ძარცვა – ქართულად

ძარცვა – ქართულად

მართალია, სახელდობრ, ჩვენს სამშობლოში კრიმინალური სამყარო წელშია გადამსხვრეული და თავსაც ვიწონებთ მაჩვენებლით – მთელი ევროპის მასშტაბით თბილისი ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქიაო, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ჩვენებური კრიმინალები ევროპას ბართლომეს ღამეებს უხვად უწყობენ.

კერძოდ, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელ კარაბინერებს (თითქოს საკუთარი მაფიოზები არ ჰყოფნიდათ) ჩვენი თანამემამულეებისგან შემდგარი 33-კაციანი დაჯგუფება დაუკავებიათ. ზედაც, ამოუღიათ 5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები (საერთო ღირებულებით – მილიონ ევროზე მეტი), ხოლო, დაკავებულების ბინების ჩხრეკისას 150 000 ევროც მიუყოლებიათ. ეს იმ ფონზე, როდესაც მძარცველებს უკვე მოუსწრიათ მოლდოვასა და საქართველოში 180 000 ევროს გადმორიცხვა. რაც მთავარია, ჩვენებურები ბინებში საკეტის დაზიანების გარეშე აღწევდნენ (აი, მესმის კრეატიულობა!).

ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა დაკავებულების საქართველოში ექსტრადიცია, სამაგიეროდ, უკვე გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ევროპის მასშტაბით თავი გვარიანად გვაქვს მოჭრილი.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ მილიარდ 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (თან, ეს მხოლოდ ოფიციალური გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ, რეალურად, ქვეყანაში ამაზე მეტი თანხაა შემოსული) და დავამატებთ ზემომოყვანილ ინფორმაციას (მძარცველებმა უკვე მოასწრეს 180 000 ევროს საქართველოსა და მოლდოვაში გადმორიცხვა), სავარაუდოდ, უცხოეთიდან საქართველოში ოჯახების სარჩენად გამოგზავნილ თანხაში, შესაძლოა, ნაძარცვი ფულიც იყოს.

აქედან გამომდინარე კი, როგორც ჩანს, კრიმინალური სამყაროს ხერხემალში გადამსხვრევას ორმაგი ეფექტი მოუტანია: ჯერ ერთი, ქვეყნის ტერიტორია გაიწმინდა ნიღბიანი მძარცველი ელემენტებისგან და, რაც მთავარია, მათი საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში ლარის გამყარების საქმესაც ეხმარება (ლოგიკა მარტივია: ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა; ჩვენთან ექსპორტი იმპორტს საგრძნობლად ჩამორჩება, ამდენად, უცხოური ვალუტის შემოდინების ფუნქციას ფულადი გზავნილები ასრულებს).