გივი გუმბარიძე მრავალი თვალსაზრისით მართლაც უცნაური ფიგურაა. 1990 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც იგი საკუთარი ნებით გადადგა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის თანამდებობიდან (28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების გამო) იგი „ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ“ - არავინ იცის.
ამბობდნენ, თბილისში ცხოვრობს და ქუჩაში არ გამოდისო, ზოგიერთი ცნობით კი, მოსკოვში გადასახლდა.
საქართველოს ლიდერი იგი გახდა 1989 წლის აპრილში - 9 აპრილის მოვლენათა შემდეგ.
თბილისში ჩამოსულმა რაზუმოვსკიმ (არა ედუარდ შევარდნაძემ, არამედ სწორედ რაზუმოვსკიმ - პოლიტბიუროში იგი კურირებდა საკადრო საკითხებს) გორბაჩოვს ურჩია გუმბარიძე დაენიშნა საქართველოს ხელმძღვანელად.
გუმბარიძეს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, - მოვლენები საქართველოში უკვე თვითდინებით ვითარდებოდნენ. ძველი ხელისუფლების, ძველი სისტემის დამარცხება გარდაუვალი იყო. გუმბარიძეს მხოლოდ იმ სისტემის შერბილება შეეძლო. მან, უპირველეს ყოვლისა, „ინტელიგენციასთან“ დაახლოება სცადა, მაგრამ ამაოდ, - კომუნისტური საზოგადოების ელიტა უკვე გრძნობდა, რომ ძველი სისტემა განწირული იყო და მომაკვდავ ხელისუფლებასთან ალიანსს გაურბოდა.
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ეს ელიტა დღესაც სდებს ბრალს გუმბარიძეს უმოქმედობაში, - ზვიად გამსახურდიას აღზევებისას. „ელიტარული ინტელიგენცია“ დღემდე დარწმუნებულია: გუმბარიძეს შეეძლო არ დაეშვა ზვიად გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ამგვარი ბრალდება გუმბარიძის მიმართ სრულიად უსამართლო და უსაფუძვლოა: 9 აპრილის კომუნისტურ ხელისუფლებას ფაქტობრივად ძალაუფლება აღარ გააჩნდა. ეს თუნდაც იქედან ჩანს, თუ რა ადვილად დაიკავა ირაკლი წერეთელმა „იმელის“ შენობა, გუმბარიძემ კი მისი აქედან გამოძევებაც ვერ გაბედა.
იგივე გუმბარიძეს რომ მაშინ რაიმე ზომები მიეღო ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთლის წინააღმდეგ, სწორედ ის, „ინტელიგენტები“ აუყვირდებოდნენ, რომლებიც დღეს სდებენ ბრალს: „ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა როგორ დაუშვაო“.
გუმბარიძემ 1989 წლის დეკემბერში სცადა „ეროვნული ქარიზმის“ მოპოვება, როდესაც მართლაც კარგი სიტყვა წარმოთქვა სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე - 9 აპრილის მოვლენათა განხილვის დროს. მაგრამ ყოველივე ამაო იყო. კომუნისტურმა ისტებლიშმენტმა საქართველოში თავისი დრო მოჭამა, უფრო ზუსტად, მას უნდა გაეგრძელებინა არსებობა სხვა ფორმით.
მიხეილ გორბაჩოვმა სწორედ ეს სიტყვა არ აპატია გივი გუმბარიძეს. გადადგომის შემდეგ, კომპარტიაში არსებული წესისამებრ, გორბაჩოვს იგი სამუშაოთი უნდა დაეკმაყოფილებინა. „დააკმაყოფილა“ კიდეც, - სოჭის ქალაქკომის მეორე მდივნობა (!?) შესთავაზა.
ეს იყო აშკარა დაცინვა, რის შემდეგაც გუმბარიძე სახლში გამოიკეტა და განდეგილი ცხოვრება დაიწყო. ხალხში კი პოპულარობა მოიპოვა ანეკდოტმა. „რას აკეთებს გივი გუმბარიძე?“ – „მრგვალი მაგიდების კოოპერატივი გახსნა“.