ჯუმბერ პატიაშვილი - ეროვნული მოძრაობის რჩეული

ჯუმბერ პატიაშვილი - ეროვნული მოძრაობის რჩეული

„სახალხო პარტიის“ განცხადებამ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილის მხარდაჭერის შესახებ, ერთი ცნობილი კახური თქმა გამახსენა, რომელიც ასეთ სიტუაციებს ზუსტად შეესაბამება.

ოღონდ, ვიდრე ამის თაობაზე საუბარს შევუდგებოდე, მცირე გადახვევის სახით, ისიც მინდა ვთქვა, რომ კახური იუმორი, გარეგნული სიტლანქის მიუხედავად, სინამდვილეში, საოცრად მახვილგონივრულია და თვით ინგლისური იუმორისათვის დამახასიათებელ შინაგან სიღრმესაც არ არის მოკლებული.

მაგალითად, ზოგადქართული იუმორის ერთ-ერთ მწვერვალად მიმაჩნია ცნობილი ანეკდოტი კაკლის (!) ძირში წამოკოტრიალებულ მიხოზე - ამერიკელი მილიონერი რომ კაკლის ხეს ევაჭრება.

გემრიელი სადილის შემდეგ მიხო მშვიდად თვლემს ხალიჩაზე კაკლის ხის „ჩეროში“. მივიდა ამერიკელი მილიონერი და იმ კაკლის ხეში მილიონი დოლარი შესთავაზა. მარომ (მიხოს ცოლმა) დედაკაცურად შეჰკივლა: „ადე, კაცო, მილიონ დოლარს გაძლევს, ცხოვრებაში სანაღვლო აღარაფერი გექნებაო“. მიხო აიმრიზა, თვალი ძლივს გაახილა, შეწუხდა, მაგრამ თვითდამამშვიდებელ არგუმენტს უმალვე მიაგნო: „ახლა რა მენაღვლება რო?..“ და გადაბრუნდა მეორე ბეჭზე.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს ანეკდოტი ჭეშმარიტი შედევრია. იმ ერის ხასიათის ზუსტი, ლაკონური და ამავდროულად ფილოსოფიურად ღრმა ასახვის თვალსაზრისით, რომლის წიაღშიც იგი შეიქმნა. მკითხველი მიხვდება, რომ კახურად უფრო უხეშად ჟღერს (ახლა რა, არა მკი...ააა?!), თუმცა ამით ეს შედევრი ნამდვილად არ კარგავს ელვარებას, ვინაიდან მაინც საოცრად ზუსტად და ხატოვნად აღწერს ქართული ხასიათის უმთავრეს თვისებას.

ეს არის საწყისი.

 ბუნებრივია, სრული აბსურდი იქნებოდა ქართველი პოლიტიკოსებისგან რაღაც „განყენებული ზნეობა“ მოგვეთხოვა - იმ ზომითაც კი, რამდენადაც ზნეობა საერთოდ შეიძლება იყოს დამახასიათებელი პოლიტიკისთვის. მაგრამ ამ თვალსაზრისით, 1988 წლიდან საქართველო რუსთაველის „ჰიპერბოლათა“ განსხეულების ასპარეზად იქცა, ანუ ჩვენში ყველაფერი ჰიპერბოლიზებულია და (წმინდა კლინიკური თვალსაზრისით) განსაკუთრებულად ავადმყოფურიც.

1988-89 წლების დაუვიწყარი მოვლენებიდან უკვე 11-12 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ტყუილად ჰგონიათ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ის მოვლენები საქართველოში ოდესმე დაკარგავს პოლიტიკურ შინაარსს და თეორიულ ისტორიად იქცევა.

სინამდვილეში, 1988 წლიდან - 1993 წლამდე გადაწყდა სწორედ საქართველოს მომავალი ბედი და განისაზღვრა მისი მომავალი განვითარების ვექტორი.

ამიტომ იმდროინდელი ფიგურები ვერასდროს შეძლებენ გაემიჯნონ საკუთარ წარსულს, ან „თანამედროვე“ კონიუნქტურისა თუ პარტიული ანგარების შესაბამისად იცვალონ პოზიცია, ვინაიდან სინამდვილეში, პარტია კი არ ქმნის პოზიციას (როგორც მათ ჰგონიათ და უნდათ), არამედ პირიქით - პოზიცია ქმნის პარტიასაც და პოლიტიკურ ფიგურასაც.

ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებასთან შერიგება ქართველ პოლიტიკოსებს არაფრის დიდებით არ სურთ. ამიტომაც, იმ დაუვიწყარი მოვლენებიდან დღემდე, პოლიტიკა საქართველოში „საინტერესო სანახაობის“ დონეს ვერ გასცილდა: მას შემდეგ ვინ ვის შეეკრა, ვინ ვის დაუკავშირდა, ვინ ვისთან შევიდა ალიანსში, ვინ ვისთან გაერთიანდა, ვინ ვის გაურიგდა... ერთი სიტყვით, სწორედ ის ვითარება შეიქმნა, რომელსაც ზემოთ ნაგულისხმევი კახური „თქმა“ შეესაბამება. ანუ ვისი „ვიოლინო“ - ვის „როიალშია“.

მოსწრებულობის მიუხედავად, მისი გაზეთში მოყვანა (უწმაწურობის გამო) ყოვლად დაუშვებელია. ზოგადად ვიტყვი მხოლოდ, რომ იგი ასახავს მრავალსუბიექტურ „ვითარება-სცენას“, როდესაც ძნელი გასარჩევი და გასარკვევია, რომელ სუბიექტს რომელთან აქვს კავშირი და ვისი „ინტერესთა სფეროთი“ ვინ არის დაინტერესებული.

თავისთავად, ამ ვითარებას ერთგვარი ინტრიგა ყოველთვის ახლავს თან და, ვინაიდან ადამიანის თვალი სცენას ერთბაშად ვერ მოიცავს, დეტალების დაზუსტება ხანგრძლივი პროცესი ხდება, - რაც ახანგრძლივებს შთაბეჭდილებას.

სწორედ ამ მხატვრულ მეთოდს წარმატებით იყენებს „კინოხელოვნების“ ერთი ცნობილი ჟანრი, რომლის მეთოდოლოგია იმთავითვე გულისხმობს „მრავალსუბიექტიან, დინამიკურ მიზანსცენათა“ სიმრავლეს.

თუმცა, ის კახური თქმა, ალბათ, ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ვიდეოფილმების (მით უმეტეს, ამ სპეციფიკური ჟანრის) წარმოება, ყოველ შემთხვევაში, კონვეიერული წესით, ნამდვილად არ არსებობდა.

„სახალხო პარტიის“ ლიდერთა განცხადებით, მათი ორგანიზაცია „უკვე 22 წელია“, რაც არსებობს. ფორმალური თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ეს, რა თქმა უნდა, „ასე არ არის“, ვინაიდან „სახალხო პარტია“ სულ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა.

ყოველ შემთხვევაში, არა უადრეს 1990-91 წლებისა.

დეკემბერ-იანვრის მოვლენებისას ამ პარტიის პროკლამაციები მეტროში ვრცელდებოდა. პროკლამაციის ავტორები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ „გარეშე ძალები” საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას ცდილობენ.

თუმცა, დღევანდელ „სახალხოს“ ლიდერებს მაშინ იმ ორგანიზაციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. „თავიანთ ორგანიზაციაში“ კი ისინი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გულისხმობენ და არცთუ უსაფუძვლოდ. სწორედ „სახალხო პარტიის“ დღევანდელმა მმართველმა ჯგუფმა დააფუძნა 1978 წელს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია გია ჭანტურიასთან ერთად, უფრო ზუსტად (იმდროინდელი ჩანაფიქრით) აღადგინა სპირიდონ კედიას პარტია.

მას შემდეგ, რაც მოხდა და რაც დატრიალდა საქართველოში, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ „ედპ“ - მთავარი და ერთადერთი მოქმედი პირი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ არც „უკანასკნელი“ იყო.

იმ მოვლენათა გახსენებასა და დღევანდელობაზე ექსტრაპოლირებას აზრი არა აქვს - ისევე, როგორც მორალის კითხვას.

ამჟამად შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილის მხარდაჭერის შესახებ ამ ორგანიზაციისა და, შესაბამისად, მოქმედი ფიგურების პოლიტიკურ ისტორიაში „საკვანძო გადაწყვეტილებაა“, რის შემდეგაც წარსული მეთოდების, სტერეოტიპების, მოტივაციების და, მით უმეტეს, პოზიციებისკენ შეტრიალება აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა.

თუ ბუნებრივი ამრეზისა და ფუჭი აშღფოთების გარეშე გავაანალიზებთ არსებულ ვითარებას, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ განსაკუთრებული ან გასაკვირი არაფერი მომხდარა: პოლიტიკოსი ყოველთვის ბუნებრივად ცდილობს თვითგადარჩენას, ყოველთვის ცდილობს, მოექცეს „აღმავალ“ და არა „დაღმავალ“ ტალღაზე. ამჟამინდელი ვითარების მთავარი მსაზღვრელი ის არის, რომ განვლილი ათწლეულის განმავლობაში მოხდა იმ იდეალთა და ფასეულობათა სრული დევალვაცია, რომელთაც „ეროვნული მოძრაობა“ ეფუძნებოდა.

ამის დასადასტურებლად უამრავი შესაძლო არგუმენტიდან მხოლოდ ერთს მოვიყვან: „სახალხოს“ ლიდერები ცდილობენ, გაამართლონ პატიაშვილის მხარდაჭერა სუბიექტური მოტივაციით და ასევე სუბიექტური (ოღონდ ნეგატიური) მოტივაცია დაასაბუთონ შევარდნაძის წარსულ მოღვაწეობაში.

იხსენებენ, მაგალითად, 1983-1984 წლების „თვითმფრინავის საქმეს“ და სხვა.

მაგრამ საკითხის ასე დასმა „მოძრაობის“ მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს ეწინააღმდეგება - ისევე, როგორც მის პოლიტიკურ დოქტრინას. შეგახსენებთ, რომ როდესაც „მოძრაობა“ 1988-1989 წელს მართავდა მიტინგებსა და მანიფესტაციებს (ეს პროცესი საბოლოოდ, ლოგიკურად დამთავრდა 9 აპრილის „სისხლიანი ჩეხვით“), არც ერთი ეს აქცია არ იყო მიმართული კონკრეტული სუბიექტის (პატიაშვილის, შევარდნაძის, გორბაჩოვის და ასე შემდეგ) წინააღმდეგ. „მოძრაობის“ ლიდერები მაშინ გვარწმუნებდნენ (დაინტერესებულ მკითხველს ეს უეჭველად ემახსოვრება), რომ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვინაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - „იგი მარიონეტია და მხოლოდ „კრემლიდან მიღებულ მითითებებს“ ასრულებს“.

ოღონდაც, არც „კრემლი“ იყო პერსონიფიცირებული და არ დაიყვანებოდა არათუ შევარდნაძის, არამედ გორბაჩოვის ფიგურებზე.

„კრემლში“ იგულისხმებოდა იმპერია, იმპერიული სისტემა, იმპერიული რეჟიმი და ასე შემდეგ.

1990 წლის 9 აპრილს (ტრაგედიის წლისთავზე) „მთავრობის სასახლესთან“ დემონსტრანტებმა დაწვეს რუსი გენერლის ფიტული, მაგრამ გია ჭანტურიამ და ირაკლი წერეთელმა მკაცრად აუკრძალეს ამ აქციის ორგანიზატორებს, ეწოდებინათ ფიტულისთვის „გენერალი იგორ როდიონოვი“, რათა არ მომხდარიყო პრობლემის პერსონიფიცირება.

მიაქციეთ ყურადღება: დღეს ეს ვითარება შეიცვალა, რაც ყველაზე ზუსტად მეტყველებს „მოძრაობის“ იდეალთა დისკრედიტაციასა და დევალვაციაზე. ისე გამოდის, თითქოს 70-იანი წლების მოვლენები საქართველოში „შევარდნაძის მმართველობის“ გამოვლენა იყო და არა კომუნისტური რეჟიმისა. ან თუ ჯუმბერ პატიაშვილი იქნებოდა ხელისუფალი (ედუარდ შევარდნაძის ნაცვლად) – 1983 წელს „თვითმფრინავის გამტაცებელთა“ ბედი სხვაგვარად გადაწყდებოდა და არა ისე, როგორც მოსკოვმა გადაწყვიტა.

სწორედ ეს მომენტია მართლაც ყველაზე მეტად ნიშანდობლივი დღევანდელ ვითარებაში: ჯუმბერ პატრიაშვილის „მხარდაჭერა“ პოზიციის შეცვლა იმიტომ კი არ არის, რომ იგი პერსონალურად აგებს პასუხს 9 აპრილზე ან კომუნისტური ეპოქის სხვა მოვლენებზე. მთავარია, რა ფენომენთან ასოცირდება იგი ამომრჩევლის თვალში, რას წარმოადგენს მისი პროგრამა (და აქვს თუ არა პროგრამა საერთოდ).

საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ თუკი ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების არსი წინსვლასა და წინსწრაფვას უნდა გულისხმობდეს, არაფერი ახალი პატიაშვილს არ მოაქვს. მაშინ, როდესაც შევარდნაძე უკვე უეჭველად ასოცირდება არა მისი ადრინდელი მმართველობის პერიოდთან (1972-1985 წლები), არამედ 1992-2000 წლებთან.

ეს არის ფაქტი და, როდესაც ამ ფაქტს პოლიტიკოსი არ ითვალისწინებს, ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური მოტივაცია საერთოდ აღარ აქვს.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გასული კვირის პოლიტიკური „გადათამაშებები“ სინამდვილეში, მეტ-ნაკლებად ქაოსური ხასიათისა იყო და რაიმე გააზრებულიო სტრატეგიის შედეგი არ ყოფილა. „ბათუმური დაჯგუფება“ (ეს ცნება უფრო ფართოა, ვიდრე „აღორძინების ბლოკი“ და კიდევ უფრო ფართო, ვიდრე საკუთრივ „აღორძინების“ პარტია), რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური, სახელისუფლებო და ფინანსური ჯგუფის ერთგვარი კონფედერაციაა. ამ კონფედერაციის მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა.

თუმცა, წინასწარი მოლაპარაკება ან შეთანხმება, მოქმედების შემდგომ ტაქტიკაზე, მათ არა აქვთ.

რაც ყველაზე უცნაურია, და, ერთი შეხედვით, პარადოქსული -  კონფედერაციის ერთ-ერთ სუბიექტს, ანუ აჭარის მმართველ დაჯგუფებას („აღორძინებას“) ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა აზრადაც არ მოსდის. მისი მიზანია ავტონომიურ რესპუბლიკაში პოზიციათა შენარჩუნება-განმტკიცება. ამ სტრატეგიული მიზნის აღმასრულებლად იგი იყენებს იმ „თბილისურ დაჯგუფებებს“, რომელთაც მართლაც სურთ ხელისუფლების შეცვლა. ოღონდ ეს დაჯგუფებები, ჯერჯერობით ვერ ხვდებიან, რომ მათი ბათუმელი პარტნიორის მიზანია, არსებობდეს მუდმივი დაძაბულობა, ოპოზიცია იყოს მუდმივად უკმაყოფილო, ანუ მუდმივად დარჩეს ოპოზიციაში, ვინაიდან, თბილისში ხელისუფლების შეცვლისას უმალვე ცხადი გახდება მთავარი: ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ყველა პრობლემა (საზღვაო აკვატორიის დაცვიდან - საბაჟომდე და გადასახადებამდე) პრობლემადვე დარჩება - ვინც უნდა იყოს თბილისში ხელისუფალი.

ამ რეალობიდანვე გამომდინარეობს უკვე უეჭველი გარემოება, რომ ასლან აბაშიძე არც აპირებდა, კენჭი ეყარა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და იმთავითვე განზრახული ჰქონდა, ეს პატივი პატიაშვილისთვის დაეთმო. მაგრამ თავად არ აპირებდა ამ თვალსაზრისით აქტიურობას რათა „ჩანაცვლების“ ინიციატორი თვითონ ან ყოფილიყო.

კიდევ კარგი („ბლოკისთვის“), სხვა სუბიექტები დროზე მიხვდნენ, რომ თუ არ გამოიჩენდნენ ინიციატივას, საერთოდ კანდიდატის გარეშე დარჩებოდნენ. ამიტომ, პატიაშვილის განაცხადი ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე შეიტანეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ბათუმიდან ამ „ღონისძიებას“ კეთილგანწყობილი „მხრების აჩეჩვა“ მოჰყვებოდა  - რაკიღა ასე გნებავთ, კი ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანას, ამ თვალსაზრისით, არავითარი აზრი არ ჰქონდა - მმართველი პარტია საერთოდ რომც არ დათანხმებულიყო ცვლილებებზე, ბოიკოტი აჭარაში, ალბათ, მაინც არ გამოვიდოდა. ოფიციალური ბათუმი მოახერხებდა „დაერწმუნებინა“ პარტნიორები, რომ ჯუმბერ პატიაშვილს ეყარა კენჭი.

მოქალაქეთა კავშირის დათმობამ პოლიტიკური კონფიგურაცია თვისებრივად შეცვალა, თუმცა, შედეგი ანალოგიურია: უკანასკნელ მომენტში ასლან აბაშიძე საკუთარ კანდიდატურას მოხსნის პატიაშვილის სასარგებლოდ.

მაგრამ ეს შემდგომ ეტაპზე – ამჟამად კი აუცილებელი იყო სხვა პოლიტიკური სუბიექტი („სახალხოს“ სახით), რათა ერთსა და იმავე პოლიტიკურ ბლოკს ორი კანდიდატი არ წამოეყენებინა არჩევნებში.

ასლან აბაშიძე და ჯუმბერ პატიაშვილი „ბათუმური დაჯგუფების“ კანდიდატები არიან, რაც, ვიმეორებ, უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე „აღორძინების“ ბლოკი.

მამუკა გიორგაძეს კი (კოორდინირებული მოქმედების სანაცვლოდ) კვლავინდებურად აქვს იმედი, რომ მოხვდება პარლამენტში. სამი-ოთხი თვის შემდეგ ქედაში უნდა გაიმართოს „მაჟორიტარული არჩევნები“, თუმცა, ჩამოყალიბებული ტაქტიკის შესაბამისად, ასლან აბაშიძე უკანასკნელ დღემდე არ გაამჟღავნებს, აპირებს თუ არა „სახალხოელთა“ ლიდერის ხელდასხმას.

მამუკა გიორგაძეს უკანასკნელ მომენტამდე ექნება იმედი, ოღონდ ძალზე საეჭვოა, აჭარის ლიდერმა უშუალო მანდატი (მაჟორიტარული არჩევნები უშუალო მანდატს გულისხმობს, განსხვავებით პარტიული არჩევნებისგან) ჩააბაროს თბილისელ პოლიტიკოსს, რომლის მთლიანად მართვაც საეჭვოა.

რაც შეეხება ჯუმბერ პატიაშვილის საპრეზიდენტო პერსპექტივას, რა თქმა უნდა, იგი მიზერულია.

„სახალხოსთან“ ალიანსი ხმებს მას კიდევ უფრო შეუმცირებს ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე, ვინც არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს მრავალჯერადი დამარცხება 1989-2000 წლებში, იმდენად ისევ და ისევ სუბიექტურ ფაქტორებს არ უკავშირდება, რამდენადაც „მოძრაობის“ მიერ სისხლით (9 აპრილის სისხლით) დამკვიდრებულ დოგმატებსა და დოქტრინას, რომელიც მას შემდეგ (დღემდე) „პირნათლად“ ხორციელდება.

ხორციელდება „მოძრაობის“ ფასეულობათა დევალვაციის მიუხედავადაც კი, ვინაიდან „სისხლით შექმნილი“ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური დომინანტები ხელისუფლებას დღემდე მანევრის საშუალებას არ უტოვებდნენ.

თუმცა, ვითარება დღეს სერიოზულად იცვლება, - ყველაზე ზუსტი ინდიკატორი სწორედ „მოძრაობის“ ყოფილ ლიდერთა ქმედებაა - ამ თვალსაზრისით, გასაოცარი ალღო აღმოაჩნდათ.

მხოლოდ ზოგი მათგანი თუ შეურიგდა ბედს.

სხვები ცდილობენ, ახალ ტალღასაც სათავეში (ქეჩოზე) მოექცნენ ისევე, როგორც 1987-88 წლებში. ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობა ამჟამად შეუდარებლად „დაბრძენებულია“ - განვლილმა ათწლეულმა მას შესძინა ყველაზე ძვირფასი (დიახაც!) თვისება, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ელექტორატს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას: ჯანსაღი ცინიზმი.

რაკი პოლიტიკოსები ასეთი ცინიკოსები აღმოჩნდნენ, რაკი მათი დღევანდელი ქმედება უცდომელად ადასტურებს, რომ მაშინ, იმ მარად დაუვიწყარი მოვლენების დროს (როცა ცხვრებივით მიერეკებოდნენ ხალხს 9 აპრილის სასაკლაოსკენ) არაფერი ამოძრავებდათ სოციალური ფსკერიდან ზედაპირზე ამოტივტივების სურვილის გარდა, რაკი ასე ადვილად შეიცვალეს არათუ ლექსიკა, არგუმენტაცია, არამედ სტილი და ორიენტაცია, - მოსახლეობასაც ნუღარ მოსთხოვენ განსაკუთრებით კდემამოსილ დამოკიდებულებას.

ეს ძვირფასი თვისება ქართველებს მაშინ იმ დოზითვე რომ გვქონოდა, რამდენიც ლიტველებს, სომხებს, აფხაზებს, ყირგიზებს, თათრებს, ლატვიელებს, უკრაინელებს, ყალმუხებს და ასე შემდეგ, საქართველო ყველაფერს მთლიანად არა, მაგრამ ძალიან ბევრ უბედურებას გადარჩებოდა.

ამიტომაც, დღევანდელი ქართული „პოლიტოკრატიის“ „მრავალსუბეიქტიანი დინამიკური მიზანსცენა“ სხვა დამოკიდებულებასა და შეფასებას არც იმსახურებს, ვიდრე იმ კახურ სკაბრეზში, რომელიც 9 აპრილის შემოქმედ ცინიკოსთა მორალურ დამღად უნდა იქცეს.

„მარკირებისგან“ განსხვავებით, ამ დამღას ვერასდროს ჩამოირეცხავენ.