რატომ და ვის ემუქრება სიკვდილით ცნობილი რაგბისტი, რაგბის კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი? ამას ამ ინტერვიუდან გაიგებთ:
- ცინიზმსაც ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს? ვინც ჩემს საქმეში ნაციონალების დროს იყვნენ გამომძიებლები, ისინი არიან დღესაც და ისინი საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ? იმ უბედურებაში, რაც თავზე დამატყდა, სამი პიროვნება ფიგურირებს: ზურა დანელია, თემურ გოგიბერიძე და ლიკა კახიანი და სამივე დღესაც მოძრაობს პროკურატურაში საკმაოდ წარმატებულად, რადგანაც პროკურატურიდან მქონდა სიტყვიერი შემოთვლა, რომ ქალაქის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი არის დანელიას შვილის ნათლია, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილი - დანელიას კურსელიო და მეტი რა გითხრათ? მერე რაა, რომ ეს ხალხი აღარ არის პროკურატურაში? მათი ხალხი ხომაა? რომ არ დაგაბნიოთ, საქმე ეხება სამშენებლო კომპანია "ლიბერთი სითის" მიერ დაწყებული სახლის მშენებლობას, რომელიც დაიწყო 2007 წელს, სახლი მდებარეობს ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს. ჩვენ ფული შეგვატანინეს 2008 წელს ომის დაწყებამდე და სახლის მისამართი უნდა ყოფილიყო ჭავჭავაძის #5 ა. თავდაპირველად რომ მივედით, დაგვხვდა უკვე აშენებული ოთხი სართულის კარკასი და მეხუთე სართულის აშენებას იწყებდნენ და მერე მივხვდით, რომ ესეც წინასწარ იყო გათვლილი. ამ დროისთვის არსებობდა 9-სართულიანი სახლის პროექტი, და გვითხრეს, სახლი უნდა დამთავრდეს მაქსიმუმ წელიწად-ნახევარშიო. დასაწყისში დაახლოებით 120 ადამიანი ვიყავით მომავალი მობინადრეები, მაგრამ შემდგომ, იმ ადამიანებმა, ვინც "ნაციონალებთან" დაახლოებული იყვნენ, თანხა უკან გაიტანეს, ანუ ფული დაიბრუნეს თავად "ნაცების" დროს და დღეისთვის მობინადრეების რიცხვი 85 ადამიანზე ჩამოვიდა.
და თქვენ არავინ გაგაფრთხილათ, რომ თქვენც გეშველათ თავისთვის?
- როგორ გეკადრებათ, ომი დაიწყო და დამთავრდა ერთ კვირაში და 2008 წლის სექტემბრის ბოლოს კომპანია აცხადებს, - გავკოტრდიო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ თვეში კიდევ სხვა ადამიანებისგან იღებს ფულს! იმ ხელშეკრულების თანახმად, რაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული, ყოველ დაგვიანებულ დღეზე უამრავი თანხა ერიცხებათ და ჩემი 40 ათასი ასულია სადღაც 360 ათას დოლარზე, ამასობაში კი გამოვიბერტყეთ ყურები და მივხვდით, რომ ეს მახე იყო. 2009 წლის დასაწყისში იქ უკვე ატყდა ერთი ამბავი და ყველა ითხოვდა, ფული დაგვიბრუნეთო.
და დამბრუნებელი ვინ არის?
- აი, ზუსტად მანდა ვარ: მინდა გითხრათ, რომ ის სამეული არსად წასულა, ნაბიჯი არსად არ გაუდგამთ. ისინი აგრძელებდნენ ფულის მიღებას და, დავინახეთ, რომ ჭიანურდება საქმე და ავტეხეთ ერთი ამბავი, პროკურატურას მივმართეთ, სადაც უარი განგვიცხადეს საქმის მიღებაზე. 2009 წლის მარტში მოხერხდა და პროკურატურამ გამოაცხადა, რომ, ვითომ დაიწყო საქმის გამოძიება. გადის 6 თვე და არავინ გვეძახის დაკითხვაზე. მაინც მოვახერხეთ და გამომძიებლებს ძალით ვაწერინებდით ჩვენებებს, მაგრამ პროკურატურაში აქტიურებს მალე დაგვიწყეს ლაპარაკი, გაჩუმდით და ენას კბილი დააჭირეთ, თორემ ყველაფერს დაკარგავთო, ზოგს - შვილს სამსახურიდან მოგიხსნითო, ანუ, როგორც ხდებოდა, ზოგს რა უთხრეს და ზოგს რა... 2009 წელმა ჩაიარა მოტყუებით, ამასობაში, სანამ ჩვენ ვეძებდით ხელის მოსაჭიდ ხავსს, 2010 წელს აშენებული 5 სართული სადღაც გაქრა...
რას ნიშნავს გაქრა?
- კომედიას გიყვებით ხო?! შეგიძლიათ არ დაიჯეროთ, მაგრამ მე გიყვებით რეალობას. ეს აშენებული სართულები დაანგრიეს, რადგანაც ტერიტორია თვალში მოხვდა გიგი უგულავას და დამტკიცებული პროექტი, რომელზედაც ხელი გვქონდა მოწერილი და, რომლის მიხედვითაც ცხრასართულიანი სახლი შენდებოდა, დაიდო ახალი 22-სართულიანი სახლის პროექტი. 2011 წელს ჩვენ ძველი მობინადრეები უკვე ახალ სიაში, ფაქტობრივად, გავქრით, იმიტომ, რომ იდენტიფიცირება აღარ ხდებოდა იმ ხელშეკრულებით, რაც მქონდა დადებული წინა პროექტზე. ვიცი, ამ ახალი სახლის მშენებლობას ისინი ნამდვილად ელოდებოდნენ, როგორც კი 2012 წლის არჩევნებს გადააგორებდნენ, რადგანაც ამ უზარმაზარ სახლში ლაპარაკი იყო მილიონებზე. ანუ ამ სამსაც რჩებოდა მოგება, პროკურატურასაც და გიგი უგულავასაც, ყველას ჰყოფნიდა! ამასობაში ვხვდებით გამომძიებელს, რომელიც გვეუბნებოდა, - მშვიდად იყავით, არ ინერვიულოთ, დღე-დღეზე დაიწყება მშენებლობა, ინვესტორი მონახულია და მეც მანდ ვიშენებ და მშვიდად ვარო, ამას ამბობდა გამომძიებელი ავთო კვერნაძე. მერე გადავამოწმე და კვერნაძის ხსენებაც არ იყო სიაში! მოკლედ, პროკურატურა იყო გაუვალი კედელი. სხვათა შორის, ამ პერიოდში შევხვდი ბრტყელ-ბრტყელად მოლაპარაკე "ნაცი" რომ არის, დავით საყვარელიძე, ერთხელ ველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ ეს არის ნაძირალების უსტაბაში. მორალი წამიკითხა: რას ლაპარაკობთო, ასეთი რამის მოტყუება სად ხდებაო? რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრას არავითარი რეზონანსი არ მოჰყოლია, ამასობაში ისეთი ნომრები დამიგროვდა ამ პროკურატურის, რომ გინდ იქ დაგერეკა და გინდ მთვარეზე, არავინ პასუხობდა და, რატომ, გეტყვით: გავარკვიე, რომ მთელი ეს ბიზნესი იყო ორი ადამიანის, გიგი უგულავასა და გია ბარამიძის და აი, მაშინ მივხვდი, რატომ მისცეს უფლება ამხელა დარღვევის, რადგანაც 9 სართულიდან 22 სართულამდე აშენების უფლების მიცემა ურთულესი მოსაგვარებელია, მაგრამ მათთვის სიძნელე რა იყო? ამის შემდეგ 2012 წელს ისინი აგებენ არჩევნებს, ახალ მთავრობას იმედმიცემულებმა რიგრიგობით მივწერეთ, რომ ამ უბედურებაში დაგვხმარებოდნენ. ვწერდით წულუკიანს, კბილაშვილს, ბესელიას. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, ყველა მათგანმა გვიპასუხა, მაგრამ ყველამ გადამამისამართა პროკურატურისკენ და თავად კბილაშვილმაც გვითხრა, გამოვიძიებთო. ვინ რა გამოიძია? ისევ ადგილებზე კარგად სხედან ის გამომძიებლებიც და პროკურორებიც, კვერნაძე გადაიყვანეს სხვაგან, მაგრამ უმუშევრად დაუტოვებიათ.
და პროკურატურამ, რაო?
- პროკურატურაში ვხვდებოდით 4-5-თვიანი ინტერვალით პროკურორებს, გამომძიებლებს, გამომძიებლების ზედამხედველებს და იყო მაგიდაზე ხელის დარტყმა და "ამას დავიჭერ, იმას დავიჭერ" ძახილი, გვეუბნებოდნენ, მოდით, კიდევ მივცეთ ამ თაღლითების ტრიოს დრო, ეგება მშენებლობა დაიწყონო. ამასობაში ესენი სხედან თბილისში, ამათგან ერთს, იგივე ლიკა კახიანს ოთხ სხვადასხვა ადგილას სახლი აქვს, მეწილეა ტელეკომპანია "ენკიბენკის", დანარჩენებიც ქალაქში არიან, უამრავი ფული აქვთ და არავინ აწუხებთ! ჩვენი სახლის ადგილას კი შემოღობილია და ამოთხრილია უზარმაზარი ორმო, აბსოლუტურად არაფერი არ აშენებულა. მთლიანობაში ლაპარაკია 3 მილიონზე და ესეც ჩვენ გამოვთვალეთ, თორემ გამომძიებელს რომ ვკითხეთ, რა თანხაზეა ლაპარაკი, აქეთ გვკითხა, ეგება თქვენ იცოდეთო და ვინმე მეტყვის, რომ ამ სამეულს არ ჰყავს პატრონი? საბოლოოდ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წელს თუ ეს ადამიანები ჩვენ, ყველას, ვალებს არ გაგვისტუმრებდნენ, მიწა გაჰქონდათ აუქციონზე და ბუნებრივია, აუქციონზე ის ვიღაც ამ მიწას ჩვენი დავალიანებებით იყიდდა და გაგვისტუმრებდა. ბოლოს, გამომძიებლები გვეუბნებოდნენ, რადგან ასე გაჭირდა საქმე, თქვენ მოძებნეთ ინვესტორი და ჩვენ ამათ ვაიძულებთ, რომ მიწა გაყიდონო. ინვესტორები მათ 3 მილიონ-ნახევარ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ სამეული არ დასთანხმდა, ითხოვეს 5 მილიონი, რომ ამ სიტუაციიდანაც კი მეტი მოგება ნახონ და ამაზე პროკურატურამ სიტყვაც არ უთხრა სამეულს, ხმა არ გასცა! თქვენ წარმოგიდგენიათ, მათ არავინ მფარველობდეს და ასე გვექცეოდნენ ამდენ გამწარებულ ადამიანს?! კახიანმა ერთხელ განაცხადა, - იმდენი ხარჯი მაქვს გაწეული პროკურატურაში, რომ ეს თანხა უნდა ავინაზღაუროო. თუ რას ნიშნავს პროკურატურაში დახარჯული თანხა, ეს არ დააკონკრეტა. ანუ პროკურატურაც გამაზული ჰყავს. ჩემი აზრით, წარსულშიც ასე იყო და არ გამოვრიცხავ, დღესაც ფული მისდის პროკურატურას ამ ხალხისგან, რადგანაც, ვიმეორებ, იგივე ადამიანებთან ვკონტაქტობთ. ამის გამო ვართ ჰაერში გამოკიდებულები. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ამ ბოლო დროს ჩემს ფიქრებთან მარტო რომ ვრჩები, მინდა ამ სამიდან რომელიმეს დავხვდე, მაგრამ ქალაქში ვერსად დავიჭირე და რას ვიზამ, ეგ უკვე არ ვიცი. ამას წინათ კახიანმა ვითომ ინვესტორი მოიყვანა და იმ შეხვედრაზე რომ მობრძანდებოდა და იქ გადამეკეტა გონება და, მოკლედ, ამის შემდეგ დაირეკა პატრულში და, ისინი რომ მოვიდნენ, იქით მიჭერდა პატრული. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაცები ვესროლე, ნუ, გინება თავისთავად... არ ვიცი, ხვალ თუ სადმე შემხვდა კიდევ ეს ხალხი, იქ რა ამბავი მოხდება, რადგანაც ჩემს სიცოცხლეში არავის არაფერი შეუწერია ჩემთვის და ეს სამეული აშკარად მაწერს თანხას და შვილების მრცხვენია.
ვუკავშირდებით კომპანია "ლიბერთი სითის" ერთ-ერთ თავკაცს ზურაბ დანელიას, რომელსაც ძალიან უცნაური რეაქცია ჰქონდა სიტყვა "ჟურნალისტზე", ეს იყო სრული ისტერიკა!
- (ყვირის) რა ინტერვიუს იღებთ ჩემგან, რის ინტერვიუს, ნიაზ მამრიკიშვილთან დაკავშირებით, ჯერ ხომ უნდა მკითხოთ, არა, რას აკეთებთ?
რატომ ნერვიულობთ? კომენტარზე გირეკავთ!
- მე რა მაქვს სანერვიულო, ინერვიულოს იმან, ვინც თქვენ მოგმართათ! ნუ ჩართავთ ჩამწერს! არა აქვს მაგასაც სანერვიულო, ოთხი ბინა აქვს მიღებული სამაგისოდ! ხოდა, ძალიან გთხოვთ!
ვისა აქვს ოთხი ბინა მიღებული?
- (ყვირის) ნუ დამელაპარაკებით ამ თემაზე! ნიაზ მამრიკიშვილმა მევახშემ მოგმართათ? იპოთეკაში რომ ჰქონდა ბინები ჩადებული? ამის სანაცვლოდ მიიღო, რა ჰქვია, იმ ქუჩაზე, რა ქუჩა არის, იქ მიიღო ბინა!
თქვენგან მიიღო?
- "იბერია სითიდან" და ნუ დამირეკავთ!
ამის შემდეგ უკვე ვუკავშირდებით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თემურ დოლიძეს:
- ვიცი ეგ ამბები, ბინათმშენებლობები და, გასაგებია, მაგრამ მე რა შემიძლია? მოქალაქეს პროკურატურის წინააღმდეგ ისა აქვს, რომ იგივე გამომძიებლები იძიებენ, ხო? ნუ, ახლა, სწორად გამიგეთ, რა პასუხი უნდა გავცე? რა უნდა მოვუსმინო? ერთადერთი შემიძლია, მაშინდელი გამომძიებლების სახელები გავიგო და დღეს ვინ იძიებს, თორემ ადამიანი რაღაცას აცხადებს... არ ვიცი! არც ერთ საქმეში ძველები არ არიან, მაინც გადავამოწმებ და დაგირეკავთ.
არ დაურეკავს!