ჩინეთი არის მეორე წამყვანი ეკონომიკა. ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ის მხარს უჭერს ერთიანი საქართველოს პრინციპს. ქართული პარტიები ამასთან დაკავშირებით რა პოზიციას გამოხატავენ? როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ ჰქონდეს პარტიის წარმომადგენლებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ის [თინა ხიდაშელი] გამოდის პოლიტიკური მესიჯებით, აკრიტიკებს ხელისუფლებას და საუბრობს პოლიტიკურ თემებზე. ან მას, ან მის მეუღლეს, ან მის თანამოაზრეებს, ხომ უნდა ჰქონდეთ ბოლო-ბოლო კითხვაზე პასუხი - ტაივანიდან დაფინანსება პრობლემა არ არის? ერთიანი ჩინეთის პრინციპს აღიარებენ? რუსული კანონი, რომ დაარქვეს ამერიკულ კანონს, იმიტომ დაარქვეს, რომ არ გამომჟღავნებულიყო რამდენს იღებენ, რაში იხარჯება ეს თანხა, რა პროექტები ფინანსდება, აწყობს თუ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ასეთი პროექტების დაფინანსება. ამიტომ გაარუსულეს ამერიკული კანონი. ეს ერთი მაგალითია და ინდიკატორი იმისა, რატომ იყოს საუკუნის აფიორა ამერიკული კანონის გარუსულება. სწორედ ამიტომ, რომ ფინანსდებიან ტაივანიდან, ისეთი წყაროებიდან და ისეთი მიზნებისთვის, რაც ქართულ ეროვნულ ინტერესებში არ ჯდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.