ტასო აბაშიძის იუბილე

ტასო აბაშიძის იუბილე

კვირას, 10 თებერვალს, რუსთაველის თეატრში შესდგა ქართული სცენის დამამშვენებელის, ტასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.

ამ საღამოს რუსთაველის თეატრი არა ჩვეულებრივს სანახაობას წარმოადგენდა. მსახიობი ქალის პატივსაცემად აუარებელ საზოგადოებას მოეყარა თავი. თეატრი ვერ იტევდა დამსწრეთ. ყოველი კუნჭული და კუთხე-გასავალი დაკავებული იყო. ბევრიც უბილეთობის გამო უკან გაბრუნდა.

წარმოადგინეს ძველი ფრანგული კომედია „პარიზელი ბიჭი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული სცენის უხუცესთ, საზოგადოების საყვარელ მსახიობთ ვასო და მაკო აბაშიძეებმა. იუბილიარი ასრულებდა პარიზელი ბიჭის ჟოზეფის როლს.

იუბილიარის გამოსვლას სცენაზედ საზოგადოება ფეხზე ადგომით და გულმხურვალე ტაშით შეეგება. გადმოაბნიეს ყვავილები და მისალოცი ფერადი ბარათები. ამ საღამოს იუბილიარი შეუდარებელი იყო.

კომედიის შემდეგ წარმოადგინეს ოპერეტა „მასკოტ“-ის უკანასკნელი მოქმედება. იუბილიარი მღეროდა ბეტინას პარტიას. აქაც თავისი ხმით და ცოცხალი ხალისიანი თამაშით დაატკბო საზოგადოება.

დასასრულს შესდგა საზეიმო მილოცვები. ყვავილებით მორთულს სცენაზედ თავი მოეყარათ აუარებელ კულტურულ-საზოგადოებრივ დაწესებულებათა წარმომადგენლებს.

მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა თვით იუბილიარი, რომელიც მოჰყავდათ თავის მშობლებს ვასო და მაკო აბაშიძეებს. მუსიკამ ტუში დაუკრა. მთელი საზოგადოება ფეხზედ ადგა და ოვაციები გაუმართა. მსახიობთა კავშირის სახელით მიულოცა აკაკი ფაღავამ. საქართველოს კომისართა საბჭოს სახელით მიმართა მარიამ ორახელაშვილმა. მან აღნიშნა მისი ღვაწლი და უსურვა კვლავ ნაყოფიერი მუშაობა მშობლიურ სცენაზედ.

კომისართა საბჭომ ამასთანავე იუბილიარს მიართვა 500 ჩერვონეცის მანეთი. სრულიად საქართველოს ხელოვანთა და მწერალთა კავშირების სახელით მიმართა მგოსანმა ი. გრიშაშვილმა. ქალაქ ბათომიდან იყო დელეგატათ წარმოგზავნილი მსახიობი ალ. იმედაშვილი. მიულოცეს სახელმწიფო ოპერის, ქართულ აკადემიური დრამის, სომხური, რუსული, თურქული და სახალხო სახლის ქართულ დრამის წარმომადგენლებმა, ქალაქ დუშეთიდან ს. რევაზიშვილმა, ქალაქის აღმასკომის სახელით მიულოცა მოქ. ბუხნიკაშვილმა და განაცხადა, რომ აღმასკომმა იუბილიარს მიართვა 200 მანეთი ჩერვონეცით. 50 გირვანქა სტერლინგი მიართვა ორმა უცნობმა ქართველმა.

იყო აგრეთვე სხვა მრავალი მოლოცვები, წერილები, მოსალოცი დეპეშები საქართველოს ყველა კუთხიდან.

მოსკოვიდან დეპეშით მოულოცა რეჟისორმა ა. წუწუნავამ. იუბილიარმა ამასთანავე მიიღო მრავალი საჩუქრები და ფული სხვადასხვა პროფკავშირებიდან.

დასასრულს საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით მიმართა თვით იუბილიარმა, გულწრფელი მადლობა გადაუხადა „მისი მცირე ღვაწლის ასეთი დაფასებისთვის“. ზეიმი დასრულდა ღამის 2 საათზედ.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას