ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, საფრთხის ქვეშაა პრინციპი - მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.