ჩვენს ირგვლივ მდგომარეობა ერთობ რთულდება. ყველა ნიშნებია იმისა, რომ სულ ახლო მომავალში ჩვენ შევიქმნებით მოწმენი და ადვილი შესაძლებელია მონაწილენიც იმ მოვლენების, რომელნიც არსებითაც და გეოგრაფიულად გვიახლოვდებიან.
სამხრეთის ცა იკუმშება დღითი დღე: საომარი მოქმედება სომხეთსა და ოსმალეთს შორის თანდათან ძლიერდება და ახალ ფაზაში გადადის.
ჩვენი პროგნოზი მართლდება: სომხეთის რესპუბლიკას მტერი აწვება ჩრდილო-აღმოსავლეთიდანაც და ეს მტერი არის რუსეთი-აზერბაიჯანის ბლოკი. წარმოუდგენელი იყო, რომ მოსკოვს მხურვალე მონაწილეობა არ მიეღო იმ ამბებში, რომელნიც პირველის შეხედვით არის პირდაპირი შედეგი ბაქოში მომხდარ აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის დადგენილებისა.
საბჭოთა რუსეთს ოსმალეთთან შეერთება ესაჭიროება, რათა წინააზიიდან განდევნოს ანტანტის მეთაური ინგლისი და შეამზადოს ნიადაგი აღმოსავლეთის ხალხების აჯანყებისათვის ევროპის იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
ამ მიზნის შესასრულებლად მოსკოვის მმართველები არ დაერიდებიან არავითარ დაბრკოლებას! რუსული კომუნიზმი მიექანება მუსტაფა ქემალ ფაშის საშველად და ლამობს ამ რიგად ჯერ ერთი იხსნას მთელი ოსმალეთი დანაწილებისაგან და მეორის მხრით „დასაჯოს“ ის სახელმწიფო ერთეულიც, რომელიც მონაწილეობას იღებს ოსმალეთის დაშლის პროცესში.
სომხეთმა უკვე მიიღო გაფრთხილება! საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა სომხეთში ლეგრანმა ერევანში ჩასვლისთანავე მრისხანედ შეუთვალა სომხეთის მთავრობას, რომ მას ხელი აეღო სომხეთის დამოუკიდებლობაზე!
სხვანაირად შეუძლებელია გაგება ლეგრანის მიერ წარდგენილი ულტიმატუმისა!
რას მოითხოვს კონკრეტულად კომუნისტების ელჩი სომხეთის მთავრობისაგან?
1. სომხეთის ტერიტორიაზე ყველა გზებითა და მიმართულებით რუსეთის საბჭოთა ჯარებს უნდა მიეცეთ სრული უფლება გადავიდნენ ოსმალეთში ქემალ ფაშას ჯართან შესაერთებლად ანტანტის საწინააღმდეგოდ.
2. სომხეთმა უარი უნდა სთქვას სუვრის ხელშეკრულებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სომხეთის წარმომადგენელმა და რომლის თანახმად ოსმალეთი ხელს იღებდა სომხეთის სასარგებლოდ ვანის, ბითლისის, არზრუმის და ტრაპიზონის ვალაიეთებზე.
კულტურული კაცობრიობა თავის დროზე აღშფოთებული იყო იმპერიალისტურ გერმანიის მიერ ბელგიის სუვერენიტეტის ხელშეხების გამო და მოითხოვდა საერთაშორისო ნორმების ყველასათვის სავალდებულო შესრულებას.
დღეს ჩვენს თვალწინ უკიდურესი სოციალისტები ცინიკურად გამოდიან თვით გამორკვეულ ერთა უფლების დასათრგუნვად თავის ეგოისტურ მიზნების განხორციელებისათვის! რა ადვილი ყოფილა მყვირალა ფრაზების წამოსროლა და სათნოების სამოსელში გამოხვევა.
სოციალისტებს თავი იმით მოჰქონდათ, რომ „იმპერიალისტურ“ სახელმწიფოების ზრახვებს სიტყვით ყველგან და ყოველთვის ებრძოდნენ, მაგრამ როდესაც თვითონ ეს სოციალისტები მოექცნენ ზოგიერთ ქვეყნებში სახელმწიფოს სათავეში, მათ მყისვე დაივიწყეს თავისი დამაიდემებელი აღთქმანი და სინამდვილეში შეუდგნენ დაპყრობითი პოლიტიკის განაღდებას ისეთის სისტემით და სიმკაცრით რომ ძველს დესპოტებს არც კი დაესიზმრებოდათ!
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას