თოჯინებით წარმოდგენილი სტალინგრადის ბრძოლა? გამოცემა „ინდიფენდენტის“ ჟურნალისტი, მაიკლ ჩარჩი ესაუბრება რეზო გაბრიაძეს, რომელმაც თავისი ტრაგიკომიკური სპექტაკლი ლონდონში წარადგინა.
რეზო გაბრიაძის მონათხრობის თანახმად, ძველი თბილისის ქუჩებში შენობები მიწისძვრამ დააზიანა, კედლები დახეთქილია, კარები აღარ იხურება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თოჯინების ოსტატმა თავის კაფე - თეატრში ისტორია დაიჭირა. თეატრის დარბაზი ისეთია, თითქოს მარკ შაგალს შეუქმნიაო - სკამები ბავშვობისდროინდელი ანარქიის სიმბოლოა ამ ურბანისტულ ქაოსში. ეს თეატრი მან უცნაური მასალით 20 წლის წინ ააშენა.
მის სპექტაკლს მეტაფორული სახელი აქვს - ჩემი გაზაფხულის შემოდგომა. მისი ანტიგმირი ჩიტია. მაყურებელი სხვადასხვა სცენებს ხედავს: საბჭოური ერის პროვინციული ცხოვრება, ავადმყოფობა და კორუმპირებული ბიუროკრატია. პერსონაჟების ძირითადი საზრუნავია ელექტროობა და ჩექმები ზამთრისთვის.
თხელი თოჯინები დიდი სიყვარულითა და ოსტატობითაა დამზადებული. მუსიკაც განსაკუთრებულია: სტალინის ხანის ფოლკლორული სიმღერები და ძველი საგალობლები, აგრეთვე - აკორდეონი, ვიოლინო და მაგიური კავკასიური დუდუკი.
„ღმერთმა ადამიანებს განსხვავებული ენები მისცა, მაგრამ მუსიკა ყველასათვის გასაგებია. იგი საერთო საკაცობრიო ენაა“, - ამბობს ჩემს გვერდით სიბნელეში გაბრიაძე.
გაბრიაძე სულით ხორცამდე ხელოვანია - ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს - თოჯინებსაც კი. სცენარებსაც თვითონ წერს და სცენასაც ხატავს.
მოლიერის მიხედვით, „ყველა საუკეთესო სპექტაკლი ერთი და იმავე ადამიანის დაწერილი და დადგმულია“. ამის თქმა რეზო გაბრიაძეზე გადაჭარბება სულაც არ არის. სამოქალაქო ომმა აიძულა, გზას გასდგომოდა ამგვარად, იგი მოსკოვში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში აღმოჩნდა.
ხოლო როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, დიდი პრობლემები დახვდა - ელექტროენერგიის დეფიციტი და ჩექმები ზამთრისთვის. მისი კომპანია დაიშალა და ხეტიალი დაიწყო.
„ჩემი მსახიობები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ეს არაფერია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი მსახიობია. ეს სპექტაკლი არსებობს ფულის გარეშე და იმ პრინციპით, რომ უფულო ადამიანები ფულიანებზე უკეთესები არიან“.
ლონდონში წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „სტალინგრადის ბრძოლა“. გაბრიაძე მოსკოვში მიიწვიეს, დიდი თეატრი მისცეს და სთხოვეს, რაიმე რუსეთთან დაკავშირებული გაეკეთებინა.
გაბრიაძე იხსენებს: „ერთ დღეს ქუჩაში მეგობარი შემხვდა, მკითხა: რას აკეთებო. მეც ვუთხარი - სტალინგრადის ბრძოლას - მეთქი. ერთ კვირაში ჩემი სიტყვები გამახსენდა და ვიფიქრე, იქნებ მართლაც ეს გამაკეთებინა - მეთქი. ამ საკითხზე ბევრი რამ წავიკითხე, სტალინგრადშიც ვიყავი.
გაბრიაძე ანგლოფილია. მის პიესებზე რუსულმა ლიტერატურამაც მოახდინა გავლენა და ჩარლზ დიკენსმაც. თეატრალურ სამყაროში კი ასეთი პიტერ ბრუკია.
„საბჭოეთის ხანაში თეატრის რეჟისორი იყო კაცი, რომელსაც ბრძანებების გაცემა უყვარდა. პიტერ ბრუკი პირველი ნამდვილი რეჟისორი იყო, რომელიც ოდესმე მინახავს. მან მანახა, რა იყო თეატრი. მარტივი მასალებით მცირე დროში რა საოცრებების მოხდემა შეიძლებოდა“, - ამბობს გაბრიაძე.
მისივე თქმით, „სტალინის ბრძოლა ვოლგაზე იყო ყველაზე პრიმიტიული ბრძოლა ისტორიაში“.
ჩვენს შეკითხვაზე ახალი გეგმების შესახებ, გაბრიაძე ხანმოკლე პაუზის შემდეგ ამბობს;
„ჩვენ ბოლო ხანს ახალი ხილი შემოგვთავაზეს - დემოკრატია. პირველად იგი ძალზე ტკბილი მოგვეჩვენა და ისე, როგორც აღმოსავლელებს შეგვეფერება, მისი სწრაფად გადაყლაპვა გვინდოდა.
ახლა კი კბილები გვემტვრევა. ჩვენ დაგვავიწყდა, თქვენ - ევროპელებს რამდენი ომი და საუკუნე დაგჭირდათ, ვიდრე ამ ხილის მონელებას შეძლებდით“.