მგოსანო, დიდებული იყავ და დიდებული მახლობელი ანდერძიც დასტოვე. ანდერძი არა ნივთიერი, არამედ, როგორც შენ შეგფეროდა, სულიერი - შენი უკვდავი ნაწერები, და ბოლოს - „სავსებით შეკრება ხალხის ზეპირ-გადმოცემათა“.
საქართველოს სული, მისი ისტორია, ქართველი ერის დაუჯერებელი ტვირთ-მძიმე ტანჯვა-წამებულობა აუარებელ საუკუნეთა შორის, მისი ტანჯვათაშორისი „ვაშა“ აღორძინებისა - თამარის დრო - ისურათ-ხატდება, შენის შეურყეველის რწმენით, შენისავე ერის უკიანე სულში.
ესე სული იყო მასაზრდოებელი, განმწმედელი, განმბანელი, და ფაქიზი სარბიელი შენის მოსიყვარულე მუზისა. შენი პოეზია არის უმშვენიერესი პოეზია ქართველი ერისა, რომლის სულს არასდროს არ დაჰშორებიხარ. მთლიანად ქართველი ერის სულის მოქანდაკე იყავი ყოველთვის მისი დიდებული შვილი, ყოველ ჟამს მოწიწებით მისი ამბორ-მყოფელი.
რაა, რომ ზოგჯერ კიდეც შემოსწყრომიხარ შენს საყვარელს დედას, სწრაფლ გაგიფიქრია განშორებაც კი, - გიყვარდათ ერთმანეთი დიადის სიყვარულითა, და კარგად იცოდი, არსებითაც ჰგრძნობდი, რომ ჰშობილხარ და აღზრდილხარ შენის ერის სულის სითბოში, იცოდი ამასთანავე, რომ ხორციელ მომაკვდავი ხარ, მაგრამ გჰრწამდა, რომ შენი მკვიდრი სავანე იყო მხოლოდ ქართველი ერის სულში, ერის უკვდავების სიღრმეში, და აბა რაგვარ მოჰშორდებოდი მას და ასედადაც დარჩი უკუნისამდე თქვენი ერთობა დაუსაბამო სიყვარულითა.
უკეთუ რომელსამე ერს ჰყოლია ღვიძლი შვილი და მგოსანი, მაშ შენა ხარ და იქნები სამუდამოდ წმინდა ეროვნული დიდი მგოსანი შემოკრებულ ქართველებისა და იქნები ასედად ვიდრე შენი ერი ეროვნებს, მისი თქმა თქმულებლობს და მშვენიერი აღმაფრენა სიმართლისა და უფლებისადმი არ დაჰშრეტია მას.
ჭეშმარიტად შენა ხარ სრულიად საქართველოს უკვდავების ერთ-სული და ერთგული აღმსარებელი შვილი. ჩემი სამგლოვიარო გვირგვინების საღირელი სრულიად-საქართველოს ზეპირ თქმულებათა შემოკრებას მოახმარეთო? - განა უკეთესი ანდერძის დატოვება კიდევ შეგეძლო, მგოსანო?!
შენი ერის სულის აღმსარებელი იყავ და ზღვა სულის, მის ზეპირთქმათა სავსებით შემოკრება სთხოვე შენს ქვეყანას უკანასკნელად. ვინ გეტყვის უარს? - აღგისრულებენ!
მუხლმოდრეკით თაყვანს ვსცემ შენს ცხედარს, ჩვენო მცხოვანო მგოსანო, მე მცირედი შენი მოძმეც.
მ. ქ. ყიფიანი
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას