ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციებიც.
„ვსაუბრობ ამ ადამიანებთან, ვსაუბრობ ნიკა მელიასთან, სხვებთანაც. ჩემთვის საინტერესოა ფართო გაერთიანება. ინტერესი იმისა, რომ რაღაც ჯგუფი შეიქმნას, რომელიც პარლამენტში მოხვდება, არსებობს, მაგრამ ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ უფრო მეტზე ამბიცია მაქვს, ეს საინტერესო არაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმგვარი ჯგუფების შექმნა, რომელიც ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს“, - აღნიშნა გვარამიამ „ქრონიკასთან“ საუბარში.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ისეთი კონფიგურაცია, რომელშიც მასთან ერთად ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძეც იქნებიან, გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის ეს ძალიან სასურველი იქნებოდა.
„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ერთმანეთთან პრობლემები აქვს, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ზოგადად მე მგონია, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, ერთმანეთს წარსულზე ველაპარაკოთ“, - აღნიშნა გვარამიამ.