მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, როდესაც ევროკავშირი შემდგომ გადაწყვეტილებამდე მივა, საქართველო ნამდვილად წაიწევს წინ ევროინტეგრაციის გზაზე

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, როდესაც ევროკავშირი შემდგომ გადაწყვეტილებამდე მივა, საქართველო ნამდვილად წაიწევს წინ ევროინტეგრაციის გზაზე

ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება და ვხედავთ, როგორც იყენებს ოპოზიცია ამ საკითხს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, არ წყდება ახალი სპეკულაციების მოფიქრება და ვითომ პრობლემების წინაშე ქვეყნის დაყენება, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ხანმოკლე და მარტივი პროცესი და იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელის თბილისის ძალისხმევას სათანადოდ შეაფასებს.

„ჩვენ გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების გამოცდილება და, რა თქმა უნდა, იგივე მონდომებითა და სულისკვეთებით შევასრულებთ 9 რეკომენდაციასაც. იმედი მაქვს, როდესაც შეფასების მომენტი დადგება, შესაბამის შეფასებასაც მიიღებს საქართველო, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე.

მაგრამ ამას სჭირდება ინტენსიური კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ჩვენი ძალისხმევა ამ ნაბიჯების სწორად შესრულების კუთხით. იმედი მაქვს, როდესაც ევროკავშირი შემდგომ გადაწყვეტილებამდე მივა, საქართველო ნამდვილად წაიწევს წინ ამ გზაზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.