მამუკა მდინარაძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია მადლობა უნდა ვუთხრათ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები ვართ უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით

მამუკა მდინარაძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია მადლობა უნდა ვუთხრათ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები ვართ უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი კონფერენცია შეაფასა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კარგია, რომ მაღალი ტრიბუნიდან იენს სტოლტენბერგისგან იმის მოსმენა, რომ საქართველო უკრაინის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.

„ისევე როგორც გუშინ, დღესაც პრესკონფერენცია მნიშვნელოვანი, ძლიერი, პოზიტიური გზავნილებით იყო სავსე. ჩვენი პარტნიორების მესიჯებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმყარდება რწმენა მათთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია მადლობა უნდა ვუთხრათ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა იმის შესახებ, თუ რა კონტრიბუცია შეგვაქვს პარტნიორებთან ურთიერთობაში. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები ვართ უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. საქართველოში 30 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი არის დღეს. სკოლები, ბაღები გავხსენით უკრაინელი მოსწავლეებისთვის. არცერთი ნატო-ს არაწევრი ქვეყანა არ არის ჩართული ამ პროცესებში ისე, როგორც საქართველო.

ამასობაში სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ადამიანი არის დაჭრილი, დასახიჩრებული და ეს არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირებმა გაიღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის და ნატო-სთან პარტნიორობისათვის. ძალიან კარგია, რომ უმაღლესი ტრიბუნიდან ნატო-ს გენერალური მდივანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მკაფიო მესიჯებს უშვებს, აფასებს ამ ყველაფერს და ჩვენი დამოკიდებულებაც არის მეგობრული და შემხვედრი. ასევე ძლიერი გზავნილები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს როგორც გუშინ. საუბრობდა ტერიტორიულ მთლიანობაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. [ჰქონდა] მესიჯები, საიდანაც ვიგებთ, რომ არასდროს საქართველო ნატო-სთან და ევროკავშირთან ასე ახლოს არ ყოფილა როგორც დღეს და მიუხედავად იმისა, ვის რისი გახმოვანებაც არ უნდა სურდეს, ეს არის რეალობა, ფაქტი და საქართველო ორივე მიმართულებით წინ მიდის“, - აღნიშნა მდინარაძემ.