფას ნაშთს მხოლოდ შორიდან დასტირის ცხარე ცრემლით ქართელი დედა. ქართველი ერი, მოკლებულს შესაძლებლობას ღირსეულად იგლოვოს უდიდეს შვილის ასე უდროვოდ დაკარგვა, გულში იგუბებს ბოღმას.
უცხოეთში გარდაცვალებული არა ერთი გმირის სახელი დაწერილა საქართველოს საამაყო ფურცლებზედ. მათ მიემატა დიდი ქაქუცას სახელიც.
ქაქუცას ძარღვებში სჩქეფდა გმირ წინაპართა გმირული სული. მისი ლამაზი და სათნოიანი წმინდად ქართული სახე, სიკეთით აღსავსე დიდი თვალები, ელასტური, წერწეტი ტანი, კეთილშობილობით, ზრდილობით, ვაჟკაცობით, დიდსულოვნობით მდიდარი ბუნება - ცოცხალი განხორციელება იყო უწინდელ საქართველოს გმირებისა.
როგორც არა ერთი უდრეკი მებრძოლი - ჩოლოყაშვილი მახვილით ხელში ებრძოდა მტერს და იცავდა საქართველოს თავისუფლებას და თავმოყვარეობას. ისევე უდრეკი ქაქუცა შეებრძოლა საქართველოს უდიდეს და უსაზიზღრეს მტერს - რუსეთს, მიაყენა არაერთი მარცხი და ომში შერცხვენილ ქართველობას აღუდგინა პატივი და თავმოყვარეობა.
გონებით უხვად დაჯილდოებულმა, გმირის სულის პატრონმა აღზრდილმა ეროვნულ ტრადიციებით, მებრძოლ საქართველოს ბელადმა ქაქუცამ გმირულად დაიცვა ეროვნული დროშა. შეფიცულნი ვაჟკაცნი გმირულად იბრძოდნენ გმირ ბელადის ხელმძღვანელობით. მტერი უკვე ძრწოდა.
ქართველი ერი არ დამარცხდება. გაჭირვების დროს მან წარმოშვა ქაქუცა, გმირი გმირთა შორის.
მართალია ქაქუცას ბედმა არ მისცა დრო გმირული ბრძოლა საბოლოო გამარჯვებით დაეგვირგვინებინა, მაგრამ მან ახალგაზრდობას გაგვიკაფა გზა მტრის დამარცხებისა.
ჩვენს გულში ღრმად ჩაიბეჭდა მისი სახე. ქაქუცა ჩვენთვის არ გარდაცვლილა. მისი სული მუდამ იქნება ჩვენი მფარველი და ხელმძღვანელი.
მუხლმოდრეკილი, გლოვით სავსე ვიღებთ მის ანდერძს და ფიცსა ვდებთ, რომ გავყვებით მის მიერ გაკაფულ გზას.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას