პირობითად "ურჩხული" უკვე კარგა ხანია ზესტაფონში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. რას არ გაიგონებთ მასზე - ზოგის აზრით, რვამეტრიანია, ზოგიც ამბობს, რომ ორი თავი აქვს, ზოგის ვარაუდით, აფრიკიდან შემოჰყვა მანგანუმს და ა.შ. რაც უფრო მეტ ადამიანს ეკითხებით, მით მეტ ინფორმაციას იგებთ ქვედა საქარის ტბის ბინადარზე. მაგრამ ეს ყველაფერი ყველამ მხოლოდ გადმოცემით იცის, თუმცა, სოფელ ქვედა საქარაში მის სანახავად იმ ადამიანებიდან, ვინც გზაში შემხვდა, არავინ ჩასულა.
სხვა რა გზა იყო, გადავწყვიტე, თავად მომენახულებინა ურჩხულის ადგილსამყოფელი. ტაქსისტი, რომელსაც გავუმხილე, სად მივდიოდი, იმდენად აღფრთოვანდა იდეით, რომ ფასდაკლებითაც კი წამიყვანა.
გზას კითხვა-კითხვით გავუდექით, ქვედა საქარის შესასვლელში ჩემი ტაქსის მძღოლი ქუჩაში მომავალ ბავშვს აჩერებს და ეკითხება - "ერთი, ძამია, მითხარი, ის ხვლიკი თუ ნიანგი რომაა ტბაში, მანდ როგორ მივიდეთ?" - მისამართიც მიგვასწავლეს და ნანატრ ტბას მივუახლოვდით.
ტბის ნაპირას სასაფლაოა და იქვე რამდენიმე ახალგაზრდა ზის. კითხვაზე, იყო თუ არა ეს ის ტბა, რომელსაც ვეძებდით, უარით გვიპასუხეს. თქვეს, რომ ადგილობრივები არ იყვნენ, ურჩხულის შესახებ არაფერი სმენოდათ. თუმცა ერთ მათგანს ხელში საკმაოდ მოზრდილი თევზსაჭერი ეჭირა, რომელიც დენზე მუშაობს, რაც ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა მეც და ჩემი ტაქსის მძღოლსაც.
სხვა რა გზა იყო, უკან დავბრუნდით, თუმცა, გადავწყვიტეთ, იქვე მდებარე მაღაზიაში შეგვევლო. მაღაზიის გამყიდველმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ჩვენ სწორ მისამართზე ვიყავით მისულები, თუმცა რატომ გვითხრეს უარი, ვერ გავარკვიეთ. შესაძლოა, კონკურენტები ვეგონეთ და ტბასთან მყოფი ახალგაზრდები ურჩხულზე ნადირობდნენ, თუმცა ესეც ალბათობის დონეზე. მაღაზიის გამყიდველმა ქალბატონმა ერთი ისტორიაც გაიხსენა:
"ზესტაფონის გამგებელი 4 ჯიპით მივიდა ტბასთან, შეხედა, გადახედეს, გადმოხედეს და წავიდნენ. არავის არაფერი არც მოუკვლევია. ისე, მეზობელს გაუგონია, რომ იმის გასარკვევად, არის თუ არა რამეო, ვინც არ "გვევასება", ის გადავაგდოთო", - ამბობს ქალბატონიც., რომელიც კატეგორიულად მოითხოვს ჩვენგან, რომ მისი სახელი არ ვახსენოთ რეპორტაჟში.
ამასობაში რამდენიმე ადამიანი შემოიკრიბა მაღაზიასთან და აღშფოთებულები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ერთი ურჩხულის გამო ასეთი ამბავია ატეხილი, ხოლო ქვედა საქარის გზა ჯერ კიდევ სარემონტოა და ამაზე არავინ წერს. თუმცა, ბოლოს მაინც ურჩხულისა და მასთან მებრძოლი ძაღლის ამბავს დავუბრუნდით.
"ეს ძაღლი ისეთი იყო, ვერც ერთი სხვა ძაღლი ვერ ეკარებოდა", - დანანებით ამბობს ერთ-ერთი ქვედა საქარელი, - "ოთხი კბილი ჰქონია ჩასობილი კისერში, რომ გამეიყვანეს".
ვინაიდან და რადგანაც მხოლოდ ერთი თვითმხილველია იმის, თუ რამ მოკლა ძაღლი, გადავწყვიტეთ, ჩვენ სწორედ ის ადამიანი მოვძებნოთ. ერთ-ერთ ოჯახთან ვჩერდებით - ქალბატონი ნაზი ახლა სწორედ იმ თითქმის ლეგენდარული ტბისკენ მიდის, იქ ძროხები ჰყავს საბალახოდ გაშვებული. თან გვითხრა, რომ სწორედ იმ ოჯახში მიგვიყვანდა, ვისი ძაღლიც ურჩხულმა შეიწირა.
"მაინც საშიშია, ბიჭმა გამაფრთხილა, რომ ტბაში არ ჩახვიდეო. კი მეშინია მაგრამ საქონელი იქეთ გვყავს და მაინც მიწევს ჩასვლა", - ამბობს რესპონდენტი, თან ორღობეს მივუყვებით.
„სხვათა შორის, ის იმისთანა ძაღლი იყო, მეტი რომ არ შეიძლებოდა", - ვაგრძელებთ საუბარს თემაზე "რამ მოკლა ძაღლი".
ამირან ხალილულაევი სწორედ ის ადამიანია, ვისი ძაღლიც ურჩხულს ემსხვერპლა, თავად სახლში არ არის, თუმცა მისმა დედამ, ქალბატონმა ქეთინომ, რომელიც პროფესიით პედაგოგია, სახლში შეგვიპატიჟა.
ისტორია ერთი თვის წინ დაიწყო: ძაღლი, რომელსაც სახელად "დოგი" ერქვა და პიტბულის ჯიშის იყო, იმის გამო, რომ საქონელი იყო მოსაყვანი, პატრონთან ერთად ტბისკენ გაემართა. საღამო ხანი იყო. ძაღლმა წყალში შეცურა და მისი ტრაგიკული ისტორიაც აქედან იწყება:
"ჯერ სირბილი დაიწყო. რაღაცას კი ეჩხუბებოდა, მერე რაღაცამ უკბინა, შემოეხვია და ჩაითრია. ჩემი შვილი ამბობს, როგორ ვიფიქრებდი, რომ რამე მოერეოდაო. თავდაპირველად ეგონა, რომ ტომარა წამოეცვა თავზე, მაგრამ მერე რომ დააკვირდა, ტანზე რაღაც დიდი ჰქონდა შემოხვეული. თვითონაც წყალში შევარდნილა, ათი წუთი ეძებდა და რომ ვერაფერი ნახა, უკან გამოვიდა", - ყვება ქალბატონი ქეთინო თავისი შვილის ისტორიას.
ცნობისათვის, მისი შვილი ამირანი ექიმია და თერჯოლის საავადმყოფოში მუშაობს.
"მერე მეზობლის ბიჭები წაიყვანა. მერე იმათაც ძებნეს, იმ ღამეს ვერ ვიპოვეთ, ვერც მეორე დილით, შემდეგ შუადღით ნახა მეზობელმა - წყალს გამოერიყა, ორი დიდი ნაკბენი ჰქონდა კისერში".
თავად ქალბატონი ქეთინო ამბობს, რომ მეორე დღეს მან და მისმა მეზობელმაც ნახეს სავარაუდოდ გველი, რომელიც ძალიან დიდი ზომის იყო. თუმცა, დაზუსტებით რა ხდება ტბაში, ვერავინ ამბობს. ახლა უკვე შესვლასაც ვერ ბედავენ. ჩვენ ქალბატონ ქეთინოსთან ერთად ისევ ტბისკენ წავედით.
ვერსიები მრავალია. ტბა, რომელიც ფეროს შენადნობთა ქარხანას ესაზღვრება, უკვე მრავალი წელია დაჭაობებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ ლითონის ნარჩენები ირეცხება და ფეროს ქარხანას არხით უკავშირდება. იქვეა ლიანდაგები, საიდანაც ლითონი და წიდა შემოდის გადასამუშავებლად. თუკი მათ დავუჯერებთ, აქ აფრიკიდანაც კი შემოაქვთ გადასამუშავებელი მასალა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მასალას შემოჰყვა ურჩხული, რომელიც შემდეგ იქვე მდებარე ტბაში აღმოჩნდა.
ძაღლი ტბის პირას გაიხრწნა. თუმცა, მიუხედავად შიშისა, ახლაც ისევ დგანან ხოლმე მეზობლები ტბის პირას, თან საქონელი ძოვს, თანაც ტბას აკვირდებიან, ეგებ კიდევ ამოვიდეს ურჩხული. ისე, ამბობენ, რომ საღამო ხანებში უფრო იშვიათად ჩნდება, ხმაური არ უყვარს.
"მსოფლიო არ შეძრა ამ ძაღლმა? ხან ვინ გვირეკავს და ხან ვინ. ხალხიც მოდის ტბასთან, ნახულობენ. ისე კი მაინტერესებს, რამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ამ ყველაფერზე?" - მეკითხება ქალბატონი ნაზი, რომელიც უკვე ტბასთანაა ჩამოსული და დაკვირვებით უყურებს ტალღებს, - "მთვარეზე მიდიან და მზეზე და მოგვხედონ, მაინცდამაინც მარცხი უნდა მოხდეს? თუ მართლა რაღაცაა და ფაქტია, რომ ამხელა ძაღლი დაახრჩო, ხომ შეიძლება რომ გამოიკვლიონ".
მოსახლეობა უარყოფს, რომ შეშინებულია, თუმცა ერთი კი ფაქტია - საღამოს ტბასთან ახლოს მცხოვრებნი ფანჯრებს ღიას არ ტოვებენ, მაინც ეშინიათ. უკან დაბრუნება მარტო მიწევს. გზად კიდევ ერთი ქვედა საქარელი მხვდება. როგორც აღმოჩნდა, ლერი გოგიაშვილი ის ადამიანია, რომელმაც ტბის პირას მკვდარი ძაღლი ერთ-ერთმა პირველმა ნახა.
"კისრის არეში ჰქონდა ნაკბენები. რამ უკბინა - გველი იყო, ხვლიკი თუ ნიანგი, არ ვიცი. ისე, გამგებელმა თქვა - საშიშროება არ არსებობსო, ამოვავსებთ ამ ტბას და ეს იქნებაო".
ქვედა საქარის კიდევ ერთი მცხოვრები ნოდარ აბესაძე თავისებური ინტერპრეტაციით ჰყვება ამ ამბავს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფლის სხვადასხვა მხარეს პიტბულ "დოგისა" და ფეროს ტბის ურჩხულის ორთაბრძოლას სხვადასხვა ინტერპრეტაციით ყვებიან. ურჩხული ზოგან 8 მეტრის სიგრძისაა, ზოგგან უფრო მეტის ჰგონიათ; ზოგიც ამბობს, რომ ორი თავი აქვს; ზოგს კიდევ ორი ურჩხული ჰგონია ტბაში, საიდანაც ერთი დააძინეს ადგილობრივმა სამსახურებმა და ჩუმად გააპარეს ქალაქიდან. მოკლედ, გააჩნია რომელ მხარეს მიდიხართ, ურჩხული ან იზრდება ან პატარავდება, ან თავების რაოდენობა და მსხვერპლიც იმატებს.
"მოკლედ, ტბაში მყოფი ძაღლი რომ შეეთამაშა ჯოხის ნაჭერს, რაღაც ეტაკა და დეიკარგა ძაღლი. ამბობენ, ბიმბულაო თუ რაღაც ასეთი ჯიშის იყო. ვინც რას ლაპარაკობს. არაფერი არაა სიმართლე, მხოლოდ ესაა საკვირველი, რამ მოკლა ძაღლი?" - კითხულობს ნოდარ აბესაძე.
იქვე მყოფი მეზობლებიც გვიერთდებიან და დიალოგის პროცესში ებმებიან. დიდი ნაწილი პესიმისტურად უყურებს ტბაში რაიმე ურჩხულის არსებობას და ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს იყოს გველი, მაგრამ არაუმეტეს 2 მეტრი სიგრძისა.
"კაი, კაცო, რვა მეტრიანი გველი აქ კი არა ნილოსში არაა", - ამბობს გზად მიმავალი საქარელი ქალბატონი.
ისე, ნოდარ აბესაძის მეზობელი ჯემალ ბობოხიძე ახალგაზრდობის ისტორიას იხსენებს, თუ როგორ ნახა "ტრუბისსიმსხო" გველი დაახლოებით იმავე ადგილებში: "მე მართლა დევინახე 15 წლის წინ ამ ტრუბისმსხო გველი. ისე რამდენ წელს ცოცხლობენ გველები?" - მეკითხება რესპონდენტი. "აი, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით", - ვპასუხობ. "ჰოდა ასვალტის ქარხნის ბოლზე ვიყავი მაშინ. მაგის ღმერთი რა იქნა და ის თუ გაიზარდა, კი იქნება 8 მეტრიანი. იმისთანა უბედური ადგილია იქ, ნიანგიც კი გეიზრდება".
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კატეგორიულად უარყოფს ტბაში რაიმეს არსებობას. ზესტაფონის გამგებელი ფანტაზიას უწოდებს ამ ყველაფერს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას (სამწუხაროდ, ჩვენ მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ).
ადგილობრივები გვთავაზობენ, რომ საღამომდე დავრჩეთ და უბნის "ბირჟაზე" უფრო დეტალურად შევიტყობთ ყველაფერს. სამწუხაროდ, ვერ ვრჩებით, რაზეც საქარელები იცინიან და ამბობენ - აბა, თქვენ ზედაპირულად გინდათ მასალის მომზადებაო. კითხვა "რამ მოკლა ძაღლი?" კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება.