გასულ კვირას ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის განცხადებამ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საზოგადოებას გამოჩენილი ფიგურების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი გაახსენა. თავის დროზე ზურაბ ჟვანიაც გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა დაეჭირათ ან მოეკლათ, პატარკაციშვილმაც გაახმაურა ინფორმაცია, რომ მისი მკვლელობა დაკვეთილი იყო. ჩვენ ვესაუბრეთ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმას, გოგა ჟვანიას, რომელიც ამჟამად "ქართული ოცნების" წევრია. ის ერთ დროს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო.
- მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულება სულ სხვაგვარი იყო, სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. შესაძლოა ბევრს საქართველო მართლაც დემოკრატიის შუქურა ეგონა, თვლიდნენ, რომ მის ახალგაზრდა პრეზიდენტს "შავბნელი" ძალები ებრძოდნენ. ბადრი მოუმზადებლად და სწრაფად შემოვიდა პოლიტიკაში და მოვლენები დრამატულად განვითარდა. ბიძინა ივანიშვილთან სულ სხვა ვითარება გვაქვს. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მეტად აკრიტიკებენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს კი პოზიტიურ მოვლენად აფასებენ.
ვახტანგ კომახიძემ, რომელიც ჟვანიას სიკვდილის გარემოებებს იძიებდა, ახლახან განაცხადა, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
- ვახტანგ კომახიძეს კარგად ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, უმნიშვნელო ინფორმაციას არ გაახმაურებდა. როგორც წესი, ამაზე უნდა რეაგირებდეს არა მხოლოდ ის, ვისაც საფრთხე ემუქრება, არამედ სამართალდამცავი სტრუქტურებიც. ალბათ, გახსოვთ, ერთ დროს პატარკაციშვილიც ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ეჭვის საფუძველი ხდება.
ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებებზე ახალი არაფერია?
- არის, მაგრამ ამის გახმაურებას ჯერჯერობით აზრი არა აქვს. მგონი, კომახიძის ფილმითაც ბევრი რამ ითქვა და თითოეულ დეტალს თუ ჩავუღრმავდებით, უამრავ ახალ შეუსაბამობას აღმოვაჩენთ. გამოძიების მასალებში რამდენი შეუსაბამობაც ვიპოვეთ, საქმეში რაღაც-რაღაცები შეცვალეს, რადგან ინფორმაცია გახმაურდა. ხელისუფლებამ გამოძიება უვადოდ გაყინა. აი, როცა ხელისუფლება შეიცვლება, გამოძიება უმოკლეს დროში მოხერხდება. ხელისუფლება არ მოელოდა, რომ ჩვენ მოვახერხებდით მასალების მოპოვებას, მაგრამ მაინც მოხერხდა. ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, თუმცა საკმაოდ ბევრი მასალაა იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს.
ახალ დოკუმენტს ან მტკიცებულებას მიაკვლიეთ?
- ჯერ ადრეა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რაც ჯერჯერობით წარმოუდგენელია.
როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას დედამ სამძიმარზე მისულ გიული ალასანიას უთხრა, მიშაც ფრთხილად იყოს, ყველგან ყველაფრის ჭამა უყვარს და არ მოწამლონო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ხელისუფლების მონაწილეობის ვერსიას ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეში გამორიცხავდით?
- ეს იმას ნიშნავს, რომ დედა თავიდანვე მკვლელობის ვერსიაზე ფიქრობდა. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ სააკაშვილმა მკვლელებს ხელი დააფარა. არ ვიცი, სახელდობრ ვინ ჩაიდინა მკვლელობა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ სხვა პირებმა, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. ჩემი აზრით, მკვლელებს ხელს აფარებენ ზურაბ ადეიშვილიც და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი.
ჯერ კიდევ 2005 წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, - "რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას მკვლელობას, უკაცრავად გარდაცვალებას", ე. ი. ეს შემთხვევითი შეცდომა არ იყო?
- არა, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა იცის, რომ ზურა მოკლულია. შემთხვევით არ წამოსცდენია.
ბატონო გოგა, თქვენ "ქართულ ოცნებაში" რა როლი გაკისრიათ?
- მე სამეგრელოს მოსახლეობასთან ურთიერთობა მევალება. ამ არაჩვეულებრივ ხალხს არაერთხელ შევხვდი და რეგიონში იმაზე უკეთესი ვითარება დამხვდა, ვიდრე მოველოდი - მათ ბიძინა ივანიშვილისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, ხელისუფლებით უკმაყოფილება კი დღითი დღე იზრდება.
მე არ მოვდივარ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ დადგინდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს თანამდევი პროცესი იქნება. მთავარი მიზეზი, რისთვისაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, არის ის, რომ გულგრილად ვერ ვუყურებ იმას, რაც საქართველოში ხდება, რამაც ზურაბ ჟვანია შეიწირა. დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ქვეყანა ომსაც თავიდან აიცილებდა, ბიზნესმენებთან დამოკიდებულებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა და ბევრი სხვა პრობლემაც, რომელიც დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა. ზურაბ ჟვანიას არსებობა არაერთ თანამდებობის პირს მოურყევდა სავარძელს ხელისუფლებაში. ამჯერად მე, ზურაბ ჟვანიას ძმა, ვარ გუნდში, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს საზოგადოების წინაშე, რომ ქვეყანაში გატარდება საჭირო რეფორმები ყველა სფეროში და ნორმალური განვითარების გზას დავუბრუნდებით. ეს პროცესი გარდაუვალია.