თბილისის სამ უბანში ქუჩებს სახელები გადაარქვეს. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფასანაურის ქუჩას სოფიკო ჭიაურელის სახელი მიენიჭა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნოვოროსიისკის ქუჩას - რუსი რეჟისორის, ოლგა კონსკაიას სახელი (სწორედ მან, მეუღლესთან ერთად, გადაიღო ფილმი, სადაც ობიექტურად არის ასახული აგვისტოს ომის ტრაგედია), ხოლო საბურთალოს რაიონში ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას ეწოდა ანა პოლიტკოვსკაიას (რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, 2006 წელს საკუთარი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს). პოლიტკოვსკაიასა და კონსკაიას სახელობის ქუჩების არსებობას არავინ ეწინააღმდეგება, რომ არა ერთი სამწუხარო ფაქტი - პოლიტკოვსკაიას სახელმა ვლადიმერ ჯიქიას სახელი უნდა ჩაანაცვლოს. საუბედუროდ, ქართულ ცნობიერებაშიც ასე ხდება. ხან მოდას აყოლილები, ხანაც მაამებლობის პოლიტიკით შეპყრობილნი, უნებურად ვანადგურებთ იმას, რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ.
პოლიტკოვსკაიას მოქალაქეობრივი, ჟურნალისტური თავგანწირვა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება სამაგალითოდ იქცეს და მისი სახელობის ქუჩაც ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა, მაგრამ... ხომ არ შეიძლება განუკითხავად, დაუფიქრებლად გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომ მერე შთამომავლებისა შეგრცხვეს.
დღეს ადვილი შესაძლებელია პოლიტკოვსკაიას საფლავზე ყვავილების მიტანა, ვლადიმერ ჯიქია კი, არავინ იცის, სად განისვენებს... მისი მხოლოდ ერთი ფოტოა შემორჩენილი. ყველაფერი გაანადგურეს მათ, ვისაც უნდოდა, რომ საქართველოში აღარასოდეს ეხსენებინათ ერისკაცი ვლადიმერ ჯიქია...
ვინ იყო ვლადიმერ ჯიქია? - ინჟინერი, რიონჰესის მშენებელი, ქართული კულტურის ქომაგი და დამცველი, ქველმოქმედი და შეჭირვებულთა შემწე. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, - საქართველოს ისეთი ბელადი სჭირდება, როგორიც ჯიქიააო.
ძირითადი ბრალდებაც ეს იყო - ვლადიმერ ჯიქია სულით და ხორცით ქართველი დარჩა.
ვლადიმერ ჯიქიამ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა. მისი გიმნაზიისდროინდელი მეგობარი - სიმონ ყაუხჩიშვილი იხსენებდა: ვალოდია მოსწავლეთა თავკაცი იყო, ყველას ქომაგი და მომხმარე. ეჯავრებოდა მეფის ბიუროკრატი მოხელეები. ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოს მხედველობიდან არ გამორჩენია ჭაბუკის განწყობილება - მერვე კლასიდან გარიცხეს. ამას მოჰყვა გიმნაზიის მოსწავლეთა გაფიცვა. ვალოდია აღადგინეს სასწავლებელში, მან ჩინებულად ჩააბარა გამოცდები და გიმნაზიაც ერთად დავასრულეთ. შემდეგ იყო პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი, ფიზიკა-მათემატიკისა და ჰიდრომშენებლობის ფაკულტეტები.
პეტერბურგის უმაღლესი სასწავლებლების კავკასიელი სტუდენტებისთვის ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას ვალოდია ჯიქიას აზრს უდიდესი წონა ჰქონდა - ის მთავარი საფიქრალით განსაზღვრავდა ყველაფერს - საქართველოს რა წაადგებოდა. ამიტომაც დიდი წვლილი მიუძღოდა იმ ბრძოლაში, რომლის შემდეგაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
პეტროგრადში ჯიქია სამხედრო კომისარი იყო. მაშინ სტალინი ჯერ კიდევ არ გახლდათ ანგარიშგასაწევი ფიგურა. ჯუღაშვილი დიდ პატივს სცემდა ჯიქიას... მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
ქართული ჯარის შექმნაზე ოცნებობდა, უნდოდა, ქართული არქიტექტურა განვითარებულიყო, ქართული ენა სახელმწიფო ენა ყოფილიყო. საქართველოს სამხედრო და საზღვაო კომისრად დანიშნეს. ოპერის თეატრში გამართულ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ჯარის შექმნა. მოსკოველმა მთავრობის წარმომადგენელმა ტრიბუნიდან უპასუხა, - საქართველოს არ სჭირდება ეროვნული ჯარი, ის რუსეთის საკურორტო ადგილიაო. ვალოდია ჯიქიამ მთელი საზოგადოების თვალწინ სილა გააწნა და საორკესტრო ორმოში მოისროლა თავხედი რუსი. არც მის მოსარჩლე სერგო ორჯონიკიძეს დააყარა კარგი დღე. ამ ინციდენტის სადღეგრძელო არაერთხელ შეუსვამს კონსტანტინე გამსახურდიას.
იმ მომენტში ხელი არ ახლეს, მაგრამ სამომავლოდ განაჩენზე ხელი უკვე მოწერილი იყო...
ვლადიმერ ჯიქია თაყვანს სცემდა ყველაფერს, რაც საქართველოს გაძლიერებას, ქართული სულიერების გაღვივებას ემსახურებოდა. ამიტომაც უყვარდა გამორჩევით სანდრო ახმეტელი. სწამდა (და ასეც იყო) - მისი სპექტაკლები ქართველებს ეროვნულ სიამაყეს უბრუნებდა. ამის გამო უყურებდა ალმაცერად ხელისუფლება ახმეტელს, მასთან მეგობრობა საშიშიც კი იყო. ვლადიმერ ჯიქიას კი არ ეშინოდა.
თუ ვინმეს ნიჭიერებას შეამჩნევდა, უანგაროდ ეხმარებოდა. არასოდეს საუბრობდა გაკეთებულ სიკეთეზე. უამრავი კეთილი საქმე მასთან ერთად უხმაუროდ წავიდა ისტორიის კუთვნილებაში...
ერის მეხსიერება მარადიულად ინახავს თავისი შვილების ხსოვნას. ქართულ ლიტერატურაში უკვდავყოფილია როგორც თინათინ ჯიქიას (კონსტანტინე გამსახურდიას ლექსი "ცისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას"), ისე ვლადიმერ ჯიქიას სახე. პაოლო იაშვილის სტრიქონები ჯიქიას შემართულ ხასიათს ფოტოზე უკეთაც გადმოგვცემს: "აგერ ნაცნობი მანქანა,ჯერ სალამიც ვერ მითქვია, უკვე ამართულ ნაგანად დგას ინჟინერი ჯიქია".
ერთხელ შინ მეგობრები მიიყვანა - სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. მალე კონსტანტინე გამსახურდია, ზოზო ნანეიშვილი და გიორგი ელიავაც შეუერთდნენ. აივანზე გავიდნენ სტუმრები. ბერიამ, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, თავყრილობა შეამჩნია და მეზობელი, შინსახკომის თანამშრომელი რაფავა გაგზავნა მეზობლებთან ამბის გამოსატანად, თავად კი თავის აივანზე გაბრძანდა და იქიდან დაუძახა ვალოდიას, - მესტუმრეო. არ შემიძლია, სტუმრები მყავს, თავად გვეწვიეო, - უპასუხა ვლადიმერ ჯიქიამ. ბერიამ სანდრო ახმეტელს მიაშვირა თითი, როგორც მიზეზს და უხეშად გადმოსძახა: - მე მანდ არ მოვალო. ამას შელაპარაკება მოჰყვა. ფიცხმა სანდრო ახმეტელმა თავი ვერ შეიკავა და შეაგინა თურმე ბერიას. იმ საბედისწერო დღის შემდეგ აივანზე მყოფთაგან მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია გადაურჩა დაჭერას.
ახმეტელი და ჯიქია გვერდიგვერდ საკნებში ისხდნენ, ერთმანეთს მორზეს ანბანით ელაპარაკებოდნენ.
მეუღლემ ერთადერთხელ მოახერხა ვლადიმერის მონახულება. სინანულით უთხრა: ქართველ კაცს ქართველობას მდებენ ბრალადო...
საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი სიმბოლურია ამქვეყნად და ჯიქიას სახელის აღგვას პირისაგან მიწისა, მიზანმიმართული ფუნქცია აქვს: არ უნდა გვახსოვდეს!
ეს შემთხვევა არც პირველია და, თუ ასე გაგრძელდა, უკანასკნელიც არ იქნება... დაუფიქრებელი ნაბიჯები ლამის სნეულებად გვექცეს: ზუგდიდში რეზო ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას სახელი დაარქვეს...
ქვეყანაში, სადაც გვაქვს ხაზინის, მიტინგის, კონსტიტუციის, ნიაღვრის, სანერგის და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენია ისეთი ქუჩა, რომლის სახელთან შელევა დიდად არ გაგვიჭირდება, რა საჭიროა მაინცდამაინც რეზო ლაღიძის ან ვლადიმერ ჯიქიას სახელობის ქუჩას გადავარქვათ სახელი?