ზოდელავა-ნათელაშვილის ხმაურიანმა დაპირისპირებამ ლეიბორისტების პარტიაში ამტყდარი განხეთქილება ვერ ჩააქრო. მუშების პარტია რამდენიმე წონიანმა წევრმა დატოვა და როგორც თავად აცხადებენ, მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც თან გაიყოლა.
იმის გასაგებად თუ რა ხდება ლეიბორისტების ქვემოთ და ლეიბორისტების ზემოთ ყოფილ ლეიბორისტს, წინა მოწვევის თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს მაია ელოშვილს მივმართეთ.
ქ-ნო მაია, ნათელაშვილმა, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვება ორჯერ მოიპოვა, მაგრამ ჩანს, იგი გამარჯვებებს ვერ იყენებს რაშია საქმე?
- ბ-ნი შალვა საქმის კაცი არ არის, იგი უბრალოდ ნიჭიერი ორატორი და ლაყაფისტია. თავის დროზე პარტია დილარ ხაბულიანმა გააკეთა, მაგრამ იმ საპარლამენტო ფრაქციასაც თუ გადავხედავთ, არცერთი წევრი არ შემორჩენია.
რატომ დაიწყო კამპანია ნათელაშვილმა მაინცდამაინც ზოდელავას წინააღმდეგ, თუკი მერი კორუმპირებული იყო, ეს ეხლა დაინახა?
- გააჩნია კორუმპირებულს რას ვეძახით. მე ვერ გეტყვით ვანო ზოდელავა რამდენად კორუმპირებულია. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, როცა ადგილობრივი ბიუჯეტის 70-80 პროცენტი სოციალურ სფეროზე მიდის, ხოლო ამ სფეროს კურატორი ქალაქის მასშტაბით ქალაქის პრემიერის მოადგილე მუხრან მდივანი ლეიბორისტული პარტიის წევრია, ცოტა უხერხულია ზოდელავა კორუფციაში დაადანაშაულო. ისე კი მე მგონი ეს მართლა კამპანია უნდა იყოს.
ვის ინტერესებში უნდა იყოს თბილისის მერის წინააღმდეგ ამგვარი კამპანიის აგორება?
- შეიძლება ხელისუფლების გარკვეული ჯგუფიდან, შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ძალისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დაუკვირდებით ნათელაშვილის მიერ არჩევნების შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებს, ყველაფერი ნათელაშვილივით ნათელი გახდება, მან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.
რას გულისხმობთ?
- მოგახსენებთ, მე მაქვს ინფორმაცია, ნათელაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს საკრებულოს თავჯდომარის ადგილში 1 მილიონი აშშ დოლარი მოსთხოვა, რაზეც მან უბრალოდ უარი განუცხადა, შეიძლება სხვამ გადაუხადოს. ასე რომ, ჩემო კარგებო, მითი შალვა ნათელაშვილის სიღარიბის შესახებ ბლეფია.
თქვენი აზრით, რატომ არ წყდება სკანდალი ლეიბორისტულ პარტიაში, რატომ გარბიან თანაპარტიელები ნათელაშვილისგან მაინცდამაინც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და თქვენ თვითონ რატომ დატოვეთ პარტიის რიგები?
- ჯერ კიდევ პირველი მოწვევის საკრებულოშივე იყო პრობლემები. როგორც აღმოჩნდა ნათელაშვილი ყველას თანამდებობას შეპირდა და ამან შიდა ფრაქციული დაპირისპირება გამოიწვია. გარდა ამისა, თუკი არჩევნებამდე მოქალაქეთა კავშირი ჩვენი მოწინააღმდეგე პარტია იყო, უკვე საკრებულოში ნათელაშვილმა მათთან აშკარა თანამშრომლობა წამოიწყო. ფაქტობრივ ბუნებრივად ხავერდოვნად მოხდა ლეიბორისტული ფრაქციის გამარჯვებული ჯგუფის და მთლიანად ოპოზიციის დაშლა საკრებულოში, რაც შალვა ნათელაშვილის მართვის, ორგანიზატორული ნიჭის უუნარობამ და არასწორმა პოლიტიკურმა თამაშმა გამოიწვია. ბუნებრივია, ვინც შეძლო ნათელაშვილის შეცდომების დანახვა, მართლაც პანტა-პუნტით გაიქცნენ, მათ შორის მეც. არ შეიძლება ყველა ცუდი იყოს და მარტო ნათელაშვილი იყოს კარგი. თუკი ნათელაშვილი კვლავ გააგრძელებს ლეიბორისტული პარტიიდან წასულების კორუმპირებულად მოხსენიებას, მე პირადად, მაია ელოშვილი, პატივის და ღირსების შელახვისათვის სასამართლოში ვუჩივლებ.