პარაგვაი და ბოლივია - იშვიათად თუ შეხვდება მკითხველი სამხრეთ ამერიკის ამ ორი პატარა რესპუბლიკის სახელს პრესაში.
და მხოლოდ ახლა, როცა ბუმბერაზი კაპიტალისტური სახელმწიფოები გააფრთებით ემზადებიან საომრად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაუბედავთ მისი დაწყება, დეპეშას მოაქვს ცნობა, რომ სამხრეთ ამერიკაში დაიწყო ომი.
ბოლივიამ ომი გამოუცხადა პარაგვაის, თუ პირიქით - პარაგვაიმ იკისრა ომის დაწყების პასუხისმგებლობა.
ტიკინების ჩხუბი დაიწყო. ეს შედარება იმიტომ კი არ მოგიყვანეთ, რომ ამით პატარა სახელმწიფოებისადმი უპატივცემლობა გამოვხატოთ. არა ეს არის ფაქტიური მდგომარეობის ასახვა.
ამ ორ პატარა რესპუბლიკას თავისი პარლამენტიც ჰყავს, პრეზიდენტიც, არმიაც, ფლოტიც, პარტიებიც, - ყველაფერი რაც ფორმალურად თითქოს დამოუკიდებლობის დამახასიათებელი ატრიბუტებია, მაგრამ ნამდვილათ მათი მთავრობები ასუნსიონში ან ლა-პასოში კი არ არის, არამედ ვაშინგტონში და ლონდონში. ამერიკელი და ინგლისელი ბირჟევიკები განაგებენ ფაქტიურად ამ ორ რესპუბლიკას.
და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი პრეზიდენტი ერთ თვესაც ვერ დარჩება ხელისუფლების სათავეში, თუ ამერიკელ და ინგლისელ ბირჟევიკებისათვის ეს ხელსაყრელი არ არის.
პატარა პარაგვაის ეკონომიკაში ინგლისის კაპიტალი ბატონობს. ბოლივიაში - შეერთებული შტატების.
ამას კიდევ უნდა დაემატოს ის ფაქტი, რომ იმ პატარა ტერიტორიაზე, რომლის გამო ხმლების ლესვას შეუდგნენ ორივე რესპუბლიკაში და ზარბაზნები აგუგუნდა, რამდენიმე წლის წინათ ნავთის წყაროები აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ მკითხველისათვის აშკარა ხდება სად მარხია ძაღლის თავი.
იქ, სადაც ინგლის-ამერიკის კაპიტალების ინტერესი ერთმანეთს ეჯახება და, განსაკუთრებით იქ, სადაც ნავთის სუნი სდის, თოფის წამლის სუნი ტრიალებს და სისხლი იღვრება.
ტერიტორია, რომლისთვისაც ბოლივია-პარაგვაი ერთმანეთს შეებნენ, რამდენიმე წლის წინათ არავის არ აინტერესებდა. მას შემდეგ, რაც ნავთი გამოჩნდა იქ, ორივე რესპუბლიკა არაჩვეულებრივი სიყვარულით გაიმსჭვალა ამ უპატრონო ტერიტორიისადმი.
ბოლივია მას თავისად თვლის.
პარაგვაიც ამტკიცებს მასზე თავის უფლებებს.
ზარბაზნები აგუგუნდნენ. ვისი ფალავანიც გაიმარჯვებს, ნავთიც მას შერჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულმა შტატებმა დროულად დაიწყო თავისი ფალავნის შეიარაღება: თოფ-ზარბაზნები მრავლად იგზავნებოდა შეერთებული შტატებიდან ბოლივიის არმიის შეიარაღებლად ჯერ კიდევ 1927 წლიდან.
ამრიგად, ნიუ-იორკელ ბირჟევიკების და ნავთის მრეწველების მხარეზე აღმოჩნდა საგრძნობი უპირატესობა. თუმცა ამ ფაქტში არაფერია გასაკვირი: ინგლისის ბებერ იმპერიალიზმს უკანასკნელი წლების განმავლობაში დედამიწის თითქმის ყოველ კუთხეში უხდება პოზიციების დათმობა ამერიკის ახალგაზრდა და ძლიერი იმპერიალიზმის შემოტევის ზეგავლენით.
ალბათ ასე მოხდება ახლაც.
ინგლის-ამერიკა ერთმანეთს ებრძვიან ნავთის წყაროებისათვის. ქონდრის კაცები კი ერთმანეთს თავს ამტვრევენ „ნაციონალური ღირსების“ დასაცავად, ნამდვილად კი - კაპიტალისტთა ცალკე ჯგუფების ინტერესებს ემსახურებიან.
როგორც დეპეშები იუწყებიან, ბოლივია-პარაგვაის ომი შეწყდა იმ დრომდე, სანამ პან-ამერიკული კონფერენციის სპეციალური კომისია გამოიტანდეს თავის დასკვნას კონფლიქტის შესახებ.
პან-ამერიკულ კონფერენციაზე ბატონობს შეერთებული შტატები. აშკარაა, თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს კომისია.
არგენტინამ, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთმა დიდმა სახელმწიფომ უარი სთქვა კონფლიქტის განხილვაში მონაწილეობაზე. ბურთი და მოედანი კონფლიქტის „მოგვარებაში“ ამერიკელ ბირჟევიკებს დარჩათ. ცხადია, რომ ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შემთხვევას ხელთ იგდონ ნავთის ახალი წყაროები.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას