ირაკლი ზარქუა: ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება იქნება საჯარო

ირაკლი ზარქუა: ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება იქნება საჯარო

2020 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სამთავრობო ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროობას მოკლებული გახდა. შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს მიმართულება გადაიხედა და ღია და გამჭვირვალე გახდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე.

„რეალობა ისაა, რომ 2020 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით სამთავრობო ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროობას მოკლებული გახდა. შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს მიმართულება გადაიხედა და ღია და გამჭვირვალე გახდება. ეს სწორიცაა: ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზე. როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, „გახარიებმა“ და ხელმოცარულმა ოპოზიციამ ამაზე დაიწყეს შეტევა. როდესაც გაიგეს, თუ რასთან გვქონდა საქმე და რომ ეს მათი ლიდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო თავის დროზე, შემდეგ უკვე შეცვალეს ტექსტი და ტონალობაც. ეს არის მათი ხელწერა. მთავარია, რომ ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება იქნება საჯარო, გამჭვირვალე და ეცოდინება ერსაც და ბერსაც“, - აღნიშნა ზარქუამ.

მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავრობის მეთაურის განკარგულებების გამოქვეყნება დაიწყო. ეს ინიციატივა ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, რომელმაც მთავრობის პირველივე სხდომაზე თქვა, რომ მთავრობის ყველა განკარგულება საჯარო უნდა გახდეს.