21 თებერვალს წყალტუბოში 6 წლის გიორგი გველესიანი დააპატიმრეს. ბავშვი, რომელმაც ბინის კართან კონვერტში ჩადებული ასდოლარიანი იპოვა და ფული დედას მიურბენინა, მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოამწყვდიეს და დილამდე ვირის აბანო ახეხინეს!
დაბალი სამართლებრივი კულტურის ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში, თხაც გაუციმბირებიათ და ზარიც, მაგრამ ბავშვების დასჯას პირსისხლიანი დიქტატორებიც კი ეკრძალვიდნენ ყოველ დროსა და ეპოქაში.
ეტყობა, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მოწოდება - „ყველანი ციხეში!“ - ბავშვებზეც ვრცელდება, თორემ წამოჩიტულებს, მოწიფულებს, ჭარმაგებსა და მოხუცებს კამერაში დიდი ხნის წინ უკრეს თავი და ზრდასრულთაგან დასაჭერიც აღარავინ დარჩა.
მართალია, საქართველოს პრეზიდენტს ყოვლისმცოდნისა და ღრმად განსწავლულის იმიჯი კირკიტაძისა და ბექაურის მიერ დაწერილ მოხსენებებში ჭვრიტინმა შეულახა, მაგრამ მთელ „ნაცმოძრაობაში“, რომლის „ბლაღოჩინებსაც“ ჩხუბი და ცემა-ტყეპა სოდომ-გომორის ცოდვისგან ვერ გაურჩევიათ, ყველაზე წიგნიერი და განათლებული ისევ და ისევ სააკაშვილი მგონია!...
ამიტომ, ბატონო მიხეილ, მოგმართავთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, და არა იმ ჩიტირეკიებს, რომლებსაც მუშტი-კრივი და გაწევ-გამოწევა მამათმავლობად და პედარასტიად გამოუცხადებიათ: მეძუძური ბავშვების საპყრობილეში გამოკეტვა ქვეყნის ავტორიტეტსაც ასამარებს და ხელმწიფის სკამსაც დანაფოტებას უქადის. პატიმარი და თოფიანი კაცების შიშით მონუსხული ბავშვი, ბრჭყვიალა საჩუქარსაც თუ აუბრიალებენ თვალწინ და ენას მოუჩლექენ, ათასგვარ სისულელეს მოიმოქმედებს და დედ-მამასაც ადვილად გაწირავს.
გაიხსენეთ პროსპერ მერიმეს გენიალური „მატეო ფალკონე“... კარაბინერები, რომლებიც დეზერტირებს დაეძებდნენ, უბედურმა ფორტუნატომ დააყენა კვალზე და სწორედ ბავშვმა გასცა გამოქცეულთა ადგილსამყოფელი, როცა კანონის დამცველებს თივის ზვინებზე მიანიშნა - დევნილები აქ იმალებიანო!...
ფორტუნატო კარაბინერთა მეთაურის საათმა მოხიბლა. ბავშვის გონება, სული და ხორცი მთლიანად დაიპყრო თეთრად მოკრიალე ნივთმა, რომელიც გამუდმებით წიკწიკებდა და წიკწიკებდა... ის საათი დღემდე წიკწიკებს და არ გაჩერებულა!
მატეომ მოკლა ფორტუნატო და შვილთან ერთად დამარხა მოღალატის სამარცხვინო სახელი, რომელიც საბედისწერო შემთხვევამ მის გვარს წუთიერად მიაწება. ასევე მოიქცნენ ხევისბერი გოჩა და ტარას ბულბა.
მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელ მოწოდებას - „ყველანი ციხეში!“ - პროფესიონალ ჯაშუშებთან და დამბეზღებლებთან ერთად მარადიული ფორტუნატოც კვებავს.
როცა ქვეყნის პრეზიდენტი ყველას დაპატიმრებას ითხოვს, ცხადია, ექვსი წლის გიორგი გველესიანი ადვილად შეიძლება იქცეს ლეგენდარული პროსპერ მერიმეს ტრაგიკული ლიტერატურული გმირის დღევანდელ პროტოტიპად. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ კარაბინერთა მეთაურის საათი დღემდე ავად ირწევა პრეზიდენტისა და სხვა ჩინოსნების ხელში, როგორც სიმბოლო და ჯილდო მლიქვნელობის, „ჩაშვებისა“ და არაკაცობისა!
როცა 6 წლის ბავშვი პოლიციაში მიჰყავთ, იმ ქვეყანაში სამართალი მიწაშია ამოდებული, ხოლო სასამართლო ხელისუფლება გადამწვარი და გადაბუგული!
კაცმა რომ თქვას, ვისთვის ან რისთვის ვყბედობ! პარლამენტში გაიგებენ ჩემს ნათქვამს თუ კანცელარიაში?
თუ პრეზიდენტი ისურვებს, ადვილად მიხვდება, რაც მაწუხებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს - ყბადაღებული სასამართლო რეფორმის მამას, განა სიამოვნებს იმის ჩიჩინი, რომ მის ქვეყანაში 6 წლის ბავშვებს იჭერენ?
არ უნდა ამის გაგონება, არ უნდა შესმენა და სწორედ ამიტომ მიაქვს უბედური საქართველო ხრწნილებას!